Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 აპრილი, 2012


Georgia -- Georgian newspapers. undated
Georgia -- Georgian newspapers. undated
18 აპრილის ქართული პრესის მიმოხილვა „24 საათით“ დავიწყოთ. ”კონსტიტუცია, როგორც დაბალი ღობე” - ეს გახლავთ პოლიტოლოგ გია ნოდიას სტატიის სათაური, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს. ” ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებაში მთავარი შეცდომა (ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიცით) მისი პოლიტიკაში მოსვლაა. ჭკუათმყოფელი ხალხისთვის ცხადია, რომ ის ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა და ამ სფეროში სერიოზულს ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ მის ამ ნაბიჯს მთავრობამაც სერიოზული შეცდომა დაახვედრა, როდესაც მისი მოქალაქეობის საკითხში გაიხლართა”,- წერს გია ნოდია გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ასე ამთავრებს: ”რომ შევაჯამოთ, გვაქვს ასეთი ვითარება: ერთი მხრივ, ხელისუფლება ”ნა პრინციპ” დაუდგა ივანიშვილს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებს მას შეღავათს მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციის ლიდერია. არანაკლებ პრინციპულია ბატონი ბიძინა: მას არ უნდა მეორე მოქალაქეობის მოთხოვნა, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მისი ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, მიხეილ სააკაშვილის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, სახვეწრად რატომ უნდა გაიხადოს საქმე? ამ ორი მხარის დავაში დაბალი ღობე გამოვიდა კონსტიტუცია: ვერც ბიძინამ თქვას, აი ხომ ვაიძულე ხელისუფლება მოქალაქეობა დაებრუნებინაო, და ვერც დასავლეთმა გვიკიჟინოს, ოპოზიციის ლიდერს იურიდიული ხრიკებით არჩევნებში მონაწილეობას არ აღებინებთო, კონსტიტუციის გამოცვლას კი რა უნდა? ჩვენი ნება არაა? ეს დამოკიდებულება გაცილებით უფრო მძიმე პრობლემაა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა, რომელსაც მაინც ვერაფერი უშველის.”

გაზეთი ”ყველა სიახლე” კი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. "ივანიშვილი, ფაქტობრივად, აიკიდოს მეთოდით მოქმედებს. იაპონურ ორთაბრძოლაში ეს ნიშნავს მეთოდს, როდესაც მეტოქის დარტყმის ძალას საშენოდ იყენებ და ამ ძალის ინერციით აყენებ საპასუხო დარტყმას. ჯერჯერობით ეს მეთოდი კარგად ჭრის - ძირითადად იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა", დიდ ძალისხმევას ხარჯავს, მაგრამ მეტწილად ეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მუშაობს”, ამბობს რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი აიკიდოს მეთოდით მოქმედებს" / "სიცრუეს ისევ სისულელე არჩიეს და ხელი აიღეს კონსტიტუციაზე".

„ყველა სიახლე“ წერს ასევე თბილისში, მახათას მთაზე დაწყებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაზე და მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს საოპერო ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან, რომელიც ტაძრის მშენებლობას უდგას სათავეში. ” ეს ტაძარი ჩვენი ერთიანობის სიმბოლო იქნება და, როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ყოველი ქართველი ისე შევა ამ ტაძარში, როგორც მის მიერ აშენებულ ღვთის სახლში. ამ ტაძარს ჩვენ ყველანი ერთად, თანაბარი მონაწილეობით ავაშენებთ. თითო ადამიანის სახელზე ერთი ლარი იწირება, ხოლო ვისაც ამ ერთი ლარის შემოწირვის საშულება არა აქვს, მაგრამ აქვს სურვილი, გვირეკავს და საკუთარ გვარ-სახელს გვაწერინებს, მათ ნაცვლად კი ის ადამიანები გაიღებენ შემოწირულობას, ვისაც ამის სურვილი და საშუალება აქვს”, ეუბნება პაატა ბურჭულაძე ”ყველა სიახლეს”.

„ახალი თაობა“ "სახალხო პარტიის" ლიდერ მამუკა გიორგაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით ” ნაციონალებში დიდი რღვევა დაიწყო / რისი ეშინია ყველაზე მეტად სააკაშვილს“.

"ყველამ იცის, რომ სააკაშვილს გუნდის შიგნით რღვევის ეშინია. სააკაშვილი იმიტომ დარბის ასე ზევით-ქვევით, რომ ვერც ერთ კლანს ვერ ენდობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რომ იგნორირება გაუკეთოს „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებს. არ სურს მათი წამოწევა, რომ საზოგადოებაში ეს ხალხი ჩანდეს. სააკაშვილი დღეს ორ ფრონტზე იბრძვის - ოპოზიციისა და იმის წინააღმდეგ, რომ შიგნით სახელისუფლებო კლანებმა ვერ გაბედონ ისეთი ქმედებები, რომელიც დაანგრევს მის ხუხულას”, ეუბნება ”ახალ თაობას” მამუკა გიორგაძე, "სახალხო პარტიის" ლიდერი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG