Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 დეკემბერი, 2011


დღეს გამოსული ქართული გაზეთების მთავარ თემად კვლავაც ტელეკომპანია ”მაესტროში” მიმდინარე მოვლენები რჩება. ”მაესტრო ლტოლვილობაში” - ამ სტატიით გამოეხმაურა გაზეთი ”რეზონანსი” ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტისა და ტელევიზიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების პარალელურად 1 დეკემბერს განვითარებულ ამბებს. გაზეთის თანახმად, კიწმარიშვილი-ღლონტის შეხვედრის მსვლელობისას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კვალიც გამოჩნდა. კერძოდ, გაზეთი იუწყება, რომ მოლაპარაკებების ერთი საათის შემდეგ თითქოს მხარეები შეთანხმებისკენ მიდიოდნენ, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წუთით გასული ეროსი კიწმარიშვილი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდა. „რეზონანსის“ თანახმად, ამ რამდენიმეწუთიანი ტაიმ-აუტის განმავლობაში ეროსი კიწმარიშვილმა ვიღაცასთან კონსულტაცია გაიარა და ეს ვიღაცა, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

რატომ არაა ”მაესტროს” სკანდალი ”იმედი 2” და რა დეტალებს იხსენებს პატარკაციშვილი-ივანიშვილის ურთიერთობებიდან გიორგი თარგამაძე, გაზეთ ”ვერსიის” ფურცლებიდან შეიტყობთ. ”მსგავსება უფრო ჟურნალისტების ემოციებს უკავშირდება, რომლებიც თავიანთი უფლებების დასაცავად და სამუშაოს შესასრულებლად იბრძვიან, - უთხრა „ვერსიას“ გიორგი თარგამაძემ. რაც შეეხება „იმედისა“ და „მაესტროს“ მოვლენების განსხვავებას, ”იმედში”, გიორგი თარგამაძის შეფასებით, ციხე შიგნიდან არ გამტყდარა და ხელისუფლება ტელევიზიაში პირდაპირ შეიჭრა. ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობების შესახებ კი გიორგი თარგამაძე შენიშნავს, რომ მეცხრე არხის დახურვა ხელისუფლების პოზიციების სასარგებლოდ მაშინ, როცა „იმედი“ ძლიერდებოდა და რეალურ ალტერნატივად ყალიბდებოდა, გარკვეულწილად იყო ბრძოლა გავლენისათვის ორ ბიზნესმენს შორის. ” დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს პატარკაციშვილი თავის მთავარ ოპონენტად მიაჩნდა და ბიძინამ არჩია მიმდინარე ბალანსში ხელისუფლების მხარეს კიდევ უფრო აქტიურად დამდგარიყო, ვიდრე მანამდე იდგა”, უთხრა გიორგი თარგამაძემ გაზეთ ”ვერსიას”.

”ცხინვალის უშიშროება ხალხისთვის სროლას არ აპირებს” - ამ პუბლიკაციით გაზეთი ”ახალი თაობა” თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებით გამოწვეულ ვნებათაღელვაზე წერს. სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას მხარდამჭერის, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელის ჯამბოლათ თადეევის საკითხსაც. კერძოდ, გაზეთის თანახმად, ოსური პორტალების ცნობით, ჯამბოლათ თადეევი რუსმა გენერლებმა დაიბარეს და ალა ჯიოევასგან ჩამოცილება მოსთხოვეს. მას სამშობლოს ღალატში დადანაშაულებით დაემუქრნენ. ჯამბოლათ თადეევმა ამის შემდეგ რუსეთი დატოვა. გაზეთი ”ახალი თაობა” წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ თადეევს საერთაშორისო სკანდალის გარეშე ვერ დააპატიმრებენ, რადგან ის უბადლო მწვრთნელია და გაწეული ღვაწლისათვის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალური პრიზითაა დაჯილდოებული.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” კი ეხება ”პრესა.ჯი ტივის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა და დეპუტატთა რიცხვის 150-ის ფარგლებში შენარჩუნებას უჭერს მხარს, ოღონდ მაჟორიტართა რაოდენობის 83 ადამიანით განსაზღვრას ემხრობა. ”საქართველოს რესპუბლიკის” შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ამის შესახებ ჯერ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა უმრავლესობის ინტერესებში ახლა ორი მიზეზით არ შედის. პირველი ისაა, რომ საზოგადოება პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია და მეორე - პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა. „საქართველოს რესპუბლიკა“ ფიქრობს, რომ ამ ცვლილებების შედეგად გაჩნდა შანსი იმისა, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიციამ დიდი უმრავლესობა მოიპოვოს, რის პრევენციასაც ხელისუფლება ამთავითვე აპირებს. ხელისუფლების ბერკეტად გაზეთი მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG