Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 დეკემბერი, 2011


სამშაბათის, 6 დეკემბრის, ქართული პრესის მიმოხილვა გაზეთ „რეზონანსით“ დავიწყოთ. ”არქიტექტორები სააკაშვილის ოცნების ქალაქის შესახებ” - ამ სათურით გაზეთი მკითხველს სთავაზობს არქიტექტორთა მოსაზრებებს ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქართული ქალაქის, ლაზიკის აშენებაზე,რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. არქიტექტორი თემურ გოშაძე „რეზონანსთან“ საუბრაში ამბობს: არ შეიძლება ერთმა თაობამ, გარკვეულმა ერთმა ჯგუფმა ქალაქი ააშენოს. ქალაქი მარტო სახლების და სასტუმროების ერთობლიობა არ არის. ქალაქი არის განსხვავებული უბნები, განსხავებული რაიონები, საინტერესო კუთხეები, რომელიც სანამ ვიღაც ერთი ადამიანის გუნებაში დაიბადება, იმ ტერიტორიაზე ადამიანთა ცხოვრების გარკვეული დრო სჭირდება”. თემურ გოშაძე ასევე ამბობს: ”ან ლაზიკას რომ აშენებ, იქ დამსახლებელი 500 ათასი ადამიანი საიდან მოგყავს ან სად ატევ ამ ტერიტორიაზე ამდენ ადამიანს... ვერანაირი ილფისა და პეტროვის გონებაც კი ვერ მოიფიქრებდა მსგავს რამეს, რაც ახლა ხდება, როცა ”12 სკამში“ საჭადრაკო ტურნირისათვის ოსტაპ ბენდერი ვასიუკის აშენებას ჰპირდება სოფლის მოსახლეობას, ამაზე დიდ აფერასთან გვაქვს ახლა საქმე” . „რეზონანსის“ ამავე სტატიაში არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ამბობს: ”ნებისმიერი აღმშენებლობა მომწონს, მაგრამ მშენებლობა თუ ყველა თავის პარამეტრში გააზრებული არ იქნება, შეიძლება არასასიკეთოდ მოგვიბრუნდეს.”

გაზეთი „ალია“ ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მკითხველს გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს სთავაზობს:
"ხელისუფლების მიერ ჩადებული ნაღმი ამუშავდა კიწმარიშვილის სახით. ყველა ეტაპზე და ყველა პროცესში კიწმარიშვილმა ნაღმის როლი ითამაშა. ხელისუფლებას კარგი სვლა აღარ დარჩა იმ ტექტონური ძვრის შემდეგ, რაც მოხდა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. ამიტომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ცუდად უბრუნდება ხელისუფლებას. ასევეა "მაესტროს" შემთხვევაში ... არ ვიცი, მართალი გითხრათ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა კიწმარიშვილს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. კიწმარიშვილი იტყუება, მას არანაირი ოთხმილიონ-ნახევარი არა აქვს ჩადებული "მაესტროში" - ამას მაკა ასათიანის განცხადებაც ადასტურებს. ან საიდან უნდა მოეტანა ეგ ფული, რომელი ბიზნესმენი როსი მყავს. ეგ კაცი ყველაფერს იტყუება, სიმართლეს არასდროს ამბობს - ეგ და სააკაშვილი ერთი ცომიდან მოზელილები არიან", ეუბნება გოგა ხაინდრავა „ალიას“ ინტერვიუში, სათაურით ” მე ახლა ამას პირდაპირ ვიტყვი და არ მომერიდება”.

გაზეთი „24 საათი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში 2012 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზეა საუბარი. ერთ-ერთი სიახლე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების დროს შეეხება:

”2012 წლის 1 1 იანვრიდან გაუქმდება მეორადი ჩარიცხვის მექანიზმი, თუმცა შვიდის ნაცვლად აბიტურიენტებს ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ექნებათ. ამ სიახლის დანერგვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა აბიტურიენტთა სამართლიანი შენიშვნები, 2012 წელი აბიტურიენტებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება”, ეუბნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაზეთ „24 საათს“ ინტერვიუში, სათაურით ”დიმიტრი შაშკინი: აბიტურიენტებს მომავალი წლისთვის სასიამოვნო სიახლეები მოვუმზადეთ”.

გაზეთი „ახალი თაობა“ წერს, რომ ”თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება”:

”6 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს. ფესტივალი რუსული ფილმის, ”ფაუსტის” ჩვენებით გაიხსნება, რომლის რეჟისორიც ალექსანდრ სოკუროვია. ამ ფილმმა 68-ე ვენეციის საერთაშორისო კონოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG