Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავღანეთში თალიბების მხრიდან შურისძიებას ელოდება


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედ საერთაშორისო ძალებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო თალიბანი პირობას დებს, რომ შურს იძიებს იმ მასობრივი მკვლელობის გამო, რაც ამერიკელმა ჯარისკაცმა კვირას მოაწყო. სამხრეთ ყანდაარის პროვინციაში ამერიკელმა ჯარისკაცმა ერთ-ერთ სოფელში 16 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დახოცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა საზარელი ფაქტის გამო სამძიმარი გამოუცხადა ავღანელ ხალხს და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ჰამიდ კარზაი აცხადებს, რო ამერიკელმა ჯარისკაცმა უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა და „უდანაშაულო ადამიანები განზრახ დახოცა“.

ტრაგიკული ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ქაბულმა და ვაშინგტონმა თითქმის ბოლომდე მიიყვანეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ორმხრივი დოკუმენტი ადგენს ამერიკული ჯარების გრძელვადიანი ყოფნის პრინციპებს, 2014 წლისათვის დაგეგმილი საბრძოლო ოპერაციის დასრულების შემდეგ. ავღანეთის პარლამენტის წევრის შაღულ რეზაის აზრით, 11 მარტის ინციდენტი ხელს შეუშლის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას:

„მსგავსი ინციდენტი გაართულებს ავღანელი ხალხისა და კოალიციური ჯარების ურთიერთობას და, ცხადია, უარყოფითად აისახება აშშ-სა და ავღანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.“
ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ ყანდაარის პროვინციაში გუშინ მომხდარი ინციდენტით. ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობა მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო ...

მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა ცეცხლზე ნავთის დასხმაა იმ დროს, როდესაც ავღანეთში არ ჩამცხრალა მღელვარება, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ყურანის შეურაცხყოფას მოჰყვა. 20 თებერვალს ბაგრამის ამერიკული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა დაწვეს ყურანი, რამაც ავღანელთა განრისხება გამოიწვია. ექვსდღიან ძალადობას 30 კაცი - მათ შორის, ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი - შეეწირა.

11 მარტს მომხდარი სასტიკი მკვლელობის მიზეზები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ ჯარისკაცს, რომელმაც 16 ადამიანი მოკლა, თანამზრახველებია არ ჰყოლია. თუმცა ავღანური სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში კიდევ სხვა ჯარისკაციც შეიჭრა. ნატოს ჯარების პრესსპიკერმა, გენერალმა კარსტენ იაკობსონმა ორშაბათს პირობა დადო, რომ ნატოს სარდლობა საზარელი დანაშაულის ყველა დეტალს გამოიძიებს:

„ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ ყანდაარის პროვინციაში გუშინ მომხდარი ინციდენტით. ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობა მწუხარებას გამოთქვამს მსხვერპლის გამო და ღრმად თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ვპირდებით ღირსეულ ავღანელ ხალხს, რომ მომხდარი სწრაფად და სრულყოფილად იქნება გამოძიებული.“

ავღანეთის პარლამენტმა კი მოსთხოვა აშშ-ის მთავრობას, ღია სასამართლო პროცესზე მოხდეს დამნაშავეების გასამართლება.

თალიბანმა ამერიკელ ჯარისკაცებს ავადმყოფური გონების ხალხი უწოდა და დაიმუქრა, რომ „შურს იძიებს“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG