Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოქალაქეები ძირითადად უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობიან


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისელები ყველაზე კარგად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს იცნობენ, რომლებიც ძირითადად ადამიანის უფლებებს იცავენ, ეწევიან მოქალაქეთა ადვოკატირებას და მათ მცირე გრანტების მოპოვებაში ეხმარებიან. არასამთავრობო სექტორისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ორგანიზაციების არსებობას აზრი არ აქვს, რადგან რეალურად არაფერს აკეთებენ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას, რომელიც დღეს პატარა ბავშვივითაა, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება სჭირდება. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა ქუთაისში მოქმედი ხუთამდე ორგანიზაცია ჩამოთვალა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას შედარებით კარგად იცნობენ ახალგაზრდები და ის ადამიანები, რომლებიც პროფესიით იურისტები ან ეკონომისტები არიან. ქუთაისში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ახორციელებს გრძელვადიან პროექტს, დანარჩენები კი ან მოკლევადიანი პროექტებით შემოიფარგლებიან, ან დონორის მოძიებისა და გრანტის მოპოვების პროცესში არიან. ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი ყველაზე აქტიურად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიიჩნევს. ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორის ნოდარ ჯიქიას შეფასებით, ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა მოსახლეობის აქტიურობის შემცირება განაპირობა, რაც სასამართლოსადმი მიმართვიანობის შემცირებაში აისახა. ნოდარ ჯიქიას სამოქალაქო აქტიურობა თვითმმართველობაზე ზეგავლენის მოხდენის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია. ქალთა პრობლემებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ქუთაისში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულტურულ -ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს.“ როგორც მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორის ხელმძღვანელი ემა კამკია ამბობს, 14 წლიანი მუშაობის პერიოდში ფონდი სხვადასხვა სახის მომსახურებით რამდენიმე ათას ბენეფიციარს დაეხმარა. ემა კამკიას თქმით, ბოლო დროს დახმარების მიღების მსურველთა რიცხვი გაიზარდა, რაც მათი ინფორმირებულობისა და საკუთარი უფლებების დაცვის სურვილითაა გამოწვეული. იძულებით გადაადგილებულთა ინტეგრაციასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციის „მეწარმე ქალთა ფონდის“ საქმიანობა. როგორც ფონდის წარმომადგენლები განმარტავენ, ისინი ცდილობენ ქალებს საოჯახო მეურნეობებში, მცირე საწარმოებსა და ვაჭრობის სფეროში სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარონ, რაც მათ პრობლემებს შეამცირებს.
XS
SM
MD
LG