Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: „ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები“


გრიგოლ ვაშაძე რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში (არქივიდან)
გრიგოლ ვაშაძე რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში (არქივიდან)
7-8 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ე.წ. „მინისტერიალი“, რომლის კომუნიკეში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ალიანსის aspirant partner-ი, ანუ ნატოში გაწევრიანების მოსურნე პარტნიორი ქვეყანა. საქართველოში ეს ჩანაწერი აღიქვეს, როგორც ნატოსთან საქართველოს დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი. მიზნის მიღწევის, ანუ ალიანსში გაწვერიანების იმედი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესაც. თუმცა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ვაშაძემ ფრთხილი ოპტიმიზმით განაცხადა, რომ „არ სურს არანაირი მოლოდინის გაზრდა“. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ინტერვიუ ბრიუსელში ჩამოართვა რადიო თავისუფლების სპეციალურმა კორესპონდენტმა კობა ლიკლიკაძემ.

რადიო თავისუფლება: ნატოს დეკემბრის მინისტერიალი იყო მოსამზადებელი შეხვედრა ალიანსის მაისის სამიტის წინ. თქვენთვის რა გამოიკვეთა ამ სამზადისიდან? რა მოლოდინი უკავშირდება თქვენთვის ჩიკაგოს მოახლოებულ სამიტს?

გრიგოლ ვაშაძე: უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ მომავალი ექვსი თვე კონცენტრირებულად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯეროვნად მიიტანოს საქართველოს საკითხი ნატოს სამიტამდე. მოლოდინი არის ის ციტატა, რომელიც მინისტერიალის კომუნიკეშია, რომელშიც საქართველო მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი ქვეყანა, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ალიანსში გაწევრიანების გზას ადგას. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არავითარი მოლოდინების გაზრდა არ მინდა, რადგან წინ ბევრი სამუშაო გველოდება.

რადიო თავისუფლება: კომუნიკეს ხსენებულმა ჩანაწერმა ძალიან გააღიზიანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გააფრთხილა კოლეგები, რომ, როგორც 2008 წლის აგვისტოში, "კვლავ არ წააქეზონ საქართველოს ხელისუფლება უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელისაკენ".

გრიგოლ ვაშაძე: მინდა ვთქვა, რომ ბატონი ლავროვი თავის საკუთარ პრეზიდენტს ეწინააღმდეგება. ჯობია, კარგად წაიკითხოს, თუ რას ამბობს რუსეთის მთავარსარდალი ჩრდილოეთ კავკასიაში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას და როგორ ხსნის ის 2008 წლის აგვისტოს ომს, როდესაც ამბობს, რომ ომის ერთადერთი მიზანი იყო, ხელი შეეშალა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არ ვიცი, ღირდა თუ არა რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და რეპუტაციისათვის საქართველოში დანაშაულის ჩადენა და აგრესია, მაგრამ ყველა თავის გზას ირჩევს და ვნახოთ, ეს გზა ვის სად მიიყვანს.
არ ვიცი, ღირდა თუ არა რუსეთის რეპუტაციისათვის საქართველოში დანაშაულის ჩადენა და აგრესია, მაგრამ ყველა თავის გზას ირჩევს.


რადიო თავისუფლება: როგორ აღიქვეს ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტის აღიარება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაბედული მოქმედებით რუსეთმა ხელი შეუშალა ნატოს გაფართოებას?

გრიგოლ ვაშაძე: რომ არ ყოფილიყო ეს აღსარება გაკეთებული ორჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, არა მგონია, რომ კომუნიკეში ის ჩაწერილიყო, რაც ჩაიწერა. ყველას ესმის, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, რომელიც სრულად აგებს პასუხს თავის მშვიდობიან საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როდესაც წარმატებით დავასრულეთ რუსეთთან მოლაპარაკებები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების შესახებ და კიდევ ერთხელ მივეცით სიგნალი მსოფლიოს, რომ საქართველო მზად, არის რუსეთთან ილაპარაკოს ნებისმიერ თემასა და საგანზე ყოველგვარი პირობების გარეშე. როდის იქნება რუსეთი ამისთვის მზად, არ ვიცი.

რადიო თავისუფლება: ბრიუსელის მინისტერიალის ფარგლებში თქვენ შეხვდით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს. თუ საიდუმლო არ არის, გვითხარით, შეეხეთ თუ არა საქართველოს უსაფრთხოების ან შიდა პოლიტიკის საკითხებს? რა რჩევები მოგცათ მან, როგორც ნატოს ჩიკაგოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა?

გრიგოლ ვაშაძე: ბევრ დეტალში, ცხადია, ვერ შევალ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორმხრივი შეხვედრის დროს განხილულ იქნა, ფაქტიურად, ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებშია. მათ შორის, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა ჰქონდეს დღეიდან და ჩიკაგოს ნატოს სამიტამდე. გარდა ამისა, განვიხილეთ სიტუაცია რეგიონში და მოვლენათა ის ძალიან შემაშფოთებელი განვითარება, რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციაში. თქვენ, ალბათ, წაიკითხეთ სახელმწიფო მდივნის გამოსვლა ვილნიუსში და მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მარტო აშშ-ის შეშფოთების საგანი, არამედ ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, შეშფოთებული ვართ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით, რასაც იქ აქვს ადგილი.

რადიო თავისუფლება: ბატონო გრიგოლ, რაც ცხინვალის რეგიონში არჩევნების შემდგომ ხდება, რამდენად საშიშია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის? აქვს თუ არა მას აფეთქების დეტონატორის პოტენციალი?

გრიგოლ ვაშაძე: იცით, ეს სასაცილო იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს. რეგიონში, სადაც ჩატარდა ეთნოწმენდა, სადაც უმოწყალოდ გაჟლიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა და სადაც შოუს დაარქვეს არჩევნები, - ესეც კი ვერ მიიყვანეს ბოლომდე. ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ახლა არის დარჩენილი საოკუპაციო ხაზის იქით, მათაც კი მობეზრდათ რუსეთის ოკუპაცია. პროპაგანდა, რომ რუსეთი მხსნელად მოევლინა იქ მცხოვრებ ოსი ეროვნების ჩვენს მოქალაქეებს, - აბსოლუტურად აღარ მუშაობს. ხალხს უკვე ესმის, რომ ისინი, ერთი მხრივ, გადაქცეულნი არიან სამხედრო ბაზად და, მეორე მხრივ, ფულის გათეთრების კიდევ ერთ საშუალებად. არავის თავისი შვილებისათვის არ უნდა ასეთი მომავალი. და გარდა ამისა, ისინი ხედავენ, თუ რა ტემპით მიდის საქართველო წინ, რაც შეეხება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
პროპაგანდა, რომ რუსეთი მხსნელად მოევლინა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსი ეროვნების ჩვენს მოქალაქეებს, აბსოლუტურად აღარ მუშაობს.

ორშაბათს (5 დეკემბერს) გაკეთდა განცხადება, რომ ევროკავშირთან იწყება მოლაპარაკებები გაღრმავებულ თავისუფალ, სავაჭრო რეჟიმზე. მე არ მიყვარს დაპირება, მაგრამ ძალიან შემჭიდროებულ ვადებში გაკეთდება განცხადებები იმაზე, რომ დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო, თავისუფალ მიმოსვლაზე. საქართველო თანამშრომლობს ევროპის კავშირთან ყველა ასპექტში, შექმნილია ძალიან სერიოზული სამართლებრივი ბაზა ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენ, ფაქტიურად, 2012 წელს დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომელიც მიიყვანს საქართველოს ოთხ თავისუფლებამდე, რაც არის ევროპის კავშირის პარტნიორი ქვეყნების მთავრი პრივილეგია. ამის შემდეგ ჩვენი თანმშრომლობის პირველი ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად და შემდეგ შეიძლება ფიქრი მომავალზე.

რადიო თავისუფლება: თუკი რაიმე სამხედრო საიდუმლოსთან არ არის დაკავშირებული, იქნებ გვითხრათ, რა სტადიაშია ავღანეთში გაორმაგებული ქვედანაყოფის გაგზავნა?

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ ჩვენს საზოგადოებასაც ვუთხარით და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველო ზრდის თავის მონაწილეობას ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში. სულ მალე, ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში ჩვენ გავხდებით ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები. ყველა მომზადება და წვრთნა უკვე გავლილია. თბილისში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამხელა წვლილი შეაქვთ საქართველოს არმიას და ქართველ სამხედროებს მსოფლიოს უსაფრთხოებაში. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ბოლო დროს არ მქონია შეხვედრა, სადაც ხაზი არ გაესვათ იმისათვის, რომ საქართველო არა მარტო რჩება იმ სივრცეში, რაც შემოხაზულ იქნა ბუქარესტის ნატოს სამიტზე; ანუ ის, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები, არამედ მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ვიქცევით ისე, როგორც ალიანსის წევრები.

რადიო თავისუფლება: თარიღი მაინც არ გაგვიმხილეთ. მოხდება თუ არა ავღანეთში საქართველოს გაზრდილი ქვედანაყოფის გაგზავნა 2012 წელს?

გრიგოლ ვაშაძე: დიახ, 2012 წელს მოხდება გაზრდილი სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნა ავღანეთში. 2014 წელს მოკავშირეები ვტოვებთ ავღანეთს. ამიტომ აბსოლუტურად გარანტირებული უნდა ვიყოთ, რომ დავტოვებთ ქვეყანას, სადაც ადგილობრივ არმიას და სამართლდამცველ ორგანოებს შეეძლებათ შეინარჩუნონ დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემა იქნება მთავარი კანონი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG