Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 ნოემბერი, 2011


პრესა დღეს ბიძინა ივანიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წერს. ”რეზონანსი”: ”აღსანიშნავია, რომ დაპირებულ მოქმედების გეგმაზე შეხვედრის შემდეგ უკვე აღარაფერი თქმულა არც ივანიშვილის და არც შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან. თუმცა არასამთავრობოები ამბობენ, რომ ამ შეხვედრაზე დაისვა ის საკითხებიც, რაც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს უშლის ხელს და ისიც, რაც მათ მუშაობას აფერხებს. ეს უკანასკნელი კი, პირველ რიგში, ფინანსების არქონაა და, როგორც ჩანს, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა დაფინანსების იმედით ივანიშვილს თანამშრომლობაც კი შესთავაზა.”

”რეზონანსის” დღევანდელ ნომერში ბორჯომის ხეობის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვასილ ივანიძის ღია წერილი ქვეყნდება. ის პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს: ”თქვენ ხომ ვერ ხედავდით ღირსეულ ოპოზიციას, - აგერ, ღირსეული პიროვნებაც. თქვენ ისეთი შანსი მოგეცათ, ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეთ. გაიმარჯვებთ მის წინააღმდეგ, უდიდეს რეიტინგს მიიღებთ და სახელისუფლებო სკამს - სამუდამოდ. მაშ, გამოიყენეთ ეს შანსი.”

”რატომ არ ახსენებს სააკაშვილი ივანიშვილის სახელს” - ასეთი სათაურით ”ახალ თაობაში” ქვეყნდება სტატია. ავტორი პრეზიდენტზე წერს: ”მისი ხასიათის გაფუჭების მიზეზი ყველამ იცის, თუმცა სააკაშვილი ამას საჯაროდ არ აღიარებს. ძალიან უცნაურია, რომ ჩვენი აქტიური პრეზიდენტი, რომელიც ყველასა და ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს ხოლმე, ახლა ჩუმადაა, აწ უკვე საკუთარი პოლიტიკური ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის სახელი დღემდე არ წარმოუთქვამს. ეს საჯაროდ, თორემ საკუთარი გუნდის წევრებთან ამ სახელს აშკარად ყველა ბრუნვაში ატრიალებს. ისიც აშკარაა, რომ ნაციონალების დიდი თავყრილობა, რომელიც გუშინ შედგა, ივანიშვილს მიეძღვნა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა და თვით სააკაშვილი ივანიშვილს საჯაროდ ისევ იგნორირებას უკეთებს.”

”ცუგცვანგი” - ასე ასათაურებს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი თავის მოსაზრებას და განმარტავს: ”საჭადრაკო დაფაზე ფიგურების განლაგება, რომლის დროსაც აუცილებელია ისეთი მორიგი სვლის გაკეთება, რომელსაც მოსდევს მდგომარეობის გაუარესება და პარტიის წაგება... ასე განმარტავს ამ გერმანულ სიტყვას ლექსიკონი და მიშნაცების ხელისუფლება სწორედაც რომ პოლიტიკურ ცუგცვანგშია - რაც რამ გააკეთეს ერთმანეთის მიყოლებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერი უკან დაუბრუნდათ ბუმერანგივით!”

”ალია” დაინტერესდა, ”რას პასუხობენ ბიძინა ივანიშვილს მის მიერ ფსევდოოპოზიციად მონათლული პარტიები”. ”ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის კომენტარი: ”გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ციციკორეობაზე, მორალურ ავტორიტეტობაზე, აქვთ პრეტენზია, რომ ისინი არიან თეთრისა და შავის გამრჩევები. როცა ადამიანი ლაპარაკობს ამ ტექსტს, ნიშნავს, რომ ის თავის თავს ადარებს მესიას და დარწმუნებულია, რომ ის მესიაა”. ”ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია: ”სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით მას ექნებოდა საზოგადოების გამაერთიანებელი და არა გამყოფი ფუნქცია. ჩემი სურვილია, რომ მას ეს ნაბიჯი არ გადაედგა”. ”ალიაში” ქვეყნდება ინტერვიუ ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან: ”ეს კაცი ცოტა ”ლეტნად” ხომ არ არის? ძალიან მეპარება ეჭვი, რა! ამას საერთოდ რა უფლება აქვს, ვინმეს ფსევდოოპოზიციონერობაზე ილაპარაკოს?”

”24 საათი” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხს უბრუნდება. გაზეთის ცნობით, ”კომისია, რომელმაც საარჩევნო სიები უნდა გადაამოწმოს, კვირის ბოლოდან დაიწყებს ფუნქციონირებას”. გაზეთის ცნობით, კომისიის წევრობაზე უარი თქვეს ”სამართლიანმა არჩევნებმა”, ”ახალგაზრდა იურისტებმა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ”. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილს ”24 საათის” კორესპონდენტისთვის უთქვამს: ”როგორც გაირკვა, კომისია ამომრჩეველთა სიის დადგენაზე სრული პასუხისმგებლობის აღებას აპირებს. ჩვენს ორგანიზაციას ამ კუთხით მუშაობის სურვილი არა აქვს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG