Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების გამოცოცხლებას მოელის


ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა იმ პროექტებად, რომლისგანაც უფრო მეტს მოელოდნენ, დაასახელა სოფლის მეურნეობა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ინდუსტრიულ ზონებზე, რომლებიც ქუთაისსა და ფოთში შეიქმნა სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის მიზნით. როგორ მუშაობს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და რატომ ითვლება ის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ დაბალეფექტიან პროექტად?
200 მეტრშია საბაჟო და დაახლოებით 1 ან 2 საათში ყველა პროცედურა დამთავრებულია...

ამერიკულმა კომპანიამ ”ბულსაი ტრეიდინგმა” ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. მას საბავშვო საქონელი აშშ-დან შემოაქვს და მის რეალიზაციას ინდოეთსა და სამხრეთ კავკასიაში ახდენს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ეკატერინე ჯალაღანია ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფოთის ზონა აირჩიეს, მოგების გადასახადის არარსებობაა, ასევე ის, რომ საქონლის საბაჟო გაფორმება ძალიან მარტივად და სწრაფად ხორციელდება:

”ძალიან მარტივად ხდება, შემოდის ტვირთი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, არანაირ პროცედურას არ საჭიროებს, მხოლოდ ესწრება მებაჟე და მიმდინარეობს დათვალიერება. შემოტანის დროს და გატანის დროს ჩვეულებრივი საბაჟო პროცედურა ტარდება, დეკლარაციაც აქვე იბეჭდება. 200 მეტრშია საბაჟო და დაახლოებით 1 ან 2 საათში ყველა პროცედურა დამთავრებულია.”

მიუხედავად ამ უპირატესობებისა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დღემდე არაეფექტიან პროექტად ითვლება - ასეთი განცხადება გააკეთა ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ გასული წლის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, შეიძლება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანია შეიცვალოს. ამჟამად ზონის მენეჯმენტს ახორციელებს ”რაკია საქართველო - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ინფორმაცია მმართველობაში ახალი კომპანიის ჩართვის შესახებ. ”რაკია საქართველოს” თანამშრომლების თქმით, ისინი ძველებურად აგრძელებენ მუშაობას ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.

საბაჟო ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
საბაჟო ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
საპირისპიროს ამბობს ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავა:

”ინდუსტრიულ ზონაში მიდის საუბარი (ეს კერძო საკუთრებაა და ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე საუბარი კონკრეტულად, მაგრამ მოსაზრებების დონეზე მიდის საუბარი), რომ მოვიდეს აგრეთვე ნაწილობრივ ახალი მენეჯმენტი.”

ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ დაასახელა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ფოთის ინდუსტრიულმა ზონამ არ გაამართლა. ეს ზონა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 15 აპრილს გახსნა, აგვისტოში კი რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა ინდუსტრიული ზონის ტერიტორია დაიკავეს. მომდევნო წლებში არსებულ მიზეზთა შორის, ლემონჯავას აზრით, შეიძლება დასახელდეს არაეფექტური მენეჯმენტი და კომუნიკაციის უქონლობა.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში წარმატებული ვიყავით. იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც მინდოდა უფრო კარგად და უფრო დროზე გაკეთებულიყო...

ფოთის მერის განცხადებას არ ეთანხმებიან ”რაკია საქართველოს” წარმომადგენლები. მათი თქმით, 300 ჰექტარის ფართობზე უკვე აშენდა საწყობები და საოფისე შენობები. ასევე ზონაში რეგისტრირებულია 90-მდე კომპანია, რომელთა უმრავლესობა უცხოურია, თუმცა ჯერჯერობით საქმიანობას მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეუდგა, რადგან მათი რეგისტრაცია 2010 წლიდან დაიწყო. პროექტის სრულფასოვან და დროულ ამუშავებას 2008 წლის ცნობილმა მოვლენებმა შეუშალა ხელი.

მიუხედავად ამისა, ფოთის და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წარუმატებელ პროექტებად დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
”ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში წარმატებული ვიყავით. იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც მინდოდა უფრო კარგად და უფრო დროზე გაკეთებულიყო. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არის აქტიურობა, მართლა გაზრდილია აქტიურობა. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, მაგალითად, არის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნილი, მუშაობენ. წარუმატებლობა არა, მაგრამ უფრო კარგი რომ ყოფილიყო, ვისურვებდი. ფოთის ინდუსტრიული ზონაც უფრო ჩქარა რომ განვითარდეს, ასევე უკეთესი იქნებოდა. ვთვლი, რომ პრობლემური იყო წლევანდელი [2011] წელი. თუმცა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მომავალი [2012] წელი ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო წარმატებული იქნება.”

ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პროექტების დაწყებით საქართველოს ხელისუფლებას სურდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის მიეღწია და რეგიონებში დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნილიყო, მაგრამ ორივე პროექტის სამი წლის შემდეგები არასახარბიელოა. ფოთის ინდუსტრიულ ზონაში დასაქმება მხოლოდ რამდენიმე ასეულმა კაცმა შეძლო. მოქალაქეების ნაწილს არც კი სმენია თავისუფალი ზონის არსებობის შესახებ. აი, რა განუცხადა რადიო თავისუფლებას ზოგიერთმა მათგანმა.
საქართველო თავად წარმოადგენს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა ექსპორტის მასტიმულირებელი კანონმდებლობაა...

ფოთელები ამბობენ, რომ ჯერჯერობით მათი დასაქმების მთავარი ადგილი ფოთის პორტი და ბანკების ფილიალებია.

ფოთისა თუ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარუმატებლობა არ უკვირს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ ხადურს. მისი განცხადებით, ასეთი ზონები წარმატებულია იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი ზონის გარეთ ბიზნესის წარმოებისთვის არახელსაყრელი გარემოა:

”საქართველო თავად წარმოადგენს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა ექსპორტის მასტიმულირებელი კანონმდებლობაა. და, რაც მთავარია, ეს თავისუფალი ზონები განლაგებულია აფხაზეთთან ახლოს. ამიტომ, ბუნებრივია, სანამ არ მოგვარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ვფიქრობ, რომ ამ ზონებში დიდი ინვესტიციები მოსალოდნელი არ არის.”

ნოდარ ხადურის ექსპერტული შეფასებისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობაში, სადაც იმედი აქვთ, რომ გამარტივებული საბაჟო პროცედურები და გადასახადებისგან გათავისუფლება ბევრ ისეთ ბიზნესს მოიზიდავს, რომელიც პროდუქციის რეალიზებას კავკასიისა თუ შუა აზიის რეგიონში ახორციელებს.
XS
SM
MD
LG