Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალიზმი და დემოკრატიული ღირებულებები


დღეს ორ წიგნზე ვისაუბრებ. ერთი, თინათინ ბოლქვაძის “ქართული ნაციონალური იდენტობის წრთობა – ილიას ‘ივერია’”, მრავალწლიანი კვლევის შედეგია, მეორე კი, “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებაში”, ანთოლოგიაა, სადაც კლასიკური ლიტერატურის ის ნიმუშებია თავმოყრილი, სადაც, შემდგენლების აზრით, ყველაზე კარგად ჩანს ამ ღირებულებების ქართული ხედვა.

თინათინ ბოლქვაძის წიგნი პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ილია და გლობალიზაცია, ილია და ბეჭდური მედიის როლი და, ასევე, ილია და ქართული, უფრო ფართოდ კი, ქართველური ენების საკითხი. პირველ, ყველაზე ვრცელ თავს ასეც ჰქვია, “ილია და გლობალიზაცია”, სადაც ავტორი ცდილობს ახლებურად გაიაზროს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება თანამედროვე გლობალური სამყაროსა და XIX საუკუნის რუსული იმპერიული გლობალიზმის კონტექსტში:

“ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ დღევანდელი დრო არის ასეთი გლობალიზებული. ყველა პერიოდს თავისი გლობალიზებული სამყარო ჰქონდა და რუსეთის იმპერიაც, XIX საუკუნეში, იყო სწორედ ერთი დიდი გლობალიზებული სამყარო, რომელსაც თავისი მიზნები ჰქონდა და ეს მიზანი გამოხატული იყო როგორც ასიმილაცია - ერთადერთი პოლიტიკა, რომელსაც იგი აწარმოებდა იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ერქვა რუსეთი...”
ამ წიგნში ნაჩვენებია, ზოგადად რა ტიპის არის გლობალიზებული სამყარო, რა ინტერესები ჰქონდა რუსეთის იმპერიას და ამ ინტერესებს როგორ ეწინააღმდეგებოდა ქართული ინტელექტუალური ელიტა...
თინათინ ბოლქვაძე

ამ თავში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ ესმოდა ილიას იმპერია და საქართველოს ადგილი ამ იმპერიაში:

“ამ წიგნში ნაჩვენებია, ზოგადად რა ტიპის არის გლობალიზებული სამყარო, რა ინტერესები ჰქონდა რუსეთის იმპერიას და ამ ინტერესებს როგორ ეწინააღმდეგებოდა ქართული ინტელექტუალური ელიტა, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ როდესაც არა გაქვს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ან დაკარგული გაქვს ძველი სახელმწიფოებრიობა, ყოველთვის რთულია ნაციონალური იდენტობის შენარჩუნება. ამიტომ, როდესაც ცენტრალიზებულია სახელმწიფო, ერთი რაღაცა ნაწილი მიისწრაფვის, რომ თავი გამოგლიჯოს ამ ცენტრალიზაციას და ან მთლიანად დამოუკიდებელი გახდეს, ან მოახერხოს მის ფარგლებში გარკვეული ტიპის დამოუკიდებლობა შექმნას.”

თინათინ ბოლქვაძე არაერთხელ აღნიშნავს, რომ ილიას მსგავსი მოაზროვნეების კვლევა შეიძლება ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში დაგვეხმაროს. მისი აზრით, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ნაციონალური იდენტობების დეკონსტრუქცია ხდება, ილიას ტექსტებმა შეიძლება გვაჩვენოს, არსებობს თუ არა საერთოდ ძლიერი იდენტობის აგების საჭიროება.

მოგეხსენებათ, ილიას ეს ტექსტები ძირითადად “ივერიაში” იბეჭდებოდა და მკვლევარისთვის სწორედ ეს მასალა იყო ამოსავალი მონოგრაფიაზე მუშაობისას. წიგნის მეორე ნაწილი უშუალოდ ბეჭდური მედიის და მაშინდელი ჟურნალ-გაზეთების როლზე გვესაუბრება – ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცენზურაზე, მაშინდელ პოლემიკურ გარემოზე და, რაც მთავარია, ზოგადად მასმედიის შექმნისა და არსებობის პოლიტიკურ და კულტურულ პირობებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნის მესამე ნაწილი, რომელიც ქართულ სალიტერატურო ენასა და ზოგადად ქართველური ენების საკითხს შეეეხება. ეს თემა, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, დიდი ხნის გადაწყვეტილად უნდა ითვლებოდეს, ჯერ კიდევ ცხარე განსჯის საგანია. დღესაც ხშირად შეხვდებით მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ მეგრული და სვანური ენები კი არა, დიალექტებია, დღესაც ბევრი ლაპარაკობს რაღაც საფრთხეებზე. ყველაფერი ამის მიზეზები თინათინ ბოლქვაძის წიგნშიც კარგად ჩანს, კერძოდ კი ის, რომ ქართველურ ენათა კვლევას თავიდანვე პოლიტიკური ელფერი მიეცა და ამ კონტექსტის გამო მეცნიერებაც დაზარალდა და ქვეყანაც:

“არ არის ეს სადავო, რომ, ლინგვისტურად, მეგრული, სვანური და ლაზური, ქართულთან ერთად, ეს არის ენები, წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით... სხვა რამეა რა სოციალური ფუნქციები აქვს მას და რა სტატუსი ექნებათ. ეს ორი, ერთმანეთისგან გასამიჯნი საკითხებია და, როგორც წესი, ლინგვისტები ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებენ ხოლმე ამ საკითხების გარკვევაში, უფრო სწორად, არც არავინ აღებინებს ლინგვისტებს იმის გარკვევაში მონაწილეობას, თუ რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეს ენას. ლინგვისტები ხანდახან, სხვა მოქალაქეებივით, ან ტელევიზიით იგებენ ამ ამბებს, ან რადიოთი, ან რაიმე დეკრეტით იგებენ, თუ რა სტატუსი აქვს ამა თუ იმ ენას. სხვა საქმეა რამდენად ჩაერთვებიან ისინი ბრძოლაში და, სხვათა შორის, ამ ნაწილში ლინგვისტების წილი ვერ არის ისეთი დიდი, ასე ვთქვათ.”

ეს პრობლემა ქართული ენათმეცნიერების ერთ-ერთი მესაფუძვლის, ალექსანდრე ცაგარელის პირად ბედისწერაშიც აირეკლა. იგი პირველი იყო, ვინც ქართველური ენები ცალკე ოჯახად აღიარა და ეს დაახლოებით მაშინ ხდებოდა, როდესაც იანოვსკი ცნობილ პოლიტიკას ატარებდა სამეგრელოში, როდესაც ქართული უცხო ენად გამოცხადდა, რუსული კი სახელმწიფო ენის სტატუსით სარგებლობდა. ამის გამო ცაგარელი ლამის იანოვსკის გაუტოლეს. ბევრის აზრით, სწორედ ცაგარელის სამეცნიერო დასკვნებს ეყრდნობოდა ცარიზმი, როდესაც თავის იმპერიულ საგანმანათლებლო პოლიტიკას ატარებდა საქართველოში. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე აზრი ჰქონდა ცაგარელის შესახებ ილიასაც, მას ექვთიმე თაყაიშვილისთვის უთქვამს ერთხელ: “მე არ ვიცი, მეცნიერულად როგორია ცაგარლის მოსაზრება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მაგან ძალიან გვავნო, იანოვსკიმ და სხვებმა დაიხვიეს ხელზე და მოთხრა დაგვიპირესო.”
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა ძალზე საინტერესოდ აირეკლავს დემოკრატიულ ღირებულებათა ჩამოყალიბებისა და შეთვისების პროცესს, ხოლო ქართული ფოლკლორი ბუნებრივად არის მდიდარი ფუნდამენტური ღირებულებითი პრინციპებით...
ირმა რატიანი

მეორე წიგნი, რომელსაც დღეს შევეხები, როგორც გითხარით, ანთოლოგიაა და იგი ყველა პერიოდის (XX საუკუნის 20-იან წლებამდე) ქართულ ლიტერატურას მოიცავს, ტექსტებს და ფრაგმენტებს, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების ნიშნით გაერთიანდნენ. წიგნი ლიტერატურის ინსტიტუტმა მოამზადა გამოსაცემად და იგი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანის წინასიტყვაობით იხსნება, სადაც აღნიშნულია, რომ დემოკრატიული ღირებულებების გააქტიურება საზოგადოებრივი თვითშეგნების ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. ავტორი ანთოლოგიაში შეტანილი თუ მის მიღმა დარჩენილი ტექსტების სწორ ინტერპრეტაციას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და პროგრესის გარანტად მიიჩნევს. ჩემი აზრით, სწორთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მრავალფეროვანიც იყოს ეს ინტერპრეტაციები, რადგან სწორი ინტერპრეტაცია ტოტალიტარიზმის პირობებში შესაძლოა ერთადერთსაც ნიშნავდეს, ეს კი, როგორც ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, არ არის საუკეთესო გამოსავალი. ხოლო განსხვავებული წაკითხვების არსებობა ამ ტექსტებისა და ზოგადად კლასიკური ლიტერატურის ქმედითობის აუცილებელი წინაპირობაა.

ანთოლოგიას თან ახლავს შემდგენელთა მცირე წინასიტყვაობები: რუსუდან ჩოლოყაშვილის - ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ძველ ქართულ მწერლობაზე - დარეჯან მენაბდის, XIX საუკუნის ლიტერატურაზე - მაია ნინიძის, XX საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაზე კი - მაია ჯალიაშვილისა. ისევ ირმა რატიანის სიტყვებს დავიმოწმებ: “კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა ძალზე საინტერესოდ აირეკლავს დემოკრატიულ ღირებულებათა ჩამოყალიბებისა და შეთვისების პროცესს, ხოლო ქართული ფოლკლორი ბუნებრივად არის მდიდარი ფუნდამენტური ღირებულებითი პრინციპებით.”
განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი XIX საუკუნე, ანუ პერიოდი, როდესაც ამ დემოკრატიულ ღირებულებებს პირველად დაერქვა თავისი სახელები, პირველად გაჩნდა ცნებები – ლიბერალიზმი, შემწყნარებლობა, ეთნიკური თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, ანტისემიტიზმი, ქალთა ემანსიპაცია...

ამასთან დაკავშირებით არჩილ ჯორჯაძის წერილს - “ქალის სევდას” - გავიხსენებ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ამ საგანზე საჯაროდ ლაპარაკი ძალიან ჭირს, იმიტომ რომ “ჩვენებური საზოგადოებრივი ფსიქიკა მეტისმეტად ზერელეა, მეტისმეტად ყალბად მორცხვია და, ამასთანავე, მიუხედავად თავის რადიკალურის მიდრეკილებისა, საარაკოდ კონსერვატიული და ტრადიციების მოთაყვანეა”.
XS
SM
MD
LG