Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მოქალაქეობის უქონელ პირთა შესახებ გაეროს კონვენციას შეუერთდა


საქართველო მოქალაქეობის უქონელ პირთა გაეროს 1954 წლის კონვენციას მიუერთდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთაც დღემდე, სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ და საქართველოში ცხოვრობდნენ.
ესენი არიან საქართველოში დაბადებული ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა დოკუმენტების ვერ თუ არმოგროვების და სამართლებრივი პროცედურების არშესრულების გამო ვერ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები...

დღეს საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, იურიდიულად მოქალაქეობის უქონელი 1600 პირის შესახებაა ცნობილი, 4000 ადამიანი კი მოქალაქეობის უქონლობის საშიშროების წინაშე დგას. რა პრობლემები ექმნებათ ამ ადამიანებს და როგორ შეცვლის მათ ცხოვრებას გაეროს 1954 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთება? სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე განმარტავს:

”ეს კონვენცია სახელმწიფოსთვის საკმაოდ სერიოზული იმიჯის მატარებელია იმ კუთხით, რომ საქართველოც არის იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომლებიც განსაკუთრებულად იცავენ მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს. ესენი არიან საქართველოში დაბადებული ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა დოკუმენტების ვერ თუ არმოგროვების და სამართლებრივი პროცედურების არშესრულების გამო ვერ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს ეხება ბოშებს, ე.წ. ქუჩის ბავშვებს და ა.შ. ჩვენ მათ უფლებებს აქამდეც ვიცავდით, მაგრამ ახლა ამ კონვენციასთან მიერთებით დეკლარირება მოვახდინეთ, რომ საქათველო არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა.”

საქართველომ გადაწყვიტა ამ პრობლემას გაუმკლავდეს და ეს არ არის მხოლოდ სურვილი და მზადყოფნა. საქართველო უკვე შეუერთდა გაეროს კონვენციას...
ვაშაძე ამბობს, რომ მოქალაქეობის უქონელი პირები აქამდეც იყვნენ ცალკეულ საგანმანათლებლო თუ ჯანდაცვის პროგრამებში ჩართული, მაგრამ ახლა კონვენციასთან მიერთება საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს სტატუსის დადგენის პროცედურები დანერგოს და ასევე განსაზღვროს მოქალაქეობის უქონელი პირის ცნება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე უოლქენი აცხადებს, რომ ახლა მთავარი კონვენციით გათვალისწინებული დებულებების რეალურ ცხოვრებაში გატარებაა:

”არაფერია მარტივი მოქალაქეობის უქონელი პირებისათვის - იქნება ეს რეგისტრაცია, დოკუმენტების შეგროვება, სხვადასხვა სოციალური უფლებებით სარგებლობა... საქართველომ გადაწყვიტა ამ პრობლემას გაუმკლავდეს და ეს არ არის მხოლოდ სურვილი და მზადყოფნა. საქართველო უკვე შეუერთდა გაეროს კონვენციას. უამრავ დოკუმენტს ეწერება ხელი, თუმცა შემდეგ მასში ჩაწერილი ვალდებულებები რეალურ ცხოვრებაში ვეღარ ხორციელდება. მაგრამ საქართველოს ნამდვილად უნდა საქმის გაკეთება.”

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მარკ ჰულსტიც მიიჩნევს, რომ კონვენციასთან მიერთება, საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გარდა, ნიშნავს იმასაც, რომ იმ ადამიანების უფლებები, ვინც ამ დრომდე გარკვეული მიზეზების გამო მოქალაქეობის გარეშე რჩებოდნენ, მეტად იქნება დაცული. მარკ ჰულსტი ასევე შენიშნავს, რომ ეს საყურადღებო სიახლეა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ მოქალაქეობის უქონლობა მათ ხელსაყრელ პირობებს უქმნის დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარების შემთხვევაში, რაც მცდარი შეხედულებაა:

”ამ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ მათ მოქალაქეობა არ ექნებათ, ლტოლვილთა თავშესაფრებში სამუდამოდ ან დიდი ხნით დარჩებიან, რაც არასწორია, რადგან მათი დაბრუნება მაინც მოხერხდება. მათ შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სამსახურს აქვს და მათი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ დროის ამბავია.”

გაეროს ლტოლვილთა კომისარიატში კი აცხადებენ, რომ ორგანიზაცია განაგრძობს შუამდგომლობას საქართველოს მიერთებისათვის 1961 წლის კონვენციასთანაც, რათა შემცირდეს მოქალაქეობის უქონლობის ფაქტები ქვეყანაში, საქართველოს კანონმდებლობაში კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG