Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში შინაური მაწანწალა ცხოველების ქუჩაში დახოცვა გააპროტესტეს


“ქუჩა არ არის სასაკლაო!” “ნუ ნადირობთ ქუჩაში!” “აქ ბავშვები თამაშობენ, უფროსები ნადირობენ!” - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტები გამოიტანეს დღეს ზუგდიდელებმა ქალაქის ცენტრში, სადაც რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შინაური ცხოველები -კერძოდ, ღორები - ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. აქციის ორგანიზატორმა მოქალაქე გოჩა ლაგვილავამ ზედამხედველობის სამსახურს მოუწოდა შეცვალოს მაწანწალა შინაური ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.

აქციის მონაწილემ, სკოლის მოსწავლე ნანო აბულაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას სურს იცხოვროს ცივილიზებულ ქალაქში, სადაც შინაურ ცხოველებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლსასროლი იარაღით არ გაუსწორდებიან.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საკუთარ მაგალითზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ოჯახი იძულებული გახდა შინაური ცხოველი გაეყიდა, რადგან ზედამხედველობის სამსახურმა არაერთხელ დააჯარიმა.

ქუჩაში გამვლელი რიგითი მოქალაქეების მსგავსად, აქციის მსვლელობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან მესხიაც აკვირდებოდა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შინაური მაწანწალა ცხოველების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვის ამსახველი ვიდეომასალა ზუგდიდში დაფუძნებულმა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა. სწორედ ამ კადრების გავრცელების შემდეგ გადაწყვიტეს მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია მოეწყოთ ზუგდიდის ბულვარში.
XS
SM
MD
LG