Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 ნოემბერი, 2011


”სიმართლის რეზოლუცია”- ამ სტატიით გაზეთი ”24 საათი” საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების ფაქტს ეხმიანება. გაზეთის შეფასებით, საქართველომ ამ რეზოლუციით ისეთი მხარდაჭერა მიიღო, როგორიც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი ძნელი წარმოსადგენი იყო. 18 ნოემბერს გამოსული ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში მოხვდა ასევე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომლის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ”ქართუ” ბანკში მიმდინარე პროცესები იქცა. გაზეთ ” ვერსიის“ თანახმად, სხდომა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის იმპერატიული გამოსვლით დაგვირგვინდა: ”ეროვნული ბანკის მიზანია „ქართუ ბანკი“ პოლიტიკური პროცესისგან გამიჯნოს. თუ ბანკ ”ქართუს” მესვეურები წესრიგს არ დაამყარებენ, ამ წესრიგს დაამყარებს ეროვნული ბანკი”, - აღნიშნა ევროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომიტეტის სხდომაზე. ამავე თემაზე გაზეთი ”რეზონანსი” შენიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ”ქართუ ბანკის” მესვეურები შემოწმების პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. ”რეზონანსის” თანახმად, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკს ”ქართუ ბანკში” დროებითი ადმინისტრაციის შეყვანა სურს და ამისთვის გამუდმებით აპელირებს იმაზე, რომ მას ხელს ”ქართუ ბანკი” უშლის.

გაზეთი ”რეზონანსი” დღესვე აქვეყნებს პუბლიკაციას სოხუმში განვითარებულ პოლიტიკურ სკანდალზე, რომელიც ეროვნებით ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირდება. გაზეთი იუწყება, რომ, რუსული მედიის ცნობით, რუსული პოლიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აფხაზმა ძალოვანებმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე თვის წინ 10-მა ქართველმა ქურდმა უპრობლემოდ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. აფხაზეთის მოქალაქე ქართველი ქურდების ვინაობას გაზეთი ვერ ასახელებს, თუმცა შენიშნავს, რომ მათ დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეობა სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ - წინასაარჩევნო პერიოდში - მიიღეს. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით ”რეზონანსს” უთხრა, რომ პრეზიდენტ ანქვაბს ”კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ ტოტალური გალაშქრება არ დაუწყია, თუმცა გალაშქრება დაიწყო იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც თავის დროზე კრიმინალურ ავტორიტეტებს აფხაზეთის პასპორტები დაურიგა.

დღეს გამომავალი ქართული გაზეთების კიდევ ერთი თემაა მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან. ”სააკაშვილს ვაიძულებთ, აღმიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა” - ამ სათაურით აშუქებს აღნიშნულ პრესკონფერენციას გაზეთი ”ახალი თაობა”. გაზეთის თანახმად, პირველ პრესკონფერენციას ივანიშვილის მხრიდან ლაიტმოტივად გასდევდა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სააკაშვილია. მან ამას ხაზი გუშინდელ შეხვედრაზეც არაერთხელ გაუსვა, თუმცა რამდენჯერმე უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ”მძიმეწონიანი ეკონომისტიც”. ”ახალი თაობა” წერს, რომ ადვილი გამოსაცნობია - ეს გახლავთ კახა ბენდუქიძე, რომელსაც ივანიშვილი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების ხელის შეშლაში ადანაშაულებს, როგორებიცაა გაჭირვებული მოსახლეობისთვის უფასო საავადმყოფოს გახსნა და მეღვინეების ხელშეწყობა.

გაზეთი ” საქართველოს რესპუბლიკა”, თავის მხრივ, იუწყება, რომ ვანო მერაბიშვილის უწყებაში მორიგი საკადრო კარუსელი მზადდება და ის მინისტრის მოადგილეებსა და თბილისის პოლიციის შეფს შეეხება. ამავე გაზეთის ცნობით, ხელისუფლებას ასევე გადაწყვეტილი აქვს სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და მის ადგილზე კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნა. ”საქართველოს რესპუბლიკის” თანახმად, მოსალოდნელ ცვლილებას ტექნიკური პრობლემები ახლავს და პროცესი ამის გამო ჭიანურდება.
XS
SM
MD
LG