Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა ნაფიც მსაჯულებს თბილისში 17 წლის წინ მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე დღეს ვერდიქტი არ გამოუტანიათ. დაცვის მხარის მოთხოვნით, სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. როგორ აფასებს საზოგადოება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას?

9 ნოემბერი. დილის 10 საათი. თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნაფიცი მსაჯულები სასამართლოს წინაშე ფიცს დებენ:

„ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს“.

სასამართლოს დიდი დარბაზი სავსეა.
პრეცედენტული საქმე ისტორიული მოვლენაა და ჩემთვის ძალიან საინტერესო. სწორედ ამიტომ ვარ აქ...

კობა გრიალაშვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდანვე მივიდა. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული პირველი სხდომა მისი პროფესიული ინტერესია. ამბობს, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას პოზიტიურთან ერთად ნეგატიური მხარეებიც აქვს. მისი თქმით, საკმაოდ რთულია, როდესაც საბოლოო ვერდიქტის გამოტანა არაპროფესიონალებს უწევთ:

”მე, როგორც სამართლის სკოლის სტუდენტი, უკვე ოთხი წელია აღნიშნულ საკითხს ვსწავლობ. პრეცედენტული საქმე ისტორიული მოვლენაა და ჩემთვის ძალიან საინტერესო. სწორედ ამიტომ ვარ აქ.”

შვიდი ქალი და ხუთი კაცი - ასე გადანაწილდნენ პირველ სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები. ისინი 1994 წელს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის - ”მინასიანების ოჯახის” - საქმეს განიხილავენ. განსასჯელის სკამზე ერთი ბრალდებული, რევაზ დემეტრაშვილი, ზის. ბრალდების მხარე ნაფიც მსაჯულთა დარწმუნებას ილუსტრაციებით ცდილობს. სასამართლო დარბაზში სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე მინასიანების ოჯახის ფოტოები ერთმანეთს ცვლის. დაცვის მხარე პროკურორის სიტყვას თეატრალიზებულს უწოდებს. მას შემდეგ, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს, სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ კი, დაცვის მხარის შეუძლოდ გახდომის მიზეზით, მოსამართლე ნინო სანდოძემ სასამართლო სხდომა ერთი დღით - 10 ნოემბრის დილის ათ საათამდე - გადადო.
ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი და დანარჩენს პრაქტიკა გვიჩვენებს...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გასული წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. ის პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმოქმედებს და განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს.

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის თქმით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზანი სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაა:

”ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი და დანარჩენს პრაქტიკა გვიჩვენებს. ეს არის ძალიან დიდი ტესტი არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს საზოგადოებისთვის. ქართულ საზოგადოებას არ ექნება იმის პრობლემა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეებზე ობიექტური განაჩენი გამოიტანოს”, - მიაჩნია დავით საყვარელიძეს.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია მეცნიერი იურისტი მინდია უგრეხელიძე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ ამ ინსტიტუტს დღესდღეობით სწორედ ის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, რომლებმაც თავის დროზე ის შექმნეს. ამის მიზეზი, მისი თქმით, არაერთი სკანდალური საქმე გახდა:
მინდია უგრეხელიძე
მინდია უგრეხელიძე

”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ინგლისმა და ამერიკამაც დაიწყო უარის თქმა და განსაკუთრებით სკანდალური გახდა ეს ინსტიტუტი O.J. Simpson-ის საქმის შემდეგ, როდესაც შეერთებულ შტატებში, შეიძლება ითქვას, ამ ინსტიტუტმა თავი მოიჭრა და ცოლის აშკარა მკვლელი უდანაშაულოდ გამოაცხადა. თავად სიმფსონი ამის შესახებ ხუმრობდა კიდეც და ადვოკატს უთხრა, მგონი, მართლა არ მომიკლავს ცოლიო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - ეს არის ორი სასამართლო ერთ სახურავქვეშ. ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც არ არიან პროფესიონალები, წყვეტენ უმნიშვნელოვანეს საკითხს, მოხდა თუ არა ფაქტი. მაგრამ შემდგომ სასჯელის ვადები, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხები და სხვა, ეს უკვე პროფესიონალი მოსამართლეების საქმეა. ახლა მე ერთი ძალიან მარტივი კითხვა მექნება: ერთი სასამართლოსთვის ვერ მოგვივლია და ორს როგორ მოვუვლით?”

როგორ აფასებთ საქართველოში ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტის შემოღებას? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს მიმართა:

- მე არ დავდგებოდი ნაფიც მსაჯულად. მე არა მაქვს უფლება, რომ ვინმე განვიკითხო და ვინმეს განაჩენი გამოვუტანო. მიმაჩნია, რომ არ უნდა არსებობდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

- რიგითი მოქალაქე უფრო ობიექტურად მიუდგება საქმეს...

- რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება. ამხელა საქმეს იღებ საკუთარ თავზე, თან, როცა პროფესიონალი არა ხარ, ძალიან რთულია.

- ძალიან ძნელია. სიმართლე უნდა გამოიტანო სამსჯავროზე და არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ეს მსჯავრდებულზე.

- მართლმადიდებლისათვის ძნელია გადაწყვეტილების მიღება...


აქვე გეტყვით, რომ ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს თბილისში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც იცის ქართული და არ არის უნარშეზღუდული. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; ასევე მოქალაქე, რომელიც ირიცხება შეიარაღებულ ძალებში; სასულიერო პირი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან სამოქალაქო რეესტრის ერთიანი სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
XS
SM
MD
LG