Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აკეთებს კოკოითი?


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი
8 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ეყოლება, მაგრამ ცხინვალში არ წყდება საუბრები ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ კოკოითის - გავლენისა და ხელისუფლებაში მყოფი მისი კლანის შესახებ. სად არის და რას აკეთებს ამჟამად ედუარდ კოკოითი?

მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა, სათავეში ჩაუდგა მმართველ პარტია „ედინსტვოს“. ეს პარტია დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს, რიცხოვნობით მეორე „სახალხო პარტიაც“ ედუარდ კოკოითის თანამებრძოლებით არის დაკომპლექტებული და მას მთლიანად ექსპრეზიდენტი აკონტროლებს. ამიტომაც იყო, რომ პარლამენტმა რამდენჯერმე უარი თქვა გენპროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებაზე. მართალია, ხუგაევი მოგვიანებით საკუთარი ნებით მაინც გადადგა, მაგრამ კოკოითის კლანი პროკურატურაშიც და სასამართლოშიც ჯერ ისევ ძლიერია. ექსპერტების აზრით, ახალ პრეზიდენტს ამ კლანთან დაჯახება აუცილებლად მოუწევს. როგორი სახელით შევა დე ფაქტო რესპუბლიკის ისტორიაში ედუარდ კოკოითი? ექსპერტების აზრით, მას კარგი შანსი ჰქონდა, რომ გმირის სახელი ჰქონოდა, რადგან სწორედ კოკოითის უკავშირდება რუსეთის მიერ ამ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცნობა. მაგრამ კოკოითიმ ჯერ ფინანსური დახმარების პროცესში კორუფციული სქემების შექმნით, მოგვიანებით კი ნოემბრის არჩევნებში უხეში ჩარევით და ჯიოევას წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლით საკუთარ ავტორიტეტს ხაზი გადაუსვა. ამიტომაც ააგო ყველა კანდიდატმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ყოფილი ხელისუფლების კრიტიკასა და ლანძღვაზე. კანდიდატები მთავარ დაპირებად სწორედ კოკოითის კლანის მიერ შექმნილი კორუფციული სისტემის დამარცხებას იძლეოდნენ.

კოკოითი და მისი უახლოესი თანამებრძოლები მედიასთან აღარ ურთიერთობენ. არადა, იყო დრო, როცა ადგილობრივი ტელევიზიით საინფორმაციო გამოშვებები კოკოითიზე მომზადებული რეპორტაჟებით იწყებოდა. პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი, რომელიც ბოლო წლებში კოკოითის ხელისუფლებაში მუშაობდა, ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ემოციები დაცხრება, კოკოითის შესახებ შეხედულებები შეიცვლება და მისი რეიტინგი ისევ აიწევს.

მედიაცენტრ „ირის“ პრეზიდენტი ირინა გაგლოევა მიიჩნევს, რომ კოკოითის პიროვნების შეფასებისას დღეს მართლაც ემოციები ჭარბობს, მაგრამ, მისი აზრით, მომავალში ექსპრეზიდენტის დახასიათებისას ყოველთვის ისაუბრებენ 2011 წლის ნოემბრის მოვლენებზე და იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც კოკოითიმ შექმნა.

ექსპერტები ერთ საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას: 2001 წელს, როცა კოკოითიმ არჩევნებში გაიმარჯვა, მას ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა დამარცხებულმა ექსპრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმა ინაუგურაციაზე გადასცა. დაირღვევა თუ არა ახლა ეს ტრადიცია? ეს არის კითხვა, რომელიც საზოგადოებას უკვე აწუხებს. ვინ დაულოცავს გზას და გადასცემს ამ სიმბოლიკას ახალ პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია, იმიტომ რომ არავინ იცის, მივა თუ არა კოკოითი იმ ადამიანის ინაუგურაციაზე, ვინც საარჩევნო კამპანიის დროს მას მკაცრად აკრიტიკებდა.
XS
SM
MD
LG