Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარი დორეული - ტაქსის მძღოლი


18 მარტი, კვირა
გათენდა, მაგრამ, ყველასგან განსხვავებით, დასაძინებლად მე ახლა მივდივარ. დაღლილი ვარ - მთელი ღამე ვმუშაობდი. სახლში რომ მოვედი, ჩემი ბიჭი უკვე გაღვიძებული დამხვდა. ეზოს კარი გამიღო და მითხრა: წადი დედიკო, დაიძინე, მანქანიდან საჭმელს მე გადმოვიღებო.

მანქანიდან გადმოვედი. თან ზურიკოს ვუსმენდი და თან ჩემს საფიქრალს ვფიქრობდი. ყველასაგან განსხვავებული ცხვრება გვაქვს მე და ჩემს შვილს. სხვა დედებივით, მე ჩემს შვილზე ადრე არ ვდგები და მასზე ზრუნვით არ ვიწყებ დილას - დილით მძინავს. ის თვითონ დგება, საუზმეს იმზადებს და ახალ დღეს უჩემოდ იწყებს. ერთმანეთს ვუვლით და ვუფრთხილდებით. 11 წლის ზურაბ წერეთელი, როგორ დაუჯერებელიც უნდა იყოს, სრულიად დამოუკიდებელი ბავშვია, რომელსაც შეუძლია უჩემოდ გაძლოს რამდენიმე დღე, მარტომ იაროს სკოლაში (რუსთავიდან - დიდუბეში!), გაანაწილოს ჩემს მიერ დატოვებული თანხა, რომ თავი გამოიკვებოს, სანამ სახლში დავბრუნდები. მართალია, ეს იშვიათად ხდება - მხოლოდ მაშინ, როცა შორს მიწევს მგზავრების წაყვანა. ყველაფერ ამასთან ერთად, ზურიკო წარჩინებული მოსწავლეა.

საღამოც დადგა. 5 საათი იყო, როცა გავიღვიძე. ზურიკო ჩემს ოთახში შემოვიდა და დამიწყო: „დედიკო რა მძინარა ხარ, მთელი დღეა გძინავს, აღარ უნდა ადგე?“

ავდექი, ვახშამი მოვუმზადე. მოვწესრიგდი და სამუშაოდ წავედი...
თავისუფლების დღიურები - მარი დორეული
please wait

No media source currently available

0:00 0:12:15 0:00
გადმოწერა

19 მარტი, ორშაბათი
როდესაც გზას მივუყვები და მარტო ვარ, - სანამ მგზავრს ავიყვან - ჩემი ფიქრები ჩემს შვილს ეკუთვნის. ვფიქრობ: „ახლა რას აკეთებს? ალბათ ჭამს, ან ტელევიზორს უყურებს. ღუმელი ხომ არ ჩაუქრა?“ ამ ფიქრებში გართულს, მისი ზარი მეწევა. ხან ის მასწრებს დარეკვას, ხან - მე. მის ხმას რომ გავიგონებ, მშვიდად ვაგრძელებ მუშაობას.

ამასობაში ერთმა უცნაურმა კაცმა გამაჩერა. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, ტაქსის ტრაფარეტს დააკვირდა, მერე მე შემომხედა, ერთხანს შეყოვნდა და მერე, როგორც იქნა, ჩაჯდა. ცოტა ხანში მეკითხება: „რატომ ხართ ტაქსის მძღოლი? ასეთი მოწესრიგებული და პატარა გოგონა როგორ შეიძლება, ტაქსის მძღოლი იყოს? ალბათ რაღაც შოუს აწყობთ და მითხარით, სად გაქვთ კამერები დამალული?“

გამეცინა და ვუთხარი: „არა, ბატონო, თქვენ ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობთ. უბრალოდ, მძღოლი ქალია და მეტი არაფერი.“ მაინც არ დამიჯერა და დაიწყო მანქანაში კამერის ძებნა: ხან მზის დამცავი ჩამოსწია, ხან შუშა ასწი-დასწია. ვერაფერი აღმოაჩინა და მეუბნება: „ააა, თქვენ ალბათ ტარებას სწავლობთ და ამიტომ დადიხართ ტაქსით...“ ჩემთვის გავიფიქრე: რა ძნელია, აუხსნა უცხო ადამიანს, რაც ნამდვილად გაწუხებს და რაც შენს ცხოვრებაში ხდება. მაგრამ გავუცინე და ვუთხარი: „რა მიხვედრილი ბრძანდებით, როგორ გამოიცანით?“ ამ დროს დანიშნულების ადგილას მივედით. გაოცებული სახით დამემშვიდობა - მაინც ვერ გავიგე რა ხდებაო - და ჩავიდა.

გზას ვაგრძელებ. ის დრო მახსენდება, როცა ტაქსის მძღოლად დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ბინა გაგვიყიდა და მე და ჩემი ბიჭი ქუჩაში დაგვტოვა. ზურიკო მაშინ ექვსი წლის იყო. ბინას ყადაღა ჰქონდა დადებული და პირადი ნივთების გამოტანაც კი ვერ მოვახერხეთ. ყველაფერი დავკარგეთ. ზურიკო სწორედ იმ წელს უნდა წასულიყო სკოლაში. მე არაფერი მებადა. ისეთი სამსახური უნდა მომეძებნა, რომ დროც მქონოდა და კარგი შემოსავალიც. ჩვენთან კი, ასეთი კი არა, ნებისმიერი სამსახურის მოძებნაც ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი), ბოლოს მაინც მძღოლი გამოვედი. მოკლედ, დიპლომი მაქვს. იმ ყბადაღებული ხუმრობისა არ იყოს, სულ ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი, ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებულიო.

ფიქრი ისევ მგზავრმა გამაწყვეტინა. ამჯერად ქალბატონი იყო. მანქანის კარი რომ გამომიღო და დამინახა, მაშინვე გაიღიმა: „უი, ქალთან უნდა ვიმგზავრო? რა მაგარია!“ - თქვა და ჩამიჯდა. თან, ქალთან პირველად ვმგზავრობო, მითხრა. მერე გამომკითხა:

- დიდი ხანია, მძღოლად მუშაობთ?

- ექვსი წელია, - ვუპასუხე მე.

- არ გეშინიათ, მამაკაცები რომ გისხდებიან?

- არა, რისი უნდა მეშინოდეს? მგლები ხომ არ არიან? - გამეცინა მე.

- არა, მაგრამ მაინც... მთვრალები როცა არიან, არ გაწუხებენ?

ამ კითხვას ველოდი. ყველა ერთსა და იმავეს მეკითხება.

- ძალიან მთვრალებს არ ვუჩერებ, - ვუპასუხე მე. - ისე, სიმართლე გითხრათ, ჩემთან თავაზიანად იქცევიან: სიგარეტს არ ეწევიან და ხანდახან იმისთვისაც ბოდიშს იხდიან, რომ ნასვამები არიან.

- კარგი გოგონა ხართ! ალბათ შვილი გყავთ და იმიტომ წვალობთ...

- კი, ბიჭი მყავს.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, პატიოსნად რომ შრომობთ - დამლოცა ქალბატონმა და ჩავიდა.

დიდი მადლობა ვუთხარი და დავემშვიდობე.

ქალებს სულ სხვაგვარი რეაქცია აქვთ ჩემს დანახვაზე. უხარიათ და თავს კომფორტულად გრძნობენ. აქედან გამომდინარე ბევრი მგზავრი დამიმეგობრდა და ახლა ჩემი მუდმივი კლიენტია. მირეკავენ და მეც სიამოვნებით ვემსახურები.

მამაკაცებს კი, დამინახავენ თუ არა, უკვირთ. ალბათ არ უნდათ, აღიარონ, რომ ქალმაც შეიძლება აკეთოს „კაცური“ საქმე. მეუბნებიან ხოლმე, ტაქსისტობა შენი საქმე არ არის, სხვა რამე მოძებნეო. სხვა საქმეზე არც მე ვიტყოდი უარს. მეც მინდა, შვილთან მეტი დრო გავატარო, მყავდეს მზრუნველი მეუღლე, მოვუარო ოჯახს და მხოლოდ ქალის საქმე ვაკეთო. მაგრამ სრულიად მარტო ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ჩემს შვილს დაეხმარება.

20 მარტი, სამშაბათი
ტელეფონის ხმა მაღვიძებს. ჩემი მეგობარი ვაჟა მირეკავს.

- მარო როგორ ხარ? უი, გაგაღვიძე?

- კარგად, შენ?

- მეც კარგად. ზურიკოს ძაღლს რომ შევპირდი, მომყავს და სახლში დამხვდი.

ამ დროს ზურიკოც შემოვიდა: „ვინ იყო, დედიკო? გამოძახება გაქვს? აუჰ, ესე იგი ადრე უნდა წახვიდე? კარგი, წადი. სადილს თვითონ მოვამზადებ.“

გამეცინა და ვუთხარი: არა, დედი, ვაჟა მოდის და ძაღლი მოჰყავს შენთვის-მეთქი. „აუ, რა მაგარია, დეეეეე!“ - იკივლა გახარებულმა. მომვარდა და კოცნა დამიწყო. მისმა სიხარულმა სულ დამავიწყა, რომ სულ რამდენიმე საათია მძინავს და საწოლიდან წამოვხტი.

უცებ გამახსენდა, რომ, წესით, სკოლიდან უკვე დაბრუნებული უნდა ყოფილიყო და სკოლის ამბები გამოვკითხე.

- ისეთი არაფერი, დე. ინგლისურმა ათიანი დამიწერა, ისტორიაში საკონტროლო ვწერე. ვაჟა მალე მოვა?

- ჰო, დედიკო, მალე მოვა, კარგი ბიჭი ხარ! - ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე.

მალე ვაჟაც გამოჩნდა და ძაღლი მოგვიყვანა - ამერიკული ნაგაზი.

კარგი დღე გამოვიდა. ზურიკო ბედნიერი იყო: ძაღლიც მოუყვანეს და მეც არ წავედი სამსახურში. მეც ბედნიერი ვიყავი...

21 მარტი, ოთხშაბათი
დილით გოგოებმა შემატყობინეს, რომ საღამოს 11 საათზე სარფში უნდა წავსულიყავით. ზურიკოს საჭმელი მოვუმზადე, ფული დავუტოვე და წავედი.

გზაში გოგოები ათას რამეზე მელაპარაკებოდნენ, მე კი ისევ ჩემი საფიქრალი მქონდა. ხანდახან მგზავრები რომ მელაპარაკებიან, არ მესმის, იმდენად გართული ვარ ფიქრში. ისე აეწყო ცხოვრება, რომ მე და ჩემი შვილი ძირითადად ტელეფონით ვსაუბრობთ. აბა, რა ვქნათ - ის რომ იღვიძებს, მე მძინავს, და ის რომ სკოლიდან მოდის, მე უკვე გასაქცევად ვემზადები. ასე გრძელდება უკვე ექვსი წელიწადია.

22 მარტი, ხუთშაბათი
სარფი კარგად მოვიარეთ. თბილისში იმავე მგზავრებთან ერთად ვბრუნდები. „პერევალს“ რომ მივუახლოვდით, გოგოებს ვუთხარი: ერთი წუთით დამელოდეთ, რამდენიმე ტომარა შეშა უნდა წამოვიღო-მეთქი. გოგოებს გაეცინათ - ეგონათ, რომ ვაშაყირებდი, მაგრამ მართლა რომ დავტვირთე შეშა, გაოცდნენ.

23 მარტი, პარასკევი
ღამის სამი საათია. თბილისში შემოვედით. გოგონები დავაბინავე და მართლაც ძალიან დაღლილი წამოვედი სახლში. ზურიკოს ეძინა. ფეხაკრეფით შევიპარე, მძინარე ბავშვს მივეფერე, საწოლთან საჩუქრები დავუდე და დავიძინე.

სკოლაში რომ წავიდა, მე ჯერ კიდევ მეძინა. დაბრუნდა თუ არა, დამირეკა. საჩუქრებისთვის მადლობა გადამიხადა და მკითხა, დედიკო, სახლში ხომ არაფერი წამოვიღოო? ფული დაგრჩა-მეთქი? - ვკითხე. კიო, მითხრა. ვთხოვე, თმები გაეკრიჭა და კურდღლებისთვის საჭმელი წამოეღო.

