Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 5 აპრილი, 2012


დღევანდელი პრესა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე სამოქალაქო რეესტრის დასკვნას ეხმაურება. ”რეზონანსი” – ”ივანიშვილს რეესტრმა უარი უთხრა, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტზეა”; ”ახალი თაობა” – ”სააკაშვილი ივანიშვილს ჭკუას არიგებს”; ”ალია” – ”სააკაშვილმა გაბედა და ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარი უთხრა!!! რას აპირებს ივანიშვილი?!”; ”24 საათი” – ””აბა გაბედოს” შედეგი - ბიძინა ივანიშვილი ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობას ვერ მიიღებს”. ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე კი წაიკითხავთ: ”ახლა მაინც გამოვიღვიძოთ, ხალხო! უზნეო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევს!”

”24 საათი” წერს: ”სამოქალაქო რეესტრის დასკვნამ ივანიშვილის გარემოცვაში აჟიოტაჟი გამოიწვია, რამდენადაც საქართველოს მოქალაქეობის არქონა გარკვეულ შეზღუდვებს უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მას არ ექნება საქართველოს მფარველობა, ხოლო კანონით ”უძრავი ქონების შესახებ” არ ექნება სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება და ა.შ.. გარდა ამისა, მართალია, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ქართული კანონმდებლობა არ უკრძალავს სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, იგი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ვერც კანდიდატის და ვერც ამომრჩევლის რანგში. ამასთან, მას არ ექნება პოლიტიკური პარტიის დაფუძნების უფლება და პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა”.

”ახალი თაობა” წერს: ”სააკაშვილი, ივანიშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა თუ არა, მაინც ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა. მოკლედ, ორ ცეცხლს შუა იყო და აქედან ძალიან უცნაური გამოსავალი მოიფიქრა. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს, თუმცა არც უთხრეს. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ასეა დასათაურებული: ”ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს”. მოკლედ, სააკაშვილი ივანიშვილზე თითქოს დარდობს და მას ჭკუას ასწავლის როგორ უნდა მოიქცეს”.

”რეზონანსს” კოალიცია ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა გუგული მაღრაძემ უთხრა: ””ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნორმალური, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. გაგვიგია გამოთქმა - მტყუანი არაერთხელ გამოტყდებაო”.

”ალიაში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: ”ბიძინა ივანიშვილი არის კოალიციის ლიდერი, არჩევნების მოგების შემთხვევაში ივანიშვილი ხდება პრემიერ-მინისტრი. მიშა სააკაშვილი ამას ვერ აკეთებს. სააკაშვილს კი უნდა პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ ამას ღიად ვერ აცხადებს და ყველანაირი ხერხით ცდილობს ივანიშვილის ჩამოცილებას. ვისაც ვნებს ასეთი საქციელი, არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, მას მუდმივად გამოაქვს საკუთარი თავისთვის განაჩენი და ასევე თავისი მხარდამჭერებისთვის. ის ნიჰილიზმს იწვევს საკუთარ მხარდამჭერებში. ისინი მუდმივად კითხვის ქვეშ არიან, რატომ იბრძვის მიხეილ სააკაშვილი ასე გააფთრებული, სრულიად უკანონოდ რატომ იშორებს გზიდან ბიძინა ივანიშვილს, თუ ასე დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG