Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ლიდერები თალიბებთან შეხვედრას აპირებენ


ავღანეთი: თალიბანის წევრი, რომელიც მონაწილეობს ავღანეთის მთავრობის "შერიგებისა და რეინტეგრაციის პროგრამაში"
ავღანეთი: თალიბანის წევრი, რომელიც მონაწილეობს ავღანეთის მთავრობის "შერიგებისა და რეინტეგრაციის პროგრამაში"
ცნობების თანახმად, ავღანეთის ხელისუფლება გეგმავს პირდაპირ მოლაპარაკებას თალიბანთან. მართალია, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ავღანეთის პრეზიდენტის ოფისი და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ქაბულში ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით დაადასტურა თალიბანის წარმომადგენლებთან შეხვედრის გეგმა. მის შესახებ ჩვენმა რადიომაც მოიპოვა ინფორმაცია.

ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში, ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს წევრმა, ისმაილ ყასიმიარმა ოპტიმისტურად შეაფასა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა. ის იმედოვნებს, რომ ავღანელი ოფიციალური პირები მალე დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებას თალიბებთან საუდის არაბეთში, ან თურქეთში. „ვხედავ ვითარების იმგვარად გაუმჯობესების შესაძლებლობას, რომ თალიბანის ზოგმა ლიდერმა აირჩიოს სხვა პრიორიტეტები, და არა მოლაპარაკება კატარში თალიბანის საკონტაქტო ოფისის მეშვეობით - მაგალითად, პირდაპირი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, ან თურქეთში,“ - აღნიშნავს ავღანელი ოფიციალური პირი.

ყასიმიარი საუბრობს, უწინარეს ყოვლისა, საუდის არაბეთში შესაძლო შეხვედრაზე და განმარტავს, რომ ის გაიმართება განსხვავებულ ფორმატში, ვიდრე იყო წინასწარი შეხვედრები თალიბანისა და ამერიკელი ოფიციალური პირების მონაწილეობით კატარში, სადაც თალიბანს საკონტაქტო ოფისი აქვს.

კატარში გამართული შეხვედრები ყასიმიარმა მოიხსენია „ნდობის ხელშემწყობ“ ზომებად და არა სამშვიდობო მოლაპარაკებად. ამასთან, ოფიციალური პირის ვარაუდით, ავღანეთის წარმომადგენლებთან თალიბების პირდაპირი მოლაპარაკების ორგანიზებაში გადამწყვეტი როლი შესაძლოა, პაკისტანმა შეასრულოს.

პაკისტანის როლზე მიუთითებენ ცნობაშიც, რომელიც საინფორმაციო სააგენტო როიტერსმა გაავრცელა: მას ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ქაბულში ისარგებლებენ მიმდინარე კვირაში (1 თებერვალს) იქ პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტით, თალიბანის ლიდერებთან კონტაქტის დასამყარებლად.
XS
SM
MD
LG