Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავე კრიტიკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონპროექტს


ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის
პრობლემური საკითხები განიხილეს 6 აპრილს კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მიერ ორგანიზებულ ფორუმზე. რა ნაკლოვანებებზე მიუთითებენ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რა ინიციატივით გამოდის სახალხო დამცველი? მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ფორუმზე ხელისუფლების წარმომადგენლები ისმენდნენ.

იმის თაობაზე, რომ არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც თითქმის 30 წლის წინ, 1984 წელს, საბჭოთა პერიოდში მიიღეს, შესაცვლელია - ამაზე ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, თუმცა რა მიმართულებით უნდა შეიცვალოს არსებული კოდექსი, ამის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მწვავე კრიტიკა არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმ კანონპროექტისაკენ არის მიმართული, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის მაისში პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხოლო უახლოეს თვეებში მას პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ზოგად საუბრებში იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ კანონპროექტის განხილვაში აქტიურად ჩართავენ არასამთავრობო სექტორს და რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებულიც იქნება. ”ბუნებრივია, დარჩება განსხვავებები, თუმცა მზად ვართ თქვენი კონკრეტული ინიციატივები განვიხილოთ”, აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. მის სიტყვებს ადასტურებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კანონპროექტის გარშემო გამოთქმული შენიშვნები ფორუმის მსვლელობისას არ მოუსმენია, რადგან შეხვედრა სულ რამდენიმე წუთში, სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა: ”მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს და განვიხილავთ, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გვქონდეს პროდუქტიული და ეფექტური დისკუსია.”
ცივილიზებული ქვეყნების უმეტეს ნაწილს ან საერთოდ გაუქმებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ან, თუ არსებობს, ის გაცილებით უფრო მცირე ვადებს გულისხმობს ...
გიორგი ტუღუში

რაც შეეხება შენიშვნებს და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ დაკავებასა და პატიმრობასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ის არაერთია. მეტიც. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმასაც ამტკიცებენ, რომ რიგ შემთხვევებში, ახალი პროექტის მიხედვით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესებულია. ბუნდოვანი მუხლები, ადმინისტრაციული დაკავების გაზრდილი ვადა, დაკავებაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩამონათვალის არარსებობა, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ასაკის 18-დან 16 წლამდე შემცირება - ეს იმ მუხლების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელთა შესახებაც არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. ამაზევე მიუთითებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და, გარდა ამისა, ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებაზე ამახვილებს ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ დღეს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 90 დღით განისაზღვრება:

”ცივილიზებული ქვეყნების უმეტეს ნაწილს ან საერთოდ გაუქმებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ან, თუ არსებობს, ის გაცილებით უფრო მცირე ვადებს გულისხმობს. თუკი ჩვენ ვიტოვებთ კანონმდებლობაში ადმინისტრაციულ პატიმრობას, მაშინ ტერიტორიული პრინციპით უნდა აშენდეს ცალკე დაწესებულება, სადაც პირს ექნება პატიმრობის მოხდის ღირსეული შესაძლებლობა”, - ამბობს გიორგი ტუღუში.
სასამართლო განხილვა, როგორც წესი, წარმოადგენს ძალიან მცირე, 10-15 წუთიან განხილვას. აქ ირღვევა დაცვის უფლება ...
გიორგი გოგია

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ანგარიში ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემის შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თვალშისაცემ ნაკლზე - ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო განხილვის ხარვეზებზე საუბრობს ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი ევროპასა და შუა აზიაში გიორგი გოგია:

”სასამართლო განხილვა, როგორც წესი, წარმოადგენს ძალიან მცირე, 10-15 წუთიან განხილვას. აქ ირღვევა დაცვის უფლება. პიროვნებას არა აქვს ადეკვატური დაცვის მომზადების საშუალება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცესს ადვოკატი ესწრება, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადვოკატი პროცესს ვერ ესწრება, რადგან მას არა აქვს საშუალება გაიგოს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება.”

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც უფლებადამცველები და იურისტები საუბრობენ, ახალ კნონპროექტში არსებული მთელი რიგი ბუნდოვანი მხარეებია. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს:

”მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ მისცეს უფლება გონივრულ ვადებში აცნობოს ახლობლებს, რომ ის დაკავებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონპროექტში კი ეს შემოთავაზებული არ არის.”

უფლებადამცველები მიუთითებენ იმაზეც, რომ, უმეტეს შემთხვევაში, მოსამართლე პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმისა და პოლიციის ჩვენების საფუძველზე და კანონიერ ნდობას უცხადებს პოლიციელს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს. შესაბამისად, აღარც სხვა დამატებითი მტკიცებულებებით ინტერესდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა გამოყენებული იქნა 2550 პირის მიმართ. რაც შეეხება სამართალდარღვევებს, მათი უმეტესობა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG