Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 3 ნოემბერი, 2011


“ივანიშვილისთვის დასმული კითხვის გამო ჟურნალისტს სამსახურიდან ხსნიანო”, - წერს ”რეზონანსი”. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტს სამსახურიდან ათავისუფლებენ. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველთვიურ ჟურნალ "მაუწყებლის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ტაბლიაშვილზე. ”მიიჩნიეს, რომ ამით მან აღიარა, ტელევიზიების ჟურნალისტთა მიერ დასმული კითხვები რომ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებულიო”, - წერს გაზეთი. თუმცა ამ ინფორმაციას ”რეზონანსთან“ საუბარში არც თავად ირაკლი ტაბლიაშვილი ადასტურებს და არც ტელევიზიის ხელმძღვანელობა.

თავად პრესკონფერენციის დეტალებზე დაწვრილებით გუშინდელი ქართული პრესა წერდა, მაგრამ, თუ გუშინ გამოგრჩათ, დღევანდელ ”საქართველოს რესპუბლიკაში” ნახავთ მოზრდილ პუბლიკაციას მისი დეტალების შესახებ, ასევე ჟურნალი „ლიბერალი“ აქვეყნებს დაწვრილებით რეპორტაჟს პრესკონფერენციიდან. ისე კი ”ლიბერალის” მთავარი თემა დღეს განათლების სფეროში არსებული პრობლემებია და ამასთნ დაკავშირებულ არაერთ სტატიას წაიკითხავთ იქ.

თავად ამ პრესკონფერენციის გამოხმაურებებზე ქართულ გაზეთებში დღესაც ბევრი წერია - დავით უსუფაშვილი ესაუბრა ”ახალ თაობას” და უთხრა, დავინახე ივანიშვილი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, საკმაოდ გაწონასწორებული, საკუთარი პრინციპების მქონე და, მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ისეთი წარმოდგენის არმქონე, რომელმაც ყველა კითხვაზე პასუხი იცის და ყველაფერი დალაგებული აქვს, ვინ, სად, როგორ. მისგან გამოსჭვივის დიდი ენერგია, დიდი მიზანდასახულობაო.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქორწილის შესახებ. იქ სააკაშვილიც იმყოფებოდაო, წერს გაზეთი. ასევე რუსეთიდან 60-მდე ადამიანი ჩამოსულა, მათ შორის რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, მომღერალი ვლადიმირ პრესნიაკოვი და თავად ნიკიტა მიხალკოვი, რომელმაც მანამდე განაცხადა, 2008 წელს რუსეთს თბილისი უნდა აეღოო. გაზეთი სხვადასხვა ადამიანებს ეკითხება აზრს, უნდა მისულიყო თუ არა სააკაშვილი ქორწილშიო და სხვადასხვა პასუხებსაც იღებს. მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა ასე თქვა: მიხალკოვის ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა აგინო და პასუხი მოსთხოვო; ეს საქართველო-რუსეთის მეგობრობისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იყოო. თემურ ნანეიშვილმა კი ”რეზონანსს” უთხრა: სასაცილოა, როდესაც სხვას აძახებ - რუსეთში გაქვს ფესვები, რუსეთთან ხარ შეკრულიო და შენ ასე იქცევი. წესით კაცთან, რომელმაც თქვა, რუსეთს თბილისიც უნდა აეღოო, არ უნდა მიხვიდეო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG