Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე რუსეცკი - ფსიქოლოგი


4 მარტი, კვირა
დილით ჩვენი ექსპედიცია ნოკორნის ხეობაში გაემგზავრა. მთავარი ამოცანაა - შევისწავლოთ წმინდა მეფე არჩილის მოღვაწეობის ის პერიოდი, რომელიც ხიდრისში მისი რეზიდენციის დაარსებას უკავშირდება...

გელა ამისულაშვილი - ისტორიკოსი, ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელი; თამარ კობახიძე - ფილოლოგი და ძირითადი მკვლევარი წმინდა მეფე არჩილის ისტორიისა; პროფესიონალი ფოტოგრაფი გია გოგატიშვილი; და ჩემი ორი პატარა - გიო და ლადო... ბულაჩაურის გადასახვევთან შემოგვიერთდნენ ნუნუკა მღებრიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი სოსო ჭინჭარაული.

კარგი ამინდი გამოდგა მუშაობისთვის...

ბულაჩაურის წყალსაცავის ცენტრალური შესასვლელი რომ გავიარეთ, სოსომ გააჩერა მანქანა ლომისის პატარა ნიშთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია აქ ჩამოსახლებული მთიელებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის.

წინა საუკუნის 70-იან-80-იან წლებში აქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით სამაროვნები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სადღაც აქ უნდა ყოფილიყო წმინდა მეფე არჩილის ე.წ. ხიდრისის რეზიდენცია. ქართლის ცხოვრებაში ხიდარი მეფე არჩილთან დაკავშირებით მოიხსენიება: „გარდავიდა არჩილ ეგრისით და დაჯდა ნაციხვარსა თანა ხიდარისსა“.

როგორც რამინ რამიშვილი აღნიშნავს, ამ ტექსტიდან ჩანს, რომ VIII საუკუნის შუა ხანებისათვის ხიდარი უკვე ნაციხვარი ყოფილა. ის, რომ ეგრისიდან ქართლში გადმოსული არჩილ მეფე თავის რეზიდენციად თანამედროვე აბანოსხევის ადგილას მდებარე ხიდარს ირჩევს, ადრეულ შუასაუკუნეთა ხანის საქართველოში ამ ადგილის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ისტორიკოსების აზრით, მოგვიანებით, რეზიდენციის გარშემო ხალხი დასახლდა და ასე შეიქმნა სოფელი ხიდრისი, რომელსაც შემდგომში აბანოსხევი დაარქვეს. ლეგენდის მიხედვით აქ აღმოჩენილი თიხის მილებით ცხელი წყალი მიეწოდებოდა მცხეთის აბანოებს. დღეს აქ თერმული წყარო აღარ არსებობს; სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ამ საქმეში გეოლოგების ჩართვა.

რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ და ქალბატონმა თამარმა დაიყვირა: „შეაჩერეთ მანქანა, შეხედეთ ამ მთას!“ ჩვენ თვალწინ მართლაც უნიკალური ხედი გადაიშალა: აბანოსხევის მოპირდაპირე მხარეს მოჩანდა უნიკალური თავდაცვითი სისტემა, რომელიც წარმოადგენდა უნიკალური, ხელთუქმნელი ლანდშაფტის და მასში ლამაზად ჩაწერილი სამხედრო დანიშნულების სიმაღლეს, რომლის შუაწელს ამშვენებს მე-15 საუკუნეში აშენებული ბოდორნის ღვთისმშობლის თაძარი. ტაძრის გარშემო კი ე.წ. ბოდორნის საქვაბეებია.

გამახსენდა, რომ ბატონი რამინი თავის სტატიაში აღნიშნავს რომ „ეს ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა კახეთის ხევში (ქვეყანაში) შესასვლელს, უნდა მდგარიყო აბანოსხევის ორივე მხარეს, რომ შესძლებოდა ისტორიული კახეთის მისადგომების დაცვა სამხრეთ-დასავლეთიდან“.
თავისუფლების დღიურები - ალექსანდრე რუსეცკი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:56 0:00

ესე იგი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი მხრიდან სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა ეს უნიკალური თავდაცვის სისტემა, რომელიც, რა თქმა უნდა, VIII საუკუნეში უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

მეგონა, რომ ორ ციხეს შორის უნდა ყოფილიყო მცირე ადგილი და მათ შორის - ხიდი. მაგალითად, როგორც ის ნარიყალასა და მეტეხის ციხეს შორისაა გადებული. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ორი ციხე სხვა პრინციპის მიხედვით ყოფილიყო განლაგებული. ანუ, ციხე მაშინდელი მდინარის კალაპოტის იმ ადგილას უნდა ყოფილიყო, სადაც მტრის ცხენოსნები „ფონს იოლად გავიდოდნენ“. მაგრამ მაშინ აქეთა მხარეს მეორე ნაგებობა უნდა ყოფილიყო.

სოფლის აღმოსავლეთით, აბანოსხევის ნაპირას, შემორჩენილია ზურგიანი კოშკის მეტად ცუდად დაცული ფრაგმენტი. ვეძებდით ამ კოშკს, მაგრამ ეკლესიის ნანგრევები ვიპოვეთ; ანუ, VIII-XI საუკუნეების ტაძარი. აღმოჩნდა რომ ეს არის ხიდრისის ჯვარპატიოსანი. საინტერესოა, რომ ეკლესიაც და გალავანიც აშენებულია რიყისა და შირიმის ნათალი ქვით და კირის გამოყენებით. ესე იგი, შეიძლება ვივარაუდოთ რომ, მეფე არჩილის ეგრისიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ალიზის აგური არ იყო გამოყენებული თავდაცვითი სისტემის აგებისა და განახლების პროცესში, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ სადღაც აქ ახლოს უნდა იყოს საფორტიფიკაციო ნაგებობების ჯაჭვი.

სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ეს ეკლესიაც და, სავარაუდოდ, მთელი საფორტიფიკაციო ნაგებობების სისტემაც, ბულაჩაურის წყალსაცავის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც შესვლაც კი აკრძალულია.

მოქმედი ეკლესია სოფელში არ არის. სოსოსა და სოფლის მკვიდრთ ძალიან გაეხარდათ, რომ ძეგლის აღდგენის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. იმედია, წყალსაცავის მმართველები, გუბერნია და საპატრიარქო დაგვეხმარებიან და მალე ეს ულამაზესი ძეგლი დაიბრუნებს თავის მრევლს. სავარაუდოდ, გაწმენდითი სამუშაობები შესაძლებელია, დაიწოს მაისის თვეში ისე, რომ 20 მაისს ერთად ვიზეიმოთ აქ ჯვართამაღლების დღესასწაული.

ეკლესიის ეზოში ბავშვებმა ბებოს ულამაზესი იები დაუკრიფეს.

5 მარტი, ორშაბათი
მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. პირველ ლექციაზე მივდივარ დოქტურანტურაში. როგორც იქნა, მოვიცალე და ჩავაბარე. მადლობა ღმერთს!

ლექციას მხოლოდ სამნი ვესწრებით. საოცარი გრძნობაა, 43 წლის კაცი ლექციაზე რომ შედიხარ და სტუდენტური ქცევები გიბრუნდება. ეს მართლა ბედნიერებაა!

საინტერესო ლექტორი აღმოჩნდა ქალბატონი თამარ კორძაია - იგი ბავშვთა ფსიქოლოგიას გვიკითხავს. რომ მკითხა, ბავშვთა ფსიქოლოგიის განხრით რატომ ჩააბარეო, გულწრფელად ავუხსენი, რომ მყავს ორი ვაჟი - ლადო და გიო. მინდა, რომ პროფესიონალი ფსიქოლოგი ვიყო და ჩემი ცოდნა მათს აღზრდაში გამოვიყენო. გარდა ამისა, მეცნიერება მიზიდავს.

და კიდევ ერთი რამაა: ვგრძნობ, რომ დამღალა ამ „პოლიტიკანობამ“. მინდა ვისწავლო და მინდა ვასწავლო. მინდა, გარედან აღვწერო ის, თუ რა ხდება და რითი შეიძლება ვუშველოთ ქვეყანასა და საკუთარ თავს.

სხვათა შორის, პირველივე ლექციაზე გამიმართლა. ის ტერმინი ვიპოვე, რომელსაც ვეძებდი. ქალბატონი თამარი დამეხმარა. ეს ტერმინი ცენტრაციაა.

ჟან პიაჟეს გენეტიკური თეორიის მიხედვით, ცენტრაცია არის ეგოცენტრისტული აზროვნების თვისება, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ განვითარების გარკვეულ დონეზე ბავშვს უჭირს მიიღოს ობიექტური დამკვირვებლის პოზიცია. იგი არსებული სისტემის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს ირჩევს და მთელ სისტემას ამ ფრაგმენტის მეშვეობით აღიქვამს.

ეს ინფორმაცია მომავალში იმ მიზეზების სწორად წარმოდგენაში დაგვეხმარება, თუ რატომ ვიმყოფებით ამდენი ხნის განმავლობაში კრიზისში. ვვარაუდობ, რომ ეს არსებული კონფლიქტებისა და პრობლემების არაადეკვატური აღქმაა, რომელიც ჩვენი ეგოცენტრიზმით არის გამოწვეული.

მძიმე, მაგრამ საინტერესო დღე გამოვიდა.

6 მარტი, სამშაბათი
დილით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩავუტარე სემინარი - „ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების პროცესი“. ძალიან კარგი სტუდენტები არიან!

...დამირეკა გელა კვეშელავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან. მგონი, პოზიტიურად შეაფასეს ჩემი და ანტიკრიზისული საბჭოს წევრის ლევან ადეიშვილის ინიციატივა - შეიქმნას სუიციდის პრევენციის ეროვნული კონცეფცია და მოქმედების გეგმა.

იმედია, ამ დღეებში მოხერხდება პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეკრება და ამ საკითხის ადგილიდან დაძვრა. დარწმუნებული ვარ, არაერთი ადამიანის გადარჩენას შევძლებთ. მაგალითად, ჩვენმა ჟურნალისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა რომ გაითვალისწინონ „ვერთერის სინდრომის“ არსებობა და სუიციდის შესახებ ინფორმაცია ისეთი სახით არ გაავრცელონ, როგორც ამას ხშირად ვხვდებით, ბევრი გადაურჩება ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევას. საქმე ის არის, რომ ცალკეული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ზრდის განმეორებითი მიბაძვითი სუიციდალური ქმედებების ალბათობას. ეს დამტკიცებულია. ჩვენმა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ საქართველოში სუიციდის რამდენიმე კერა არსებობს.

საღამოს დავესწარი მეორე ლექციას წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში. ირაკლი მაჩაბელი უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტს გვიკითხავს. განსაკუთრებით დავინტერესდი სორბონის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით, რომელიც, პრაქტიკულად, ფედერაციული სისტემის ტიპს წარმოადგენს. რა საინტერესოა, რატომ არ შეიძლება, ჩვენშიც ხდებოდეს კერძო უნივერსიტეტების თანამშრომლობა, გაერთიანება. ეს ხომ მთელ განათლების სისტემას გააძლიერებდა! ჩვენში ერთ-ერთი დიდი პრობლემა კორპორაციული კულტურის არარსებობაა.

გაოცებული დავრჩი ბატონი ირაკლის ინფორმაციით იმის შესახებ, რომ, თურმე, ვაჩნაძეების მიერ დაფუძნებულ იყალთოს აკადემიაში სწავლა, თავდაპირველად, სამი განხრით მიმდინარეობდა: მჭედლობა, მეკეცეობა (კერამიკა), მევენახეობა. რა კულტურა არსებობდა და რა კულტურა განადგურდა! პრინციპში, თვითგანადგურების ტრადიცია ახლაც გრძელდება.

ჩემთვის ასევე, საინტერესოა, თუ როგორი პრინციპებით და მექანიზმებით ვითარდება სოციალური სისტემების სუიციდი. რატომ და რისთვის ვუწყობთ ხელს თვითგანადგურებას. ნუთუ არ შეიძლება, შევინარჩუნოთ ის კარგი, რაც საუკუნეების განმავლობაში შევიძინეთ? ასეთი ქცევა ხომ ნეობოლშევიზმია?!

7 მარტი, ოთხშაბათი
...„ოთხშაბათიც ხომ შაბათია!“... დილით ერთ უნივერსიტეტში ვასწავლი, საღამოს კი მეორე უნივერსიტეტში - ვსწავლობ. როგორც კონტრასტული შხაპი, ისეა ეს ჩემი ჯანმრთელობისათვის.

მადლობა უფალს ყველაფრისათვის...

...დღეს ღუტა ღლონტის დაბადების დღეა. იგი შეერთებულ შტატებში წავიდა საცხოვრებლად და იქედან ჩამოასვენეს მისი ცხედარი. ძალიან დაგვაკლდა ნათესავებსა და მეგობრებს. ძალიან თბილი ადამიანი იყო ღუტა. რამდენიმე კვირის წინ გათხოვდა მისი ქალიშვილი, თეა. გაჰყვა დათო ტაბატაძეს, ძალიან კარგ ახალგაზრდას. უფალი იყოს მათი ოჯახის მფარველი!

8 მარტი, ხუთშაბათი
... დედას ქოთნიანი ყვავილი მინდა ვაჩუქო. ბოლო დროს განსაკუთრებით მაღიზიანებს, როდესაც ვხედავ ცელოფანში შეხვეულ მოჭრილ ყვავილებს. და, რაც უფრო ლამაზია ყვავილი, მით უფრო ვღიზიანდები ამით. ვღიზიანდები იმით, რომ იყიდება მოჭრილი სილამაზე. ამიტომ ვეძებ ყვავილს, რომელიც ქოთანშია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია...

...გელა ცუდ გუნებაზეა. თელავში მამამისი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 120 ლარი ჰქონდა ხელფასი. თან უთქვამთ, ახალი კანონის თანახმად პენსიონერებს უფლება არ აქვთ, პენსიაც მიიღონ და ხელფასიცო. ამიტომ, რაც ამ თვეებში ხელფასი მიიღეთ, პენსიიდან დაგექვითებათო. ასე შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ ამ არამზადებმა. ეს არის XXI საუკუნის ქართული დარვინიზმი.

...მეზობელს გულის ძლიერი შეტევა ჰქონდა. ძლივს ამოვიყვანეთ საკაცით ერთოთახიანი ნესტიანი სარდაფიდან. 20 კვადრატულში ცხოვრობს, საშინელ პირობებში, ცოლთან, ვაჟთან და მოხუც დედასთან ერთად. მათ სარდაფში, კარადაზე, სამი გალია დგას. გალიებში კი თუთიყუშები სხედან. აუცილებელია, ყველა ჩიტი გალიაში იჯდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სარდაფის კუთხეში ვირთხის დიდი სოროა... მოკლედ, ეტყობა, გალიაში უნდა ვისხდეთ ჩვენივე უსაფრთხოებისათვის.

9 მარტი, პარასკევი
რუსთავის მუნიციპალიტეტში შეხვედრა მაქვს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის მოწვევით ჩამოვედი. რუსთავი უნიკალური ქალაქია. მალე აქ მოხდება სასწაული და ეს ქალაქი მეტალურგიის ისტორიის საერთაშორისო მემორიალური ცენტრი გახდება. მომავალ კვირას შევხვდები ქალაქის მერს, ზაქარია დარჩიაშვილს. ამაზე დღეს შევთანხმდით. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მემკვიდრეა უნიკალური რკინის ცივილიზაციის (ცირკუმპონტიული მეტალურგიული ცივილიზაციის), რომლის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია იყო დღევანდელი კავკასია. ეს საგანძური კი, პირველ რიგში, რუსთავმა უნდა გამოიყენოს.

მაგრამ ჩემი ჩამოსვლის მიზანი დღეს მხოლოდ რუსთავის გაბრწყინებაზე ზრუნვა არაა - დღევანდელ გაჭირვებასთანაა დაკავშირებული. აქაც უამრავი დევნილია აფხაზეთიდან და მათ დახმარება სჭირდებათ. ამ პროგრამას „ღია ფანჯარა“ ჰქვია. მე ფასილიტატორის ფუნქცია მაკისრია. დარბაზში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და თვითმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ პირისპირ კი ის გაჭირვებული მოქალაქეები არიან, ვისი პრობლემებიც ვერა და ვერ მოგვარდა.

შვიდი „კეისი“ განვიხილეთ. მგონი, შვიდივე საქმე დევნილების სასარგებლოდ გადაწყდება. ყველა დაპირება ვიდეოთი გადავიღეთ, ამიტომ პროცესის მონიტორინგიც იოლი იქნება.

უმძიმესი განცდით წამოვედი. 20 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ მოახერხა ადამიანებისათვის ელემენტარული პირობები შეექმნა. მათი არსებობა ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მიმდინარეობს...

10 მარტი, შაბათი
დღეს ძალიან საინტერესო ადამიანს ვესაუბრე, ხატმწერს - თემურ ჯაფარიძეს. მას ასევე იცნობენ, როგორც თევდორე-ხატმწერს. ჩვენი თხოვნით მან უნიკალური ხატი დაწერა - წმინდა არჩილ მეფისა და აფხაზთა მეფის, ლეონ პირველის. ვისაუბრეთ ახალი ხატის სიუჟეტზე. ჩვენი თხოვნით, მასზე უნდა იყოს აღბეჭდილი სამი მეფე, რომლებიც ხელთუქმნელ ანაკოფიის ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობენ. ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური ხატი - „ხატის ხატი“...

წმინდა მეფე არჩილამდე აფხაზეთში ვერავინ შევა. მის მერე შევა მისი ძმა მეფე მირი, მეფე მირს მიჰყვებიან ის მეომრები, რომელბმაც თავი გასწირეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ეს ჩვენი გაერთიანებული ზეციური ჯარია. მხოლოდ იმის მერე, რაც ზეცაში მოხდება შეთანხმება, დავინახავთ „აფხაზთელების“ ელიტარულ რაზმს, რომელშიც ერთად არიან ისინი, ვინც დღეს ბარიკადებს მიღმაა. ანაკოფიის ციხესთან მოხდება ზეციერი და მიწიერი ჯარების გაერთიანება.

მეფე ლეონი, მეფე მირი და წმინდა მეფე არჩილი.

და სამი მეფის გარშემო შეიკვრება ახალი წრე. მათ გარშემო კი იქნებიან სამი მეფის რაინდები. 60 რაინდი. მათ გარშემო კი - დანარჩენები... ასე წარმოვიდგენ ხოლმე ამ ამბავს და ასე მინდა, მჯეროდეს. ყველას თავისი საყრდენი აქვს, იმედი რომ არ დაკარგოს.

ხვალ ბოდორნის ტაძრისკენ მივდივართ. მთელი კვირა ველოდით ამ დღეს. საოცარი გრძნობაა! ვგრძნობ, რომ ტაძარი მელოდება. ვგრძნობ, რომ წმინდა მეფე არჩილი გველოდება...
XS
SM
MD
LG