Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 თებერვალი, 2012


დღევანდელი პრესის ყურადღების ცენტრში ძირითადად შიდაპოლიტიკური ამბებია. თუმცა, ვიდრე პოლიტიკაზე გადავალ, ”რეზონანსის” ერთ სტატიაზე გეტყვით. სათაურია - ””იმელის” შენობის დანგრევის მოლოდინში”. ავტორი წერს: ”14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მდებარე „იმელის“ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენის საკითხს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენლები თვლიან, რომ სტალინური პერიოდის არქიტექტურის უნიკალური შენობა თბილისის ისტორიის ნაწილია და ის უნდა გადარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ მერიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, „იმელის“ დემონტაჟის ნებართვა არ გაგვიციაო, ფაქტია, რომ შენობა სახურავგადახდილი და სვეტებჩამონგრეულია და ჟამთა დინებას ელოდება, რომ თავად დაინგრეს.”

”რეზონანსშივე” დღეს წაიკითხავთ - ”თორთლაძის ფრაქციის გადასარჩენად ქდმ მზადაა რეგლამენტი დაარღვიოს”. ”უმცირესობის გადასარჩენად ქრისტიან-დემოკრატები თორთლაძეს რატი მაისურაძეს აძლევენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ თორთლაძის ფრაქციას გადაარჩენს დაშლისგან. უმცირესობას კი ერთი ადამიანი კიდევ სჭირდება, რომ არ დაიშალოს და პრივილეგიები შეინარჩუნოს.”

”24 საათი” ამავე თემაზე - ”უმცირესობა მეორედ არის გადასარჩენი”: „პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მოახლოვდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა საპარლამენტო უმცირესობა მიხეილ სააკაშვილს შარშანდელივით გაუწიოს ოპონირება. საპარლამენტო უმცირესობის დაშლის საკითხი ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ დადგა”. ”24 საათისთვის” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ხათუნა გოგორიშვილს უთქვამს, რომ ”თუ შენარჩუნდება ორი ფრაქცია - ”ქრისტიან-დემოკრატები” და ”ძლიერი საქართველო“, მაგრამ დაიშლება უმცირესობა, მათი დანაკარგი, ძირითადად, სიტყვით გამოსვლის დროს შეეხება”.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალაზე დღესაც ბევრი პუბლიკაცია ქვეყნდება. ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ ირაკლი კაკაბაძესთან ინტერვიუს. კაკაბაძე ამბობს: ”თუ ივანიშვილის ძალა ლიბერალურ დისკურსს აირჩევს, მაშინ ისიც იმავე პრობლემას შექმნის, რაც ”ვარდების რევოლუციამ” წარმოშვა. დღეს საჭიროა არა ლენჩი ლიბერალების დისკურსი, რომლებიც ბოკერიასა და რამიშვილის ლანდებს დასდევენ, არამედ სოციალური დემოკრატიის ხედვა.”

”კვირის ქრონიკა” საფრანგეთში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ოქრუაშვილი ივანიშვილს მიმართავს: ”მე რომ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა მინდოდეს, სულ დეტალურად ჩამოგითვლიდით იმ უამრავი ტყუილის შესახებ, რასაც თქვენ ხელისუფლების, განსაკუთრებით პოლიციისა თუ თავდაცვის სფეროს დაფინანსებაზე ამბობთ იმავე ინტერვიუში, სადაც მე მდებთ ბრალს. თქვენი მხრიდან ტყუილის თქმას ერთი პლუსი უდავოდ აქვს, ეგ პოლიტიკოსის თანმდევი უარყოფითი თვისებაა, ანუ პოლიტიკოსად უკვე შემდგარი ხართ!”

”ახალ თაობას” „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ეუბნება: ”...სინამდვილეში ივანიშვილის სასახლის კარზე სააკაშვილის წასაქცევ კონფიგურაციაზე კი აღარ მიდის ლაპარაკი, არამედ მომავალ პარლამენტში მეორე ადგილის აღებისა და ამ პოზიციის მიღების შემდეგ რამდენიმე ფრაქციის ფორმირების შესაძლებლობაზე. აი, ამიტომაც მიმდინარეობდა ამდენ ხანს ვაჭრობა ”ეროვნულ ფორუმთან”, რადგან დანარჩენი სუბიექტები, ვინც დღეს არიან ივანიშვილთან, კარგად ხვდებიან, რომ ნებისმიერი მათი თანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტის შემომატება სიაში გამსვლელი ადგილების რაოდენობას შეამცირებს”.

”ასავალ-დასავალი”, ინტერვიუ გუბაზ სანიკიძესთან: ”თებერვლის ბოლოსთვის უკვე მასშტაბურ ქმედებებზე გადავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო გაზაფხული გველოდება!” ამავე ინტერვიუში სანიკიძე აცხადებს: ”სააკაშვილი ვერანაირად ვერ დარჩება ხელისუფლებაში!”

”ასავალ-დასავალშივე” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ივანიშვილს შეუძლია დაამშვიდოს საკუთარი პოლიტიკური პარტნიორები და თანაგუნდელები, რომლებსაც, როგორც ეტყობათ, პანიკურად ეშინიათ ბურჯანაძის - მე არ ვაპირებ საარჩევნო ბლოკში მათთვის კონკურენციის გაწევას!”

”ასავალ-დასავალს” ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ივანიშილისთვის მოქალაქეობის მინიჭების პერსპექტივას განუმარტავს: ”14 თებერვალს დასკვნა უნდა დაიდოს, 5 მარტამდე კი პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მას სხვა გზა არა აქვს და, ვფიქრობ, ბატონ ბიძინას უნდა მიანიჭოს მოქალაქეობა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG