Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული“ არჩევნები დნესტრისპირეთში


როგორც ცოტა ხნის წინ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს (ეს ცხადყო პირველმა რაუნდმა), დნესტრისპირეთის არჩევნებსაც მოსკოვის პოლიტიკური ნება განსაზღვრავს, თუმცა ამჯერად აქ კრემლი ცდილობს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს გაძლიერებული სეპარატისტული ელიტები.

რუსეთის სახელმწიფო დუმის 4 დეკემბრის არჩევნები არ არის მხოლოდ ერთადერთი არჩევნები, რომელიც ამ დღეებში კრემლის საზრუნავს წარმოადგენს. გასულ კვირაში კრემლმა აქტიური ინტერესი გამოავლინა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც პირველი ტურის შედეგებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მოსკოვის კანდიდატები - საგანგებო სიტუაციების ყოფილი მინისტრი ანატოლი ბიბილოვი და განათლების ყოფილი მინისტრი ალა ჯიოევა - ერთმანეთს 27 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. ედუარდ კოკოითის 10 წლიანი საპრეზიდენტო ერა ცხინვალში უმტკივნეულოდ დასრულდა. მოსკოვს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური მანევრებისათვის ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. იქ მარტივად მიმდინარეობს რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერის უფრო ახალგაზრდა მემკვიდრით ჩანაცვლება. სამხრეთ ოსეთის მსგავსად, მოსკოვს სურს, რომ დნესტრისპირეთის მმართველობას ჩამოაშოროს 70 წლის იგორ სმირნოვი, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს 1990 წლიდან ერთპიროვნულად მართავს. განსხვავებით სამხრეთ ოსეთისაგან, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს ცალმხრივად აღიარა საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონად, აფხაზეთთან ერთად, მოსკოვი მთავარი შუამავალია დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისა და სეპარატისტულ რეგიონს მოლდავეთის ნაწილად მიიჩნევს. როგორც ტირასპოლში მოღვაწე პოლიტიკის ანალიტიკოსი გრიგორი ვოლოვოი აღნიშნავს, მოახლოებულ არჩევნებს დნესტრისპირეთში მოსკოვი თავის საშუამავლო მისიას უკავშირებს:
ხელისუფლების შეცვლა არის ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ კონფლიქტის მოგვარება შეგვიძლია სრულიად ცივილიზებულად ...

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტორი, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთს სურს ჰყავდეს უფრო მობილური, უფრო ლოიალური პოლიტიკოსი დნესტრისპირეთის პრობლემის მოსაგვარებლად. მას[რუსეთს] სჭირდება ისეთი დნესტრისპირეთი, რომელიც ყოველგვარ მოლაპარაკების პროცესს განიხილავს, როგორც შემადგენელ ნაწილს იმ საკითხებისა, რომელთა მოგვარებასაც რუსეთი დნესტრისპირეთისა და მოლდოვეთისაგან ითხოვს.“

გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით ევროკავშირ-რუსეთის ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე. მემორანდუმში დნესტრისპირეთის პრობლემა მოხსენებულია, როგორც სპეციფიკური კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა და უნდა მოგვარდეს მოკლე პერიოდში. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კომენტატორი ვადიმ დუბნოვი ფიქრობს, რუსეთის მიზანია დნესტრისპირეთში ლიდერის შეცვლით აჩვენოს პროგრესი კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით:

„ხელისუფლების შეცვლა არის ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ კონფლიქტის მოგვარება შეგვიძლია სრულიად ცივილიზებულად, სამხედრო ჩარევის გარეშე. არის ფორმულა 5+2. ამ მუდმივი რეგულირების ჩარჩოში, დიდი ანგარიშით, ეს ყველაფერი აინტერესებს მხოლოდ რუსეთს, რადგან რუსეთს სურს აჩვენოს საკუთარი გავლენის მაგალითი მსოფლიოში - მართალია, უმნიშვნელო გავლენისა, მაგრამ ეს ყველაფერი ევროკავშირის საზღვრებთან ხდება.“

დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების ფორმულა 5+2 ნიშნავს შუამავლების ერთობას: რუსეთი, უკრაინა, ეუთო, ასევე ევროკავშირი და აშშ, როგორც დამკვირვებლები, და პლუს კონფლიქტის მხარეები: მოლდავეთი და დნესტრისპირეთი. გასულ წელს კიშინიოვი და ტირასპოლი შეთანხმდნენ, რომ განაგრძობდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც 2006 წლის შემდეგ შეწყდა.

შესაბამისად, კრემლმაც გააძლიერა ზეწოლა დნესტრისპირეთის ვეტერან ლიდერ იგორ სმირნოვზე, რომელიც 20 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სეპარატისტულ რეგიონს, სადაც გამეფებულია კორუფცია, მზადდება ფალსიფიცირებული თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების პროდუქცია, რომელთა ნაწილი დიდი რაოდენობით ხვდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ბაზრებზე.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შეიძლებოდა გარკვეული მოლაპარაკება და ფორმულის მოძებნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ რუსეთს სჭირდება...

მიმდინარე წელს რუსეთის კონტროლის პალატამ შეისწავლა დნესტრისპირეთისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხის ხარჯვის კანონიერება. პროკურატურა შევიდა იმ ფირმაში, რომელსაც სმირნოვის შვილი ფლობს, ხოლო დნესტრისპირეთის პრეზიდენტის ქალიშვილს ახლახან აუკრძალეს კენჭი ეყარა რუსული პარტიის სიით რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში. გასულ თვეში კი რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა საჯაროდ მოუწოდა იგორ სმირნოვს უარი თქვას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მხარი დაუჭიროს დნესტრისპირეთის პარლამენტის სპიკერს ანატოლი კამინსკის. გაჭიანურებული კონფლიქტების პრობლემა ისაა, რომ სტატუს კვოთი ხეირობენ ლიდერები, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენო, - აღნიშნავს არკადი დუბლოვი:

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შეიძლებოდა გარკვეული მოლაპარაკება და ფორმულის მოძებნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ რუსეთს სჭირდება. კიშინიოვისათვის ეს არ არის პრობლემა, მით უფრო, რომ ეს არ არის პრობლემა დნესტრისპირეთისათვის. ერთადერთი პრობლემა არის სმირნოვში. თუკი მსგავსი კონფლიქტი როგორღაც გადაწყდება, ადრე თუ გვიან ასეთი წარმონაქმნის ლიდერები აღმოჩნდებიან ისეთსავე ვითარებაში, როგორშიც კოკოითი აღმოჩნდა.“

მიუხედავად მოსკოვის ზეწოლისა, დნესტრისპირეთის ლიდერი იგორ სმირნოვი ჯიუტად დგას თავის აზრზე და დაჟინებით იმეორებს ამომრჩევლების წინაშე, რომ მოსკოვი მას მხოლოდ იმის გამო უპირისპირდება, რომ სმირნოვს არ სურს კიდევ ერთხელ იხილოს დნესტრისპირეთი, როგორც მოლდავეთის შემადგენელი ნაწილი. ის კი არადა, ცოტა ხნის წინ სმირნოვმა წამოაყენა სეპარატისტული რეგიონის უკრაინასთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა, რაც მიმომხილველებმა პატრონის შეცვლის სურვილად მიიჩნიეს.

თუმცა დნესტრისპირეთის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მოსკოვის მცდელობას შეცვალოს ვეტერანი დნესტრისპირელი სეპარატისტი უფრო ახალგაზრდა და არაკორუმპირებული ლიდერით, ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს კიშინიოვი. მოლდავეთი, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არ ცნობს დნესტრისპირეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მაგრამ რაც კიშინიოვში ნამდვილად იციან, არის ის, რომ პოლიტიკური ელიტა აღარ ცხოვრობს 90-იანი წლების ფობიებით და მყარად არის დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი ინტერესების გასატარებლად სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ძალის გამოყენების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG