Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 თებერვალი, 2012


დღეს ქართულ გაზეთებში ობამა-სააკაშვილის შეხვედრის სხვადასხვა ასპექტზე წაიკითხავთ. ”რეზონანსის” სტატიის სათაურია ”ობამა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრობს”. ავტორს სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები მოჰყავს. ირაკლი სესიაშვილს უთქვამს: ”ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება და ეს პროცესი გრძელდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით არიან ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა გათვალისწინებულია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის და არა რუსეთის წინააღმდეგ ან სხვა მიმართულებით.”

ვაშინგტონში გამართული შეხვედრის იმავე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას ”24 საათი” სტატიაში, სათაურით - ”თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში - ახალი სიმაღლე”. დავით აფრასიძეს კორესპონდენტისთვის უთქვამს, რომ ”ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან გააძვირებს საქართველოზე აგრესიის განხორციელებას. გარდა ამისა, აფრასიძის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ხშირად რეაგირებისთვის დრო სჭირდება და შეშფოთებით იფარგლება. ამიტომ, ქვეყანას, რაც უფრო დიდხანს შეძლებს იგი აგრესორის შეკავებას, დახმარების მეტი იმედი უნდა ჰქონდეს.”

”ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება ”ვერსიაში”. გამყრელიძე ამბობს: ”გარწმუნებთ, ერთია, როცა სააკაშვილი დებს ტელევიზიით პირობას საქართველოს ამომრჩევლის წინაშე და მეორე, როცა ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში ზის. თეთრი სახლის იმ კაბინეტში ტყუილი ცოტა ძვირი ჯდება! ანუ მას იქ დადებული ყველა პირობის შესრულება მოუწევს და დიახ, ეს გარკვეული გარანტიაა იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები ბევრად გამჭვირვალედ ჩატარდება.”

”ყველა სიახლის” კორესპონდენტი რამაზ საყვარელიძეს ბარაკ ობამას მიერ საქართველოზე ლაპარაკისას რუსეთის წამოცდენაზე ეკითხება. საყვარელიძე უპასუხებს, რომ საბჭოთა წარსულის გამო რუსეთსა და საქართველოს ობამა ერთ სიბრტყეში განიხილავს: ”ძალიან გვინდა, ობამასა და ამერიკისთვის საქართველოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ამ ფსიქოლოგიურმა წაცდენამაც დაადასტურა.”

”ახალი თაობა” სტატიას უძღვნის ბარაკ ობამას გამონათქვამის თარგმანზე პოლიტიკოსთა დავას, ანუ რა იგულისხმებოდა ”ფორმალ ტრანზიშენ”-ში - ძალაუფლების ”ფორმალური გადაცემა” თუ ”ოფიციალური გადაცემა”?

”ვერსიაში” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვმჯდომარე ლაშა თორდიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო საჭირო გახდა ყველაფრის გასაჯაროება. ვხედავთ ვინაა ჩვენი მოწინააღმდეგე, მისი სახით, და ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში პროცესების მართვის სურვილი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ამიტომ გვაქვს ძალიან უმწიკვლო ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა პარტიის დაფინანსებას, უნდა გასაჯაროვდეს. აბა, თუ მე მაფინანსებს რუსეთის ფედერაცია, აქ ”თეთრდება” ფული და მისი სხვა მაქინაციებიც, ეს დაფარული არ უნდა დარჩეს.”

ბიძინა ივანიშვილზე წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორიც სტატიაში სათაურით - ”Who is Who არჩევნების წინ?”: ” ’მხსნელი’ ბიძინა ივანიშვილი კი არ არის, არამედ ისეთი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მან პოლიტიკაში მოსვლითა და ურთულეს დროს დიდი პასუხისმგებლობის აღებით დაადასტურა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG