Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ექიმები სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ


ექიმების საპროტესტო აქცია ზუგდიდში, 2010 წელი
ექიმების საპროტესტო აქცია ზუგდიდში, 2010 წელი
ხობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდან არაკვალიფიციურობის მოტივით დათხოვნილი 7 ყოფილი თანამშრომელი კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ ათი თვის გაუცემელი ხელფასების ანაზღაურებას სასამართლოში ედავება. როგორც ყოფილი ექიმები ამბობენ, ისინი სამსახურიდან ისე დაითხოვეს, რომ კომპანიას მათთვის სახელფასო დავალიანება არ გადაუხდია.

„ბლოკ ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვანო მაისურაძემ ზუგდიდში დაფუძნებულ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სახელფასო დავალიანების საკითხი სადავოა, თუმცა აქვე განმარტა, რომ კომპანიამ ყოფილი ექიმების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო.

უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის განყოფილების ყოფილი ექიმების ადვოკატის დავით პაპავას მტკიცებით, სასამართლო პროცესი ამჟამად შეჩერებულია და ის არავის მოუგია. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება და საქმის განხილვა ხობის რაიონულ სასამართლოში უახლოეს დღეებში განახლდება.

ხობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს დირექტორის ფიქრია დვალაძის განცხადებით, ექიმები სამსახურიდან ტესტირებისას გამოვლენილი არაკვალიფიციურობის მოტივით დაითხოვეს. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, დვალაძე ამბობს, რომ ეს სამედიცინო ცენტრის მფლობელის, კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ კომპეტენციაა.
XS
SM
MD
LG