Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს აღარ მიაწვდის შეიარაღებული ძალების მონაცემებს


ვიქტორია ნულანდი
ვიქტორია ნულანდი
აშშ აცხადებს, რომ აღარ დაუშვებს რუს სამხედრო ინსპექტორებს ევროპაში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე და მოსკოვს აღარც ინფორმაციებს მიაწვდის არაბირთვული სამხედრო შეიარაღების შესახებ. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი გადადგა მრავალწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მიეღწია რუსეთთან ცივი ომის შემდგომი ხელშეკრულების აღდგენისათვის, რომელიც პირველად სწორედ რუსეთმა დაარღვია საქართველოსა და მოლდავეთიდან სამხედრო ბაზების გაუყვანლობით. მიმომხილველების თქმით, ამერიკის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას რუსეთთან მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
აშშ-მა გადაწყვიტა შეაჩეროს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ არსებული ხელშეკრულების თანახმად რუსეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება...

რუსეთთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 22 ნოემბერს გამოაცხადა. ამის მიზეზი გახდა რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა, რაც, ვიქტორია ნულანდის თქმით, ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისათვის დიპლომატიურ თავისტკივილად იქცა.

„აშშ-მა გადაწყვიტა შეაჩეროს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ არსებული ხელშეკრულების თანახმად რუსეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამ ნაბიჯით ის უპასუხებს რუსეთს, რომელმაც 2007 წლის დეკემბრის შემდეგ შეაჩერა აღნიშნული შეთანხმების შესრულება, რითაც ჩიხში შევიდა ამ საკითხზე მოსკოვთან შემდგომი მოლაპარაკება.“

ვიქტორია ნულანდმა 22 ნოემბერს დასძინა, რომ „თუ ალიანსის ყველა წევრი არა, ვაშინგტონის ნატოელი მოკავშირეების უმრავლესობა მაინც იმავე ნაბიჯს გადადგამს.“

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც პირველად ხელი 1990 წელს მოეწერა პარიზში, ხელშეკრულების სუბიექტებს თანაბარ ლიმიტს უწესებდა ფართომასშტაბიან შეტევით შეიარაღებაზე. საუბარია საარტილერიო სისტემებზე, ტანკებზე, ჯავშანმანქანებზე, სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე. ხელშეკრულება, რომელიც უმნიშვნელოვანესად ითვლებოდა ევროპის უსაფრთხოებისათვის, ასევე განსაზღვრავდა პირადი შემადგენლობის ზღვრულ რაოდენობას, ხოლო ხელშეკრულების პირობების შესრულების შესამოწმებლად ინფორმაციის გაცვლის პარალელურად, ხდებოდა სამხედრო ბაზების ინსპექტირება.
2010 წელს იყო მცდელობა, გამონახულიყო საშუალება, რომელიც აღადგენდა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ძველ რეჟიმს ან შეიქმნებოდა ახალი პრინციპები, რაც რეალურად საქართველოს საკითხმა შეაფერხა...

თუმცა მას შემდეგ, რაც ნატოში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ახალი წევრები მიიღეს, რუსეთმა 90-იანი წლების ბოლოს მოითხოვა გადასინჯულიყო ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების პირობები. დოკუმენტის ადაპტირებულ ვარიანტს ხელი 1999 წელს სტამბულის ეუთოს სამიტზე მოეწერა. მაგრამ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც აუცილებელ პირობად თვლიდნენ რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას საქართველოსა და მოლდავეთიდან, უარი თქვეს მის რატიფიკაციაზე. მხარეებმა თავად შექმნეს დაბრკოლებები, რამაც მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ ჩიხში შეიყვანაო , - აცხადებს სტივენ პფაიფერი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში.

„2010 წელს იყო მცდელობა, გამონახულიყო საშუალება, რომელიც აღადგენდა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ძველ რეჟიმს ან შეიქმნებოდა ახალი პრინციპები, რაც რეალურად საქართველოს საკითხმა შეაფერხა. აშშ-ის მხრიდან შეიარაღებული ძალების შეზღუდვის ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომ მასპინძელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების განთავსებას, ანუ ნებართვას მასპინძელი ქვეყანა იძლევა. და პრობლემა, ცხადია, იყო ისიც, თუ როგორ მოეგვარებინათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემები.“

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ომის შემდეგ მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რასაც, თავის მხრივ, არ აღიარებს აშშ და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც გამოყოფილ რეგიონებს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევენ. ვაშინგტონის მიერ ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამის შემუშავებამ ასევე შეაფერხა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება და 2007 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ზღუდავს მისი ქვეყნის შესაძლებლობას წინ აღუდგეს მზარდ საფრთხეებს.
გადატვირთვა შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მეტად ვითანამშრომლოთ იქ, სადაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე მკაფიოდ და გულახდილად ვთქვათ ისიც, სად გვაქვს პრობლემები...

მიმომხილველთა შეფასებით, აშშ-ის საპასუხო ნაბიჯს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ვაშინგტონი გააგრძელებს შეიარაღების შესახებ არსებულ მონაცემთა ბაზის მიწოდებას ბელორუსიისათვის, რომელსაც შეუძლია აღნიშნული ინფორმაცია, თავისი შეხედულებისამებრ, რუსეთს ან გაუზიაროს, ან არა. გარდა ამისა, ვაშინგტონის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ ჩვეულებრივ შეტევით შეიარაღებაზე და არა ბირთვულ იარაღზე, რაც ცალკე შეთანხმებით რეგულირდება.

ვიქტორია ნულანდმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იქვე დასძინა, რომ რუსეთთან ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების გაუქმება არ უქმნის საფრთხეს რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკას.

„გადატვირთვა შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მეტად ვითანამშრომლოთ იქ, სადაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე მკაფიოდ და გულახდილად ვთქვათ ისიც, სად გვაქვს ჩვენ პრობლემები და განსხვავებული მიდგომები“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG