Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიწყო იულია ტიმოშენკოს ახალი სასამართლო პროცესი


უკრაინაში დაიწყო ახალი სასამართლო პროცესი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ - რომელიც უკვე იხდის სასჯელს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას. თავად ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს. მან უარი განაცხადა დასწრებოდა სასამართლო პროცესის გახსნას და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ტიმოშენკოს ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ მას უკვე რამდენიმე თვეა ზურგის ტკივილები აწუხებს. ახალ პროცესზე ტიმოშენკოს გადასახადებისთვის თავის არიდების და ქურდობის მცდელობის ბრალდებები აქვს წაყენებული. საქმე ეხება 1990-იან წლებს, როცა ის გაზის მსხვილ კომპანიას ედგა სათავეში. ხარკოვის სასამართლოს შენობის წინ ტიმოშენკოს 1,000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა პროცესის გასაპროტესტებლად. მობილიზებული იყო 300-მდე პოლიციელი. ტიმოშენკო ოქტომბერში სცნეს დამნაშავედ ხელისუფლების გადამეტებაში. თავად ტიმოშენკო აცხადებს, რომ მას პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა პოლიტიკური ნიშნით დევნის. ტიმოშენკოს საქმე უარყოფითად აისახა უკრაინის ურთიერთობებზე ევროკავშირსა და აშშ-სთან.
XS
SM
MD
LG