Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის არასაზეიმო მხარე


ახალი წელი ტრადიციული ფოიერვერკისა და მაშხალების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა იმის გამო, რომ სხვადასხვა უცხოურ ასაფეთქებლებს ისევ არ ახლავს მომხმარებლისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი ინსტრუქცია, უბედური შემთხვევები არ მცირდება. ახალი წლის დღეებში ბევრი მაშხალა საზეიმოდ გაისროლეს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა სრულიად არასაზეიმო განწყობა მოუტანა მის მომხმარებელს.

რადგან არავინ დაზარალებულა, რადიო თავისუფლების ერთ-ერთი რესპონდენტი, ლადო, საახალწლო მაშხალის გასროლის ამბავს იხსენებს როგორც საახალწლო კურიოზს:
არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხს აგებს საქონლის უხარისხობასა და უსაფრთხოებაზე...

”რადგან ჩინური არ ვიცი, ვერ წავიკითხე ინსტრუქცია და იმის მაგივრად, რომ აივნის მოაჯირზე დამემაგრებინა და ისე გამესროლა, ხელში ამიფეთქდა მაშხალა და ის ფოიერვერკი, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე უნდა გასროლილიყო, აივანზე მოხდა. მთელი ოჯახი დავწექით, დადგა საშინელი კვამლი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ცეცხლიც გაჩნდა - ძალიან დიდი არა, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ დიდი ხანძარი გაჩენილიყო.”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომლის მე-6 მუხლიც მოითხოვს საქონლის ეტიკეტზე დატანილი იყოს ქართულ ენაზე ინსტრუქცია, თუ როგორ გამოიყენოს ესა თუ ის ნივთი მომხმარებელმა ან როგორია მისი შენახვის პირობები და ვადები. ქართულ ბაზარზე შემოსული ე.წ. საახალწლო პიროტექნიკა ასეთ განმარტებებს მოკლებულია. საქართველოში საახალწო მაშხალები და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები ძირითადად ჩინეთიდან და უკრაინიდან შემოდის, მათზე ინსტრუქციაც ჩინურად ან უკრაინულად არის დატანილი ან საერთოდ არაფერი წერია. როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე განმარტავს, პრობლემას ის ქმნის, რომ არ არსებობს სამომხმარებლო ბაზრის ზედამხედველობის სამსახური და დაზარალებულ მომხმარებელს მოპასუხე მხარეც არ ჰყავს.
ზოგს საახალწლო მაშხალის გამო აქვს მიღებული დამწვრობა, ზოგს საკარნავალო ტანსაცმელი ეცვა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. ძირითადად ბავშვებზე მაქვს საუბარი...

”თუკი არ არსებობს სამომხმარებლო ბაზარზე ზედამხედველი, ანუ მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ბაზარი და დაიცვას მომხმარებლის უფლება და მისი უსაფრთხოება, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დაზარალებული, ფაქტობრივად, ვერავის დააკისრებს. არ არსებობს მხარე, რომელიც პასუხს აგებს საქონლის უხარისხობასა და უსაფრთხოებაზე”, - ამბობს მადონა კოიძე მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე.

ახალი წლის დღეებში სხვადასხვა ასაფეთქებლებით ათობით ადამიანი დაზარალდა. 16 დეკემბერს თბილისში მცხოვრებმა მცირეწლოვანმა ბიჭმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში დაზარალებულის ბებია, მარიამ გვრიტიშვილი, ჰყვებოდა, ბავშვს საახალწლო მაშხალა ხელში აუფეთქდა:

”ღუმელთან მჯდარა, ერთი ფანჯრიდან გაუსვრია და აფეთქებულა, მეორე აუღია და სანამ გადააგდებდა, ხელში აჰფეთქებია.”

ბათუმში ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. ასეთივე უბედური შემთხვევით დასრულდა საახალწო მაშხალის გასროლა თბილისში. როგორც რეფერალური ჰოსპიტლის მთავარი ექიმი ქეთევან შარანგია ამბობს, ჰოსპიტალში ამჟამად მკურნალობს 17 წლის მოზარდი, რომელსაც სახის ნახევარზე პლასტიკური ოპერაცია სჭირდება. მან ერთი თვალიც დაკარგა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქეთევან შარანგიას ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია საახალწლო დღეებში სხეულის სხვადასხვა დამწვრობით მიღებული პაციენტების რაოდენობა. მათი 90% ბავშვია:
საახალწლო ასაფეთქებლებს რომ ისროდნენ ეზოებში, ბალახებსა და ხეებს ეკიდებოდა ცეცხლი და ვაქრობდით. სერიოზული არაფერი ყოფილა...

”პირველში იყო 17 ამბულატორიული პაციენტი შემოსული, ორში 7 - პაციენტი. არიან ბავშვები, რომელთაც სხეულის ზედაპირის 50-60 პროცენტის დამწვრობა აქვთ მიღებული... ზოგს საახალწლო მაშხალის გამო აქვს მიღებული დამწვრობა, ზოგს საახალწლო საკარნავალო ტანსაცმელი ეცვა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. ძირითადად ბავშვებზე მაქვს საუბარი და შემოსული პაციენტების 90% ბავშვები არიან.”

საახალწო დღეებში ასაფეთქებლებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა უწევდა საგანგებო სიტუაციათა სამსახურს. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ასეთი რამ წელს პირველად მოხდა:

”სერიოზული არაფერი ყოფილა. ბალახები და ხეები იწვოდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. საახალწო ასაფეთქებლებს რომ ისროდნენ ეზოებში, ბალახებს და ხეებს ეკიდებოდა ცეცხლი და ვაქრობდით. სერიოზული არაფერი ყოფილა.”

სოციალურ ქსელებში სპეციალური ჯგუფებიც კი შეიქმნა, საახალწო ასაფეთქებლების შემოტანისა და გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით. მომხმარებელთა უფლებების დამცველები იმედოვნებენ, რომ მომავალი ახალი წელი მაინც უსაფრთხო იქნება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG