Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეკობრეობა დუნაიზე?


სომალელი მეკობრეები უთოდ გაგეგონებათ - ეს დღეს აქტუალური თემაა. გაგეგონებათ ასევე ისტორიული კარიბის ზღვის მეკობრეებიც, მაგრამ ნამდვილად არაფერი გეცოდინებათ მეკობრეობის შესახებ დუნაიზე, ევროპის სიდიდით მეორე მდინარეზე, რომელიც სათავეს გერმანიაში იღებს, გაივლის ევროპის არაერთ ქვეყანას, დედაქალაქს და შავ ზღვაში ჩაედინება. არის თუ არა დუნაიზე მეკობრეობა? როცა გერმანიას დატოვებს, დუნაი ძირითადად ავსტრიას, უნგრეთს, სერბიას გაივლის, შემდეგ ბულგარეთ-რუმინეთის საზღვრის როლს შეასრულებს, მკვეთრად უხვევს რუმინეთის სიღრმისკენ და, ბოლოს, თავისი სახელგანთქმული დელტის სახით, შავ ზღვას უერთდება. აი, ამ მდინარეზე მეკობრეობის მსგავს ამბავს დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა რუმინეთსა და უკრაინას შორის. შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში მოხდა.

„უკრაინის დუნაის სამდინარო მიმოსვლა“ ჰქვია სააქციო საზოგადოებას, რომლის გემსაც, კარჭაპს, თავს დაესხნენ. ეს კარჭაპები სატვირთო გემებია, რომლებსაც არა აქვთ ძრავა და ხშირად მათ სხვა გემი ბაგირით გადააადგილებს. სწორედ ბუქსირის მოლოდინში მყოფ კარჭაპს შეემთხვა ყველაზე ცნობილი ამბავი, რომელიც 4 იანვარს მოხდა. ბარჟას, სახელწოდებით „УДП-1724“, როგორც ფირმის პრესსამსახური იუწყება, თავს დაესხა დანებით შეიარაღებული თხუთმეტი კაცი. ამბავი ასეა აღწერილი: თავდამხსმელებმა მოითხოვეს სიგარეტი, ფული, საწვავი, გაჩხრიკეს კარჭაპი, კაპიტანს და მატროსს დანით დაემუქრნენ და წყალში გადაგდებას უპირებდნენ. „მძარცველებმა“, რომლებიც ნავებით მივიდნენ ბარჟასთან, თან წაიღეს შედარებით ახალი საბუქსირო ბაგირი, 100 მეტრის სიგრძისა, და ძველი სანაპირო ბაგირები, სულ 150 მეტრის. ეს იყო ამ „დუნაის მეკობრეების“ ნადავლი.
ჩვენ მათ მეკობრეებს ვერ ვუწოდებთ. ესენი არიან დამნაშავეები, რომლებიც თავს ესხმიან გემებს ...

საბედნიეროდ, მეზღვაურები არ დაზარალებულან. სააქციო საზოგადოებამ ჰირშოვის და ფეტეშტის ნავსადგურების პოლიციის განყოფილებებს მიმართა. მედიაში გავრცელდა ცნობა კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც „მეკობრეების“ წარმატებით ვერ დაგვირგვინდა - მათ ბარჟა ხელცარიელი დატოვეს. ასეთი შემთხვევები არაა იშვიათი და ძირითადად ეხება ბარჟებს, რომლებსაც თვითონ გადაადგილების საშუალება არა აქვთ და საბუქსირე გემებს ელიან. მათი თავმოყრის ადგილებში ხდება თავდასხმა და ძარცვა, იუწყება სააქციო საზოგადოება, რომელიც კონკრეტულ არეალსაც ასახელებს - ესაა რუმინეთის ტერიტორიაზე, დუნაის 240-დან 350-მდე კილომეტრში, სადაც ბარჟების შემადგენლობები იყრიან თავს. დიდი იყო უკრაინელების უკმაყოფილება, რადგან მათი გემები, ჩანს, არაერთხელ აღმოჩნდნენ ასეთი თავდასხმის სამიზნე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუმინეთის ელჩი გამოიძახა. ჩვენს რადიოსთან საუბარში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლექსანდრ დიკუსაროვმა არ ისურვა მეკობრეობა ეწოდებინა ასეთი ინციდენტებისთვის:
გამოძიება დაწყებულია რუმინეთში, მდინარე დუნაიზე, უკრაინის სატრანსპორტო კარჭაპზე თავდასხმის საქმის გამო ...

„ფაქტს ვადასტურებთ. ეს მართლაც მოხდა ოთხ იანვარს. ჩვენ მათ მეკობრეებს ვერ ვუწოდებთ. ესენი არიან დამნაშავეები, რომლებიც თავს ესხმიან გემებს, მათ შორის უკრაინულს. მათ ასმეტრიანი ბაგირი წაიღეს. ბუქარესტში ჩვენი საელჩოს მეშვეობით მივმართეთ რუმინეთის შესაბამის სამსახურებს, გამოიძიონ მომხდარი და აგვიხსნან, რა მოხდა. ახლა პასუხს ველოდებით.“

რუმინულ მხარეს რაღა დარჩენოდა, ოფიციალურად უპასუხა უკრაინას, რომ გამოძიება დაიწყო. დორის მირჩამ, რომელიც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ კიევში მათმა საელჩომ უკრაინის ოფიციალური საჩივარი 26 იანვარს მიიღო და გამოძიება დაწყებულია:

„საჩივარი რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავეცით. ამგვარი საქმეები მან უნდა გამოიძიოს. კიევში რუმინეთის საელჩომ შეატყობინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გამოძიება დაწყებულია რუმინეთში, მდინარე დუნაიზე, უკრაინის სატრანსპორტო კარჭაპზე თავდასხმის საქმის გამო.“

მირჩას თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოფიციალური საჩივარი შევიდა ასეთი ამბის თაობაზე. რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას წერილობით უპასუხა, რომ ადრე მსგავსი ინციდენტები სამინისტროს მიერ არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და ბულგარეთის მედია მეკობრეების მიერ სატრანსპორტო გემების ძარცვის შესახებ იუწყება.

თუ მეკობრეები არიან კარგად შეიარაღებული პირები, სომალელების მსგავსად, რომლებიც თავს ესხმიან გემს და მთლიანად იტაცებენ მას გაძარცვის ან გამოსასყიდის მიღების მიზნით, მაშინ დუნაიზე მეკობრეობა არ არსებობს. მედია იმასაც იუწყებოდა, რომ მეზღვაურები ხშირად თვითონ იპარავდნენ თავიანთივე გემის ტვირთს და ამაში „მეკობრეებს“ ადანაშაულებდნენ. უკრაინის კარჭაპზე თავდასხმის გამოძიებაში ჩართულმა პირმა, რომელმაც არ გაგვიმხილა თავისი ვინაობა, აგვიხსნა, რომ ხშირად საქმე გვაქვს არა მეკობრეობასთან, არამედ მცირე კონტრაბანდასთან, რომელიც ყოველთვის ხდებოდა დუნაიზე. მისი თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ხანდახან ასეთი შემთხვევები უთანხმოებით და ძალადობით მთავრდება. დუნაისპირეთის ამ არეალში მეთევზეები ცხოვრობენ. ისინი გაჭირვებულები არიან. ესენი არიან რუმინეთის რუსულენოვანი მოქალაქეები, რომლებიც ხშირად მდინარეზე მოძრავ გემებთან მიდიან და იქ ან ყიდულობენ, ან ცვლიან საქონელს. მათ სიდუხჭირე თავისთავად აქცევს დამნაშავედ დღევანდელ პირობებში, რადგან კანონის გვერდის ავლით უწევთ მოქმედება და ძირითადად ჯართზე არიან ორიენტირებული - მას იაფად ყიდულობენ მეზვაურებისგან და საკუთრივ რუმინეთში, ადგილობრივ ბაზარზე, უფრო იაფად ყიდიან. მეზღვაურები კი საკუთარი გემიდან მოპარული ჯართის საფასურს ჯიბეში იდებენ. ჩვენს ინკოგნიტო თანამოსაუბრეს თუ მოვუსმენთ, ის ვარაუდობს, რომ სწორედ ასეთი გარიგების შემდეგ მოხდა ოთხ იანვარსაც დაპირისპირება. ბარჟა გაჩერდა თვალს მოფარებულ ისეთ ადგილას, რომელსაც პოლიცია ვერ აკონტროლებს, იმისათვის, რომ - ალბათ, ფულის გადასაცემად - მეთევზეებს შეხვედროდა. მეზღვაურებს დანები ყოველთვის თან აქვთ. ასე რომ, თუ მათ უთანხმოება ჰქონდათ, ვერ მორიგდნენ, არ არის გამორიცხული, მომხდარიყო ის, რასაც შემდეგ ძალადობა მოჰყვა. თუმცა, ამბობს თანამოსაუბრე, გამოძიებამ დეტალები უნდა დააზუსტოს და დაადასტუროს. მისი თქმით, საშუალოდ მდინარის ყოველ 50 კილომეტრიან მონაკვეთს სამი პოლიციელი იცავს. საქმე ისიცაა, რომ როცა ბარჟები ჩერდებიან და ბუქსირს ელიან, რუმინეთის შესაბამისი უწყებების მიერ მათთვის გამოყოფილია საგანგებო ადგილები, რომლებსაც პოლიცია იცავს. ეს ადგილები უსაფრთხოა ტვირთისა და მეზღვაურებისთვისაც, მაგრამ იქ მალული გარიგებების საშუალება აღარ არის და მოგებასაც ვეღარავინ ნახულობს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG