Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 ნოემბერი, 2011


”ნაციონალები უკვე საარჩევნო სიებს ადგენენ” - ასეთი სათაურით ”ახალ თაობაში” ქვეყნდება სტატია. ავტორი პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის 83-მდე გაზრდის ინიციატივის ფონზე წერს: ”თუ პოლიტიკური ბალანსი და განლაგება პოლიტიკურ დაფაზე მომდევნო არჩევნების წინ რადიკალურად არ შეიცვალა, ნაცმოძრაობას ახალ პარლამენტში 83 კაცი მაჟორიტარების სახით უკვე გარანტირებული ჰყავს. ისე როგორ მოკვდებიან ნაცები, რომ ოცი კაცი პარტიის სიითაც არ გაიყვანონ და საკონსტიტუციო თუ არა, უბრალო უმრავლესობა მაინც ხელთ არ იგდონ.”

”რეზონანსი” ვრცელ სტატიას უძღვნის პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას ინიციატივას ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრება ”რეზონანსს” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ის ამბობს: ”არ ვიცი, რამდენად არის აშკარა უმრავლესობისთვის, რომ ივანიშვილი სერიოზული ოპონენტია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირად უმრავლესობა თავის უფროსობასთან ქულების დაწერაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე მათი პოლიტიკური გაერთიანებისთვის საჭირო რაიმე რეალურ შედეგზე.”

”რეზონანსი” აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასის შესახებ. ავტორი სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნისა და რუსეთის იმავე ტიპის მონაცემებს საქართველოსას ადარებს და წერს, რომ, საშუალო ხელფასის მიხედვით, საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ყუდარღებამისაქცევია ერთი ფაქტი - ხელფასს საქართველოში დასაქმებულთა დაახლოებით 15-17% იღებს, რაც, მისი აზრით, ძალიან ცოტაა, ”რადგან დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულთა წილი ძალიან დაბალია”.

”პარლამენტი დაძაბული კვირის მოლოდინში” – ”24 საათი” 14 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე წამოჭრილ საკითხებზე წერს. გაზეთიდან შეიტყობთ, რომ მთავრობის 10 პუნქტიან გეგმაზე მომავალ კვირაში პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივით გამოვიდა საპარლამენტო უმცირესობა. ბიუროს სხდომაზე მთავრობის მოთხოვნით ინიცირებული იყო ახალი კანონპროექტი, რომელიც 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმების წახალისებას ეხება.

”ალია” 14 ნოემბერს ”საქართველოს რკინიგზის” მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება და აქვეყნებს ინტერვიუს რკინიგზის ყოფილ თანამშრომელ, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” რეგიონალურ მდივან გია ყრუაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ დაკავებული პირები რკინიგზის შეფის, ირაკლი ეზუგბაიას ”გუნდის წევრები არიან”. ”ეზუგბაია არის მანდ ყველაფრის ხელმძღვანელი და რეჟისორი, კუდ-მა ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ხელისუფლებაშიც იცის ყველამ, რა ხდება ”საქართველოს რკინიგზაში”.

”ალიას” გოგა ხაინდრავა ეუბნება: ”ერთი მითხარით, ან მე, ან ლევან გაჩეჩილაძეს რა გვაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან სალაპარაკო? დიდი სიამოვნებით შევხვდები ამ კაცს და ხელს ჩამოვართმევ, მაგრამ სალაპარაკო რა გვაქვს?”. ამავე ინტერვიუში ხაინდრავა აზუსტებს: ”მე ჩემს ადგილს იქ ვერ ვხედავ, ისინი საარჩევნო გზით მიდიან, მე კი დღესაც მჯერა, რომ სააკაშვილი არჩევნებით არ წავა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ჭირის დამარცხება, რომლის უკანაც ძალიან ბნელი და ბოროტი ძალები დგანან მსოფლიოს მასშტაბით, შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ერთიანობით.”

ბიძინა ივანიშვილზე ბევრს წერს დღეს ”საქართველოს რესპუბლიკა”. ივანიშვილის შესახებ პატრიარქის ნათქვამს ეხმაურება გაზეთის ერთ-ერთი ავტორი სტატიაში, სათაურით ”და ჰა, იქუხა მრისხანებით სამების ზარმა!”. ამავე თემას კიდევ ერთი სტატია ეძღვნება - ”ამორალურმა და უზნეო ხელისუფლებამ პატრიარქის შეგონება უნდა შეისმინოს!”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG