Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხუცების სოფელი


შეთე ღაღოლიშვილი, ანიკო თურქიაშვილი. გრძელჭალელი მოხუცები
შეთე ღაღოლიშვილი, ანიკო თურქიაშვილი. გრძელჭალელი მოხუცები
თბილისიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 130 კილომეტრის გავლის შემდეგ, კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფელ გრძელჭალისკენ მიდის გზა, რომელსაც კარგად დაკირვების შემდეგ შეატყობთ, რომ ოდესღაც აქ ასფალტის საფარიც ყოფილა. სწორედ ამ გზის გამო და ამ გზის გავლით დაიცალა სოფელი, სადაც ახლა 14 ოჯახიღაა შემორჩენილი - ოჯახიც პირობითად ითქმის, რადგან აქ თითო-ოროლა მოხუციღა ცხოვრობს.
გზა არ იყო, შუქი არ იყო, შვილო. სკოლასაც ხან დავიბრუნებდით, ხან წაგვართმევდნენ. სარწყავი აქ არ არის, არაფერი არ არის. გაუტყდა გული ხალხს...

მანქანა წყლით ამოვსებულ ორმოებზე მიდის. წვიმს, ცოტა ნისლიც დგას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ერთ სახლთან იმ მიზეზით გავჩერდით, რომ ეზოში მოსიარულე რამდენიმე ქათამი შევნიშნეთ - ჩანს, აქ ადამიანებიც უნდა იყვნენ. მორღვეული ღობე, ერთსართულიანი პატარა სახლი, უმოაჯირო ვერანდაზე შეშის ღუმელი დგას, მაგრამ არ ანთია. ეზოში უწესრიგოდაა მიყრილი ნივთები, ზოგან - ცოტა შეშაც. ჭიშკართან გაჩერებული მანქანის დანახვაზე სახლის ერთ დროს თეთრად შეღებილი კარიდან შუახნის მამაკაცი გამოდის და შინ გვეპატიჟება. ლითონის გადაწოლილ ღობეზე მავთულით მიმაგრებულ ხის სისველისა და სიძველისგან გასლიპინებულ ჭიშკარს ძლივს ვიმორჩილებთ, ვაღებთ და შევდივართ.

ოჯახის უხუცესი ნიკო ხუცურაული, ნიკო პაპა, 90 წლის კაცი, 45 წლის შვლითან, ელიზბარ ხუცურაულთან ერთად ცხოვრობს. ნიკო პაპა იხსენებს:

”აქ იყო ერთი 40 კომლი. ახლა სადღაც 14 კომლია. გავიდა ხალხი - ზოგი სხვა სოფლებში, ზოგი ქალაქში გასახლდა. ეს არის ჩვენი ცხოვრება აქ და ბოლოს ალბათ ისე დადგება საკითხი, რომ აქაურობა ალბათ ფშავლების ნასოფლარი იქნება.”

რატომ დაიცალა სოფელი? - ვეკითხებით ნიკო პაპას:
ნიკო ხუცურაული
ნიკო ხუცურაული

”უგზოობის გამო. გზა არ იყო, შუქი არ იყო, შვილო. სკოლასაც ხან დავიბრუნებდით, ხან წაგვართმევდნენ. სარწყავი აქ არ არის, არაფერი არ არის. გაუტყდა გული ხალხს.”

სოფელ გრძელჭალაში, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ, გზა რამდენიმე წლის წინ მოხრეშეს, შუქის მიწოდებაც სულ 3-4 წლის წინ აღუდგათ. არ არის არც მაღაზია, არც ექიმი. ერთი ექთანი ჰყავთ და ყველა მის იმედზეა. მოსავალიც წესიერად არ მოდის. სარწყავის უქონლობის გამო მხოლოდ ამინდის იმედად მყოფი სოფლელები ხშირად მოსავლის გარეშე რჩებოდნენ. გრძელჭალელები ამბობენ, ერთადერთი, საქონელი შეიძლება იყოლიოს კაცმა, თუ ამის საშუალება ექნებაო. იმ ყოფის გამო, რაც გრძელჭალელებს აქვთ, ელიზბარ ხუცურაული ყველას საყვედურობს:

”მე კიდე მეუბნებიან, რათა ლოთობო. მაშ, რა გავაკეთო, არაფერი მაქვს საქმე და?”

სასმელის ფულს, როგორც თვითონ ამბობს, ტყეში მოკრეფილი წაბლის გაყიდვით შოულობს. წელს მასთან ადგილზე მისული გადამყიდველები წაბლს 1 ლარად და 70 თეთრად იბარებდნენ. ტყიდანვე მოაქვს ელიზბარს ზამთრისთვის გასათბობად საჭირო შეშაც, უფრო სწორად, ფიჩხი, ჩამოცვენილი ტოტები, რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში იმარაგებს.
სიკვდილის მეტი ჩვენ არაფერი საშველი არ დაგვადგება. სოფელს არაფერი მომავალი არ აქვს, აქ არავინ აღარ მოვა...

ერთადერთი შემოსავალი სოფლის ხანდაზმულებისთვის პენსიაა. ტრაქტორი სოფელში არ არის, მიწის ხელით დამუშავების ჯანი აღარავის აქვსო, ამბობენ მოხუცები. ვისაც ცოტა კიდევ შეუძლია, ქათმები ჰყავს, მაგრამ, ამბობენ, ქათამსაც ჭამა უნდაო და პენსიიდან ქათმის საჭმლისთვის ფული ენანებათ. აღებული პენსიით ნიკო პაპა საკვებს და საჭირო პროდუქტს მოსაზღვრე სოფლებიდან იმარაგებს, იქ კი მეზობლისგან ნათხოვარი ცხენით ჩადის. მანქანა სოფელში არ ჰყავთ - ნათესავი თუ ჩავა ვინმე, მანქანიანი.

”მოვაყვანინებ ცხენს, შევაბმევინებ, - თვითონ არ შემიძლია შებმა: ჯოხს ვერ ვუშვებ ხელიდან, მერე ფეხზე ვერ დავდგები, - დავჯდები საზიდარზე, ჩავალ ან ენისელში, ან გრემში, ვიყიდი ფქვილს, მაკარონს, საპონს, შაქარს, ბრინჯს და წამოვიღებ.”

სოფლის ექთანი, 70 წლის იამზე საფარაშვილი, გრძელჭალის მომავალს უიმედოდ უყურებს:
იამზე საფარაშვილი
იამზე საფარაშვილი

”მორჩა... დამთავრდება პენსიონერების სოფელი და დარჩება ნასოფლარი.”

აბა, სხვა რა მომავალი უნდა ჰქონდეს სოფელსო, ამბობს იამზე საფარაშვილი, სადაც ”2001 წლის შემდეგ ბავშვი არ დაბადებულაო”.

გრძელჭალელი მოხუცები არც დახმარებას სთხოვენ ვინმეს, არც დაბრუნებას და არც არავის საყვედურობენ. 79 წლის შეთე ღაღოლიშვილი გვეუბნება:

”სიკვდილის მეტი ჩვენ არაფერი საშველი არ დაგვადგება. სოფელს არაფერი მომავალი არ აქვს, აქ არავინ აღარ მოვა.”

დაცარიელებული, მოხუცების ამარა დარჩენილი სოფელი სავალალო სანახავია, ჭერჩამოქცეულ ნასახლარებს ეკალ-ბარდი ეპატრონება, სოფელში დარჩენილები ახლა მხოლოდ კიდევ ერთი ცივი ზამთრის გადაგორებაზე ფიქრობენ. ელიზბარ ხუცურაული ზამთრის მოკლე, მაგრამ მაინც გაწელილი დღეების გატანას სასმელსა და ლექსებთან ერთად აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG