Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქველმოქმედება დევნილი ბავშვებისთვის


დიანა ლომსაძე მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გორის პირველი საბავშვო ბაღის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. ლომსაძეების ოჯახი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ ნიქოზიდან დევნილად იქცა. მათი სახლი ახლა დაზიანებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ ოჯახი დროებით საბავშვო ბაღის შენობაშია ჩასახლებული. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირობა არსებობს, რომ წელს სახლის აღდგენა დასრულდება და ოჯახი საკუთარ კერას დაუბრუნდება, მანამდე კი დიანა პირველ საბავშვო ბაღში დასაქმდა და ახლა, საკუთარი შვილების გარდა, სხვა ბავშვებსაც უვლის.

გორის პირველი საბავშვო ბაღის შენობის დიდ ნაწილში დევნილები ცხოვრობენ. საბავშვო ბაღს მხოლოდ ორი ოთახი უკავია, 105 აღსაზრდელიდან კი 56 ბავშვი იძულებით გადაადგილებული ოჯახის შვილია. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ამ ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციის ჩატარების შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით გამოაცხადა. მათ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სწრაფად გამოეხმაურნენ და პატარებს სათამაშოები და ტკბილეული მიუტანეს, ბაღის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს პატარა კონცერტი გაუმართეს და საკუთარი შემოქმედება უჩვენეს. პირველი საბავშვო ბაღი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. პატარა ფართში საბავშვო ღონისძიებების გამართვა ხშირად შეუძლებელია, ამიტომ ბაღის ხელმძღვანელმა ლალი ბაიაძემ გადაწყვიტა ბავშვებისთვის საახალწლო დღესასწაული დაუვიწყარი გაეხადა.

ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა, საქველმოქმედო აქციას თბილისიდანაც გამოეხმაურნენ. ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის დირექტორი მაკა კუთხაშვილი ამბობს, რომ დევნილი ბავშვებისთვის საჩუქრები მისი ცენტრის მოსწავლეებმა მოაგროვეს. აქციაში ის ადამიანებიც ჩაერთვნენ, ვინც ცენტრის მომსახურებით სარგებლობს.

როგორც საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე სტუმრები აცხადებდნენ, რომ მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა ომგამოვლილ პატარებს ბავშვობა გაულამაზდეთ და სოციალური პრობლემები ცოტა ხნით მაინც დაავიწყდეთ.
XS
SM
MD
LG