- ოკეი, დე! სახლში დამხვდები? - მკითხა.

ორი დღეა გასული, რაც არ მინახავს. სახლში დაგელოდები-მეთქი, დავპირდი.

რა კარგია, როცა შვილს ენდობი და იცი, რომ არ მოგატყუებს. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ხშირად შემიმოწმებია და შორიდან მიდევნებია თვალყური. ძალიან მკაცრი ვარ და მომთხოვნი. ხანდახან მიფიქრია, 11 წლის ბავშვმა ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც სულ უკმაყოფილო ვარ, როცა მას ვესაუბრები. განა იმიტომ, რომ რაღაც არ მომწონს. უბრალოდ, მინდა, მეტი ისწავლოს ცხოვრებაში, რადგან ცხოვრება დაუნდობელია და არ მინდა, დაბრკოლებებმა დააფრთხოს. მეც იმის მაგალითი ვარ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ტაქსის მძღოლი ვიქნებოდი და ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ, როგორც იტყვიან, „ნემსიდან მომიწევდა ცხოვრების დაწყება“.

24 მარტი, შაბათი
მანქანა დავაყენე. სახლში შევდივარ. ზურიკო კარებთან მხვდება. დღეს შაბათია და სკოლაში არ არის წასასვლელი. არაფრის თავი არ მაქვს. ძლივს მივაღწიე საწოლამდე...

რომ გამეღვიძა, გვიანი საღამო იყო. სახლს მივხედე - სანამ მძღოლად გადავიქცევი, დიასახლისი ვარ. მოკლედ, სახლი მივალაგე, სადილიც გავაკეთე და მანქანას მივუბრუნდი.

სამუშაოზე გასასვლელად ვამზადებ მანქანას და თან ზურიკოს ველაპარაკები:

- აბა შენ იცი, დედიკო, ჭამე, იმეცადინე და დროზე დაიძინე.

- კარგი, დედი.

- ჰო, იმეცადინე, - კიდევ ვუმეორებ.

- აბა, რას ვიზამ, დე! - თან მეხვეწება, იქნებ დღეს უფრო მალე მოხვიდეო.

მე ჩემებურად ვუბრაზდები:

- ნუ წუწუნებ, მიხედე ახლა საქმეს. მიდი, კარები გამიღე...

- ახლავე, შეფ! - მეუბნება ზურიკომ.

ორივეს გულიანად გვეცინება. მანქანას ვძრავ, ზურიკო კი მომდევს... „დე, დე, გააჩერე, კოცნა დამავიწყდა!“

ფანჯრიდან მკოცნის ლოყაზე. გული მეკუმშება.

გზას ვაგრძელებ და სარკეში ვუყურებ, სანამ ჩანს. რამდენჯერ წამსკდომია ცრემლი! რატომ არ უნდა ვიყოთ სულ ერთად? ის გზას გამოჰყურებს, მე კი გზას მივუყვები...

როცა მარტო დავრჩი, მაშინ მივეცი პირობა ჩემს თავს და დღემდე ამისთვის ვიბრძვი: რაც მამამისმა დაუკარგა, მე უნდა მივცე. და, მართლაც, ამ ექვსი წლის მანძილზე ბევრი რამ შევძელი. ჯერ ტაქსოპარკში დავიწყე მუშაობა, ორი წლის შემდეგ მანქანა შევისყიდე, შემდეგ სახლი ვიყიდე, რემონტი გავაკეთე. ჩემს შვილს არაფერს ვაკლებ. რა თქმა უნდა, ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ რაც საჭიროა, გვაქვს. ბევრი ქალისთვის, ალბათ, წარმოუდგენელია, თვითონ დაჩეხოს შეშა, დაბაროს ბაღი, დააგოს ეზოს ფილები, ორი დღე და ღამე იჯდეს საჭესთან და არ დაიძინოს...

კიდევ ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. მერე კი, ალბათ, საკუთარ ცხოვრებასაც მივხედავ.
XS
SM
MD
LG