Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო ეპისტოლე და ალილოს მსვლელობა თბილისში


ქრისტეშობა ახარეს ერთმანეთს თბილისში უკვე ტრადიციად ქცეულ ალილოს მსვლელობაში მონაწილე მართლმადიდებლებმა. რუსთაველის გამზირზე უკვე 10 წელზე მეტია, თეატრალური მსვლელობა ეწყობა. წლევანდელი ალილოს მსვლელობა ”ვარდების მოედნიდან” დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა, მსვლელობისას შეგროვილი შესაწირი კი, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემა. 7 იანვრის ღამით, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვისას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ეპისტოლე წაიკითხეს.

საშობაო წირვა აღევლინა 7 იანვრის ღამით სამების საკათედრო ტაძარში, სადაც არქიდიაკონმა მამა დემეტრე დავითაშვილმა პატრიარქის ეპისტოლე წაიკითხა. ეპისტოლეში დღევანდელობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორის საუბარია საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მედიაზე, მის იმ გავლენაზე, რომლითაც ყალიბდება ადამიანის აზროვნების წესი, აღნიშნულია, რომ მედიის საშუალებით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიური ღირებულებები.
ანგელოზთა გუნდის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, რომელთაც ხალხს შობა ახარეს. ძალიან მომწონს ეს მსვლელობა და არ დავიღლები, რამდენიც უნდა ვიარო...

ეპისტოლეში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ისტორიულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეპისტოლეში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი სათანადოდ ვეღარ ასრულებს აღმზრდელობით ფუნქციას. პატრიარქის ეპისტოლეში, რომელიც არქიდიაკონმა მამა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა, საუბარი შეეხება ასევე ისტორიულ გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც ადამიანები სიცოცხლეს უშურველად წირავდნენ მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ:

”მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფლობით უარმყოფელნი და საზოგადოებისთვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს”, - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში, რომელიც არქიდიაკონმა მამა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა სამების საკათედრო ტაძარში.

7 იანვარს ქრისტეშობის სიხარულს უზიარებდნენ ერთმანეთს რუსთაველის გამზირზე ტრადიციულ ალილოს მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად გამოსული ადამიანებიც.
ყველაზე ამაღლებული განწყობა მაქვს დღეს, იმიტომ რომ დღეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ცოტა ხალხის ნაკლებობაა, მაგრამ, იმედია, გზადაგზა შემოგვემატებიან...

თეატრალური მსვლელობის მონაწილეთა პირველ რიგებში პატარა ”ანგელოზები” დგანან, შემდეგ - ”მწყემსები”, მათ უკან კი მოგვები მოდიან, იმპროვიზებული ”აქლემებისა” და ”სირაქლებების” გვერდით; ”სპილოდ” ქცეულ სატვირთო ავტომობილს უკან დროშების ფრიალით სტიქაროსნები მოჰყვებიან, სულ ბოლოს კი სასულიერო პირები მოდიან, რომლებიც შობის დიდ ხატს მოაბრძანებენ.

ჰაერი საკმევლის სურნელითაა გაჟღენთილი. ანგელოზის სამოსში გამოწყობილი 8 წლის ანანო სისაური მზად არის მსვლელობას ბოლომდე გაჰყვეს ფეხით:

”ანგელოზთა გუნდის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, რომელთაც ხალხს შობა ახარეს. ძალიან მომწონს ეს მსვლელობა და არ დავიღლები, რამდენიც უნდა ვიარო.”

წელს ალილოს მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, გასულ წლებთან შედარებით, ნაკლები ხალხი მოვიდაო, გვეუბნება ზაიკო თუხარელი, რომელიც შვილთან ერთად მიჰყვებოდა თეატრალიზებულ მსვლელობას, თუმცა ამას მისი საშობაო განწყობა არ გაუნელებია:

”ყველაზე ამაღლებული განწყობა მაქვს დღეს, იმიტომ რომ დღეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ცოტა ხალხის ნაკლებობაა, მაგრამ, იმედია, გზადაგზა შემოგვემატებიან და ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით.”
საახალწლო კვერი, კანფეტები, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლები, ხილი მეზობლებისგან შევაგროვეთ...

ალილოს მსვლელობაში მონაწილეები კამეჩებშებმულ ურმებში შესაწირს აგროვებენ. 11 წლის ლევან ყუფარაძემ გვითხრა, რომ სხვადასხვა ტკბილეული და ხილი მეგობრებთან ერთად შეაგროვა სპეციალურად ამ დღისთვის:

”საახალწლო კვერი, კანფეტები, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლები, ხილი მეზობლებისგან შევაგროვეთ. დავდიოდით სიმღერით და ასე ვაგროვებდით.”

ალილოს მსვლელობა წელსაც, ტრადიციულად, პარლამენტთან შეჩერდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ძღვენით დაასაჩუქრეს მონაწილენი. შემდეგ მსვლელობა, საკრებულოს გავლით, საპატრიარქოსთან შეჩერდა. პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ალილოს მონაწილეებს პრეზიდენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა უმასპინძლეს. იქიდან კი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. შეგროვილი შესაწირი მომდევნო დღეებში, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში დარიგდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG