Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა საქართველოში კონკურენციის პრაქტიკა და პოლიტიკა


არსებობს თუ არა საქართველოში კონკურენციის პრაქტიკა და პოლიტიკა და რატომ გააჭიანურა ასე ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის მიღება პარლამენტმა? - ამ საკითხებზე მსჯელობდნენ პოლიტიკოსები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები 3 აპრილს პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც მოიწვია ფრაქციამ ”ერთობა სამართლიანობისთვის". ფრაქციის წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კანონის მიღება შეგნებულად გადადო, რათა საქართველოში არსებული მონოპოლიებისათვის პოზიციები გაემყარებინა, თუმცა, მეორე მხრივ, თავად კანონში დევს ისეთი პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” კანონი პარლამენტმა -ჯერ გასული წლის სექტემბერში, შემდგომ კი თებერვალში - ორი მოსმენით მიიღო, თუმცა, როგორც გია ცაგარეიშვილი აცხადებს, მესამე მოსმენით დღემდე არ დაუმტკიცებია. ამ კანონის შემუშავების ვალდებულება კი საქართველოს ჯერ კიდევ 2006 წლის ნოემბრიდან აქვს აღებული. მთელი ამ წლების განმავლობაში, აცხადებს გია ცაგარეიშვილი, საქართველოს ხელისუფლება კანონის მიღებას შეგნებულად ერიდებოდა:
ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ბაზრის კონკრეტული სეგმენტის 15%-ზე მეტს ვერ დაიკავებ, ეს კანონითაა განსაზღვრული ...
გია ცაგარეიშვილი

”ჩვენი აზრით, კანონის შემუშავება და შემდეგ მიღება გაჭიანურდა იმიტომ, რომ კიდევ უფრო გამყარებულიყო მონოპოლიები ქვეყანაში, გადაეფარათ ყველა ბიზნესი და სწორედ ამიტომ იყო, რომ აღებული ვალდებულების ვადის გასვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე შემოიტანეს პარლამენტში კანონი განსახილველად და მას შემდეგ შვიდი თვე გავიდა, კანონი კი ვერა და ვერ დაამტკიცა პარლამენტმა.”

თუმცა უფრო დიდი პრობლემა, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, ის რეგულაციებია, რომელიც ახალ კანონში დევს და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს:

”ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ბაზრის კონკრეტული სეგმენტის 15%-ზე მეტს ვერ დაიკავებ, ეს კანონითაა განსაზღვრული, და ჩვენ კი კანონში ჩავწერეთ 40%, რაც არის მონოპოლიებისათვის ხელსაყრელი პირობების მორგება ამ კანონპროეტქზე, რათა მათი სტაბილურობა არ შეირყეს და არ დაზარალდეს.”

ბოლო მონაცემებითაც, 13-20 მარტის პერიოდში ფასი დავარდნილია, თუმცა ეს ქართულ ბაზრის ფასებზე მაინც არ მოქმედებს ...
ლევან იზორია
იმის დასტურად, რომ საქართველოში კონკურენციის პრაქტიკა და პოლიტიკა არ არსებობს,”თავისუფალი დემოკრატების” წევრს, სამართლის დოქტორს ლევან იზორიას ნავთობპროდუქტების ბაზარზე საქართველოში არსებული ვითარება მოჰყავს. მისი თქმით, საერთაშორისო ბირჟაზე არსებული რეალობა და საქართველოს საცალო ბაზარზე არსებული სურათი არასოდეს ემთხვევა ერთმანეთს - რაც უნდა დაეცეს ნავთობის ფასი მსოფლიოში, საქართველოში საწვავის ფასი არათუ იკლებს, არამედ, პირიქით, იზრდება:

”დღესაც თუ ჩავხედავთ მონაცემებს, იქ ნავთობპროდუქტებზე ფასი დაკლებულია. ბოლო მონაცემებითაც, 13-20 მარტის პერიოდში ფასი დავარდნილია, თუმცა ეს ქართულ ბაზრის ფასებზე მაინც არ მოქმედებს, პირიქით, ბენზინი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა.”

ლევან იზორიას მთავარი შენიშვნაც კანონპროექტის მერვე მუხლს ეხება, სადაც წერია, რომ აკრძალვები არ ეხება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს, თუ ჰორიზონტალური ხელშეკრულების მხარეების ერთობლივი საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 25%-ს, ვერტიკალური ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი კი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 40%-ს, რაც, ლევან იზორიას შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ მონოპოლიის და ოლიგოპოლიის დაძლევა ამ პირობებში, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდება.

ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც მიიჩნევს, რომ ამ პროცენტულმა მაჩვენებელმა უნდა დაიწიოს, თუმცა, ზოგადად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაწყებულ პროცესს მაინც დადებითად აფასებს.

ევროკავშირის წარმომადგენლის ვირჯინი კოსოლის შეფასებითაც, თავად ის ფაქტი, რომ კონკურენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი კანონი დღეს არსებობს და პარლამენტშია, წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან, მისი თქმით, აქამდე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის მსგავსი რეგულაციები საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნდა. მისივე სიტყვებით, კანონში ჯერ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი და ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ პროცესს თვალს მიადევნებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG