Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააღდგომოდ შეწყალებული მინისტრი და პატიმრები


ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 200 მსჯავრდებული შეიწყალა. პატიმრების ნაწილმა საპყრობილე დღის ბოლომდე დატოვა, ნაწილს კი მხოლოდ განახევრებული სასჯელის მოხდა მოუწევს. საზოგადოებას პატიმრების შეწყალების შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა აცნობა. მინისტრმა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხსაც, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში განიხილავდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული დისკრეციაა, ამა თუ იმ მსჯავრდებულის თხოვნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას კი „შეწყალების საქმეთა კომისია“ გასცემს, თუმცა ამგვარი გარემოების მიუხედავად, სააღდგომოდ პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი რატომღაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ გამართა:

„საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 200 მსჯავრდებული. სასჯელაღსრულების სისტემა გათავისუფლების პროცესს დღის განმავლობაში განახორციელებს, შესაბამისად, შეწყალებული მსჯავრდებულები აღდგომას საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან“.

მინისტრის ბრიფინგი დაახლოებით ნახევარი წუთი გაგრძელდა. გარდა იმისა, რომ შეწყალებულ პატიმრებს კარს გაუღებდა და გარეთ გამოუშვებდა, ხათუნა კალმახელიძეს არც არაფერი უთქვამს. რადიო თავისუფლებამ დეტალების დასაზუსტებლად „შეწყალების საქმეთა კომისიის“ თავმჯდომარეს, ელენე თევდორაძეს მიმართა:

„იყო შემოსული 417 საქმე. მათგან 203-ს დადებითი რეკომენდაცია მივეცით. 28-ს დარჩენილი ვადა გაუნახევრდა. ჩვენ არ ვაძლვთ რეკომენდაციას, თუ ადამიანი არის მსჯავრდებული მკვლელობისთვის, ნარკოტიკების გასაღებისთვის, გაუპატიურებისათვის, რეციდივისტობისა და სხვა მძიმე დანაშაულისათვის“.
სავსეა ჩვენი ციხეები ადამიანებით, რომლებმაც ერთი ტაფა მოიპარეს ან ხელი წაუცდათ და ერთი პური წაიღეს სახლში. თან აღარც ციხეები გვყოფნის. ამჟამადაც დაახლოებით 1300 პატიმარს არ ჰყოფნის საწოლი...
გიორგი ახვლედიანი

ელენე თევდორაძის თქმით, მიმდინარე წელს პრეზიდენტმა პირველად გამოსცა განკარგულება მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე; რაც შეეხება, 2011 წელს, შარშან პრეზიდენტმა 800 პატიმარი შეიწყალა. საპარლამენტო ფრაქციის - „ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ეს შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა მისივე თქმით, ასევე შთამბეჭდავია მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა და მათი სავალალო უფლებრივი მდგომარეობა.

„სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად 8 ათასი ადამიანი შედის ციხეში, 4 ათასი კი გამოდის. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავარეგულირებთ პროცესს რამდენიმე ასეული პატიმრის შეწყალებით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სერიოზულად მასშტაბურ ამნისტიაზე. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ეკონომიკურ დანაშაულზე, მცირე დანაშაულზე... სავსეა ჩვენი ციხეები ადამიანებით, რომლებმაც ერთი ტაფა მოიპარეს ან ხელი წაუცდათ და ერთი პური წაიღეს სახლში. თან აღარც ციხეები გვყოფნის. ამჟამადაც დაახლოებით 1300 პატიმარს არ ჰყოფნის საწოლი“, - უთხრა გიორგი ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას.
რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ეს მინისტრი გაიწირება და ეს მომენტი იქნება კრიტიკული ხელისუფლებისთვის და ის აუცილებლად შეელევა მინისტრს...
ლია მუხაშავრია

საპყრობილეების გადატვირთულობას ემატება პატიმრების უფლებების უხეში ხელყოფა, რაც, სახალხო დამცველის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, გამოიხატება როგორც მსჯავრდებულთა წამებასა და ცემაში, ასევე დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაში, რის გამოც უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა.

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე გიორგი ახვლედიანმა და სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს, თუმცა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელსაც საკითხის განხილვამდე პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი დაუსრულებლად ვერ შეიწყალებს მინისტრს, რომელიც თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას და სისტემატურად ხდება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი:
ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

„რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ეს მინისტრი გაიწირება და ეს მომენტი იქნება კრიტიკული ხელისუფლებისთვის და ის აუცილებლად შეელევა მინისტრს. თვალი გადავავლე მინისტრთა კაბინეტს და მომეჩვენა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ყველაზე უკეთ უპასუხებს საზოგადოების მოლოდინს, თუმცა მისთვის უბრალოდ თანამდებობის დატოვება იქნება ძალიან დიდი შეწყალება იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ის სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს“.

რაც შეეხება პატიმართა შეწყალებას, ლია მუხაშავრია იწონებს ამ კუთხით პრეზიდენტის გააქტიურებას, თუმცა იქვე დასძენს, რომ არსებობს შეწყალების - ამ უაღრესად ჰუმანური აქტის - პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების საფრთხე.

„არ მაგონდება პრეზიდენტ სააკაშვილის არცერთი ჰუმანური ნაბიჯი ან პოლიტიკის გამოვლენა მის ქცევაში ან გამოსვლაში, ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების (ჯერ საპარლამენტო, შემდეგ საპრეზიდენტო) მოახლოებასთან ერთად შეწყალებულთა რაოდენობა გაიზრდება“, - უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG