ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავი პილაის შეფასებით, სირიაში „საშინელი“ ვითარებაა. პილაი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს "ჰუმანიტარული ზავი" და სირიაში შეუშვას დამოუკიდებელი მეთვალყურეები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ მოწოდებით პილაი გამოვიდა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც სირიაში შექმნილი ვითარების განსახილველად დაინიშნა. ცნობების თანახმად, სირიის დელეგაცია შეხვედრიდან გავიდა, მისი განცხადებით, „სტერილური დისკუსიის“ გასაპროტესტებლად. ცნობების თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, როგორც ჩანს, მზადაა, მხარი დაუჭიროს რეზოლუციის პრეოქტს, რომელიც გმობს ადამიანის უფლებათა „ფართოდ გავრცელებულ და სისტემატურ“ დარღვევას სირიაში. ამასობაში, სირიის სამთავრობო ჯარები განაგრძობენ თავდასხმებს ქალაქ ჰომსზე და ანტისამთავრობო გამოსვლების სხვა ცენტრებზე. სამშაბათს მოხერხდა სირიიდან, სულ ცოტა, ერთი დაჭრილი ჟურნალისტის გაყვანა.
ყველაზე პოპულარული
1