Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი გენოციდის შესახებ საფრანგეთის კანონპროექტს „რასისტულს“ უწოდებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა „დისკრიმინაციული და რასისტული“ უწოდა საფრანგეთის მიერ შემუშავებულ ზომას, რომელიც სომეხთა გენოციდის უარყოფას დანაშაულად აქცევს. ერდოანი ამ განცხადებით სამშაბათს, თავისი თანაპარტიელი დეპუტატების წინაშე გამოვიდა: „ისინი, ვინც ხმას არ იღებს და გულგრილად შესცქერის ამ რასისტულ, დისკრიმინაციულ მოვლენებს, ევროპაში ფაშიზმის ნაბიჯების უგულებელყოფაში არიან დამნაშავე“.
ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ ამ კანონის გამო თურქეთი „ნაბიჯ-ნაბიჯ“ შეიმუშავებს საპასუხო ზომებს საფრანგეთის მიმართ. საფრანგეთის სენატის მიერ ორშაბათს დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიის თურქებმა გენოციდი მოახდინეს სომეხთა წინააღმდეგ, შესაძლოა ერთი წლით დაემუქროს თავისუფლების აღკვეთა, და 57,000 დოლარით დაჯარიმდეს. სომხეთის მთავრობა ამ კენჭისყრას „ისტორიულს“ უწოდებს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერევანში საფრანგეთის საელჩოს ბევრი მოქალაქე აკითხავს ყვავილებით ხელში, რათა საფრანგეთს მადლობა გადაუხადოს.
XS
SM
MD
LG