Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპოზიტორი ჰონორარს ითხოვს


ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი კუთვნილი ჰონორარის მიღებას საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მეშვეობით ცდილობს. საუბარია ანაზღაურებაზე, რომელიც მას უნდა მიეღო ქართველი მომღერლის, ირინა ბაირამაშვილის მიერ შესრულებული სიმღერისთვის. ეს სიმღერა გახლავთ ”კახეთო”, რომელიც გასული წლის თებერვალში მოლდავეთში, მუსიკალურ ფესტივალზე ”გოლდენ ტალანტს”, შესრულდა. რატომ ვერ მოახერხა კომპოზიტორმა აქამდე საავტორო უფლებით გათვალისწინებული ჰონორარის მიღება და რა მექანიზმებს მიმართავს საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია კომპოზიტორის სასარგებლოდ?

კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ეს სიმღერა მომღერალმა ირინა ბაირამაშვილმა გასული წლის თებერვალში შეასრულა მოლდავეთში გამართულ სიმღერის ფესტივალზე. მართალია, კონკურსში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ დიპლომი ნაციონალური სიმღერის საუკეთესოდ შესრულებისთვის მაინც მიიღო. ნუნუ დუღაშვილმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა 16 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში თქვა, რომ საერთოდ არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად სრულდებოდა მისი სიმღერა:
მართლა არ ვიცოდი, თუ ამდენი ხნის შემდეგ ასეთ ამბავს გამოიწვევდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი საბუთებით გაირკვა ...
ირინა ბაირამაშვილი

”გამაგებინეთ, მე არ დავიმსახურე იმდენი, რომ, აი, ამ სიმღერას რომ წაიღებ და ევროპაში საუკეთესო სიმღერათა შორის რომ გამოაცხადებენ უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოებულს, მე არ უნდა მცოდნოდა ეს? ძალიან ბევრი მაქვს დაკარგული და არ მომითხოვია, მაგრამ ეს ხომ უნდა დარჩეს. აბა, რას წარმოვადგენ ახლა მე? ვერ დავწერე ოპერა, ისე მივდივარ, ალბათ, ამ ქვეყნიდან. ამ სიმღერებს ვწერ, ამის ავტორი ვარ და თუ ასე მღერიან, თუ ასე უნდა გაკეთდნენ ამ სიმღერით, მაშინ მე რაღაცნაირად პატივი მცენ, როგორც ავტორს. ეს უფლებაა, ეს ევროპელი ადამიანის მოვალეობაა და არც ერთი ევროპელი ამას არ გააკეთებს.”

როგორც მომღერალი ირინა ბაირამაშვილი ამბობს, ფესტივალზე წასვლამდე მან კომპოზიტორს სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, რომ მისი სიმღერის შესრულებას აპირებდა და თანხმობაც მიიღო. ირინა ბაირამაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაშიც თავს დამნაშავედ გრძნობს, არის ის, რომ ფესტივალიდან დაბრუნებულს ნუნუ დუღაშვილისთვის ფესტივალის შედეგები აღარ უცნობებია:

”მართლა არ ვიცოდი, თუ ამდენი ხნის შემდეგ ასეთ ამბავს გამოიწვევდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი საბუთებით გაირკვა, მოწვევით გაირკვა და დიპლომის გადაგზავნებით გაირკვა მაშინვე და მართლა არ მოველოდი ასეთ აჟიოტაჟს.”
ასეთ შემთხვევაში ფესტივალი იღებს ლიცენზიას იმ ქვეყნის საავტორო უფლების დამცველი ორგანიზაციისაგან, ანუ ყიდულობს უფლებას, რომ შეასრულოს ფესტივალზე ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები ...
გიგა კობალაძე

როგორც ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” და ფესტივალის დროს ირინა ბაირამაშვილის პროდიუსერი კობა ბრეგვაძე ამბობს, კომპოზიტორს არასწორი ინფორმაცია აქვს. ფესტივალზე მისმა სიმღერამ კი არ გაიმარჯვა, არამედ სიმღერის შემსრულებელმა მიიღო დიპლომი სიმღერის კარგი შესრულებისთვის, თუმცა მომღერალს მატერიალური ანაზღაურება ამაში არ მიუღია.

როგორც ირკვევა, საქმე იმდენად არა კომპოზიტორსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობას და დავას ეხება, არამედ ურთიერთობას კომპოზიტორსა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის. როგორც საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, როდესაც ფესტივალზე თუ კონკურსზე რომელიმე კომპოზიტორის ნაწარმოები სრულდება, ორგანიზატორი მხარე ვალდებულია ჰონორარი გადაუხადოს კომპოზიტორს:

”როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ფესტივალი იღებს ლიცენზიას იმ ქვეყნის საავტორო უფლების დამცველი ორგანიზაციისაგან, ანუ ყიდულობს უფლებას, რომ შეასრულოს ფესტივალზე ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები, რაშიც იხდის დადგენილ ჰონორარს და ეს ჰონორარი ამ ორგანიზაციის მეშვეობით უნაწილდება ავტორს. ასეა ეს საქართველოშიც და მსოფლიოში ყველგან.”

გიგა კობალაძის განმარტებით, მოლდავეთში გამართული ფესტივალის ორგანიზატორებს ნუნუ დუღაშვილის ჰონორარი უნდა გადმოერიცხათ საავტორო უფლების დაცვის საქართველოს ორგაზაციისთვის, რომელსაც მანამდე კომპოზიციის შესრულებისთვის ლიცენზია უნდა ჰქონოდა გაცემული, შემდეგ კი ამ ორგანიზაციას გადმორიცხული ჰონორარი კომპოზიტორისთვის უნდა გადაეცა. როგორც გიგა კობალაძე ამბობს, ასეთია გავრცელებული პრაქტიკა. მისივე სიტყვებით, საქართველოში იმის გარკვევა, გასცა თუ არა საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ ლიცენზია კომპოზიციის შესრულებაზე, ვერ გაირკვა, რადგან ამ ორგანიზაციას სხვა ხელმძღვანელობა ჰყავდა. ახლა გიგა კობალაძე ამ დეტალებს მოლდავეთის საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციასთან არკვევს. პასუხის მიღების შემდეგ ნათელი გახდება, რა მოხდა გასული წლის თებერვალში და რატომ ვერ მიიღო ამ დრომდე კომპოზიტორმა კუთვნილი ჰონორარი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG