Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 დეკემბერი, 2011


”გაიმარჯვებს თუ არა ივანიშვილი არჩევნებში?” - ეს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან იმ ინტერვიუს სათაურია, რომელსაც ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ. ინტერვიუ მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკას არ ეხება. რესპონდენტი 2011 წელს მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებსაც მიმოიხილავს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალს, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ”მას ცვლილებებისთვის საჭირო არანაირი ბერკეტი არ გააჩნია გარდა მეგალომანიური ამბიციისა, რაც მისთვისვეა საშიში”. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”რეიგანი მესამე ცდაზე გახდა პრეზიდენტი, დე გოლს კი მთელი ათი წელი დასჭირდა გაპრეზიდენტებისთვის. მისივე აშენებულ ბრწყინვალე საკათედრო ტაძარში ლოცვა-კურთხევით როგორმე საქართველოც გაუძლებს ათწლიან უბიძინობას. სადღეისოდ ივანიშვილი ისეთი ლიდერია, როგორც მე დალაი ლამა ვარ”. საერთაშორისო ურთიერთობებში სოსო ცინცაძე ”სერიოზულ მიღწევად” აფასებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას. ”რეზონანსის” კორესპონდენტს ამ თემაზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ესაუბრა. ის თვლის, რომ ”სწორი იყო” რუსეთისთვის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობის მიცემა.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ბიძინა ივანიშვილის მრჩეველ ირაკლი სესიაშვილთან ინტერვიუ. სესიაშვილი ამბობს: ”ზოგადი მიდგომაა, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველა არსებული ღირსეული პოლიტიკური ძალის ერთ მუშტად შეკვრა. ფორმები შეიძლება განსხვავებული იყოს: ზოგიერთი შეიძლება შემოვიდეს პარტიის სახით, როგორც, ვთქვათ, ”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალი დემოკრატები”; ზოგიერთი შეიძლება პიროვნულად გახდეს ამ პოლიტიკური კოალიციის წევრი, ზოგი კი სხვა ფორმით შემოვიდეს, ამას ვერ გეტყვით”. ირაკლი სესიაშვილთან ინტერვიუს ბეჭდავს დღეს ”ახალი თაობაც”. აქ რესპონდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ყველა სავარაუდო რისკებსა და საფრთხეებს აანალიზებს - ”მათ შორის, ვითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება, არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნოს, შეიძლება გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი და ა.შ.”.

”ალია” ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს უთმობს გვერდს. ინტერვიუში გაფრინდაშვილი რამდენჯერმე უსვამს ხაზს იმას, რომ ”სახალხო კრება” მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და ასევე არაერთხელ აკრიტიკებს ირაკლი ალასანიას. ნონა გაფრინდაშვილი ასევე ამბობს, რომ ”ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან გარიგებაზე არასდროს წავა. ამიტომ ბატონ ბიძინას სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება გვერდით... თუ დადგა მომენტი, რომ ბატონ ბიძინას სხვა კუთხით დასჭირდება დახმარება, ჩვენთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ახლა ვინ დგას ივანიშვილის გვერდით. მე სულ არ მაინტერესებს ირაკლი ალასანია და ”რესპუბლიკელები”, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში მოვიდეს ივანიშვილი და სწორედ მას დავუდგებით გვერდით.”

”24 საათი” საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტზე პარლამენტის ბიუროსა და მოგვიანებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართულ განხილვაზე წერს. დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ ერთი კვლევის შესახებაც. ის საქართველოში ბიზნესგარემოს ეხება. კვლევა ორგანიზაცია ”ეი-სი-თი რესერჩმა” ჩაატარა: ”კვლევაში მონაწილე ბიზნესსექტორის 11% მიიჩნევს, რომ არ არის დაცული, 45% თვლის, რომ დაცულია, ხოლო 43% თავს მეტნაკლებად დაცულად აღიქვამს. გამოკითხულთა 76%-ის განცხადებით, 2011 წელს მათი ბიზნესი იმავე დონეზე დარჩა ან გაფართოვდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კვლევის მონაწილეთა 51,2%-ის პროგნოზით, 2012 წელს მათი წარმოება თუ მომსახურება გაიზრდება."
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG