Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისმა უმასპინძლა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს


მიმდინარე კვირაში თბილისში რამდენიმე ეკონომიკური ხასიათის კონფერენცია გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროპის, აზიისა და აფრიკის 20–ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლებმა თბილისის მთავრობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და თბილისის მერიისგანაც მიიღეს ბევრი ინფორმაცია განხორციელებული რეფორმების შესახებ.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, თბილისში უკვე მეექვსედ ჩატარდა. მისი ძირითადი თემატიკა ქალაქების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას უკავშირდება. ამჯერად 25-26 აპრილს გამართული ფორუმის მსჯელობის საგანი „მომავლის ქალაქები“ იყო. თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, შეკრებილ 20-ზე მეტი ქვეყნის ქალაქების მერებს, მუნიციპალურ ჩინოვნიკებს, ექსპერტებსა და ბიზნესისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს თბილისის მომავალი განვითარების სტრატეგია დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გააცნო:

გიგი უგულავა (მარჯვნიდან მეორე) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი
გიგი უგულავა (მარჯვნიდან მეორე) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი
„21-ე საუკუნის საზოგადოება არის ურბანული საზოგადოება. განვითარების პირდაპირ პროპორციულია ურბანიზაცია ამა თუ იმ საზოგადოების და ეს პროცესი გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაშიც. აქედან გამომდინარე, მთავარი შეკითხვა ამ გამოწვევაზე არის როგორ უნდა მოხდეს, რა გეგმით, რა ტემპით ეს ურბანიზაცია, რომ ამან, ერთი მხრივ, არ დააზარალოს თუნდაც თბილისი, ჩვენს შემთხვევაში, და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს თავკომბალა ქალაქების წარმოქმნა, რაც, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის პერიოდში თბილისისთვის დამახასიათებელი იყო და დღესაც პრობლემები, რომლებიც ჩვენ თბილისში გვაქვს, ამით არის გამოწვეული.“

გამოწვევები, რომლებიც თბილისის წინაშე დგას, სხვადასხვა ხასიათისაა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მუნიციპალური ტრანსპორტია. წლიდან წლამდე, მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ამ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მთავრობამ სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა.

მაგალითად, „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ პირველი ფორუმის ჩატარებისას თბილისში დაახლოებით 100 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი მუშაობდა, 6 წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა თითქმის გაოთხმაგებულია. ასევე თითქმის მთლიანად შეიცვალა და განახლდა მიკროავტობუსების პარკი, მიმდინარეობს ინვესტირება მეტროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციაში და სხვა. თუმცა ეს რომ საკმარისი არ არის, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძეც აღიარებს:
თბილისი უკვე ატარებს ძალიან ბევრ ფესტივალს და მნიშვნელოვან ღონისძიებას, მაგრამ მთავარი გამოწვევა ქალაქისთვის არის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება...
კოკი იონათამიშვილი

„იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი, შესაბამისად იზრდება კერძო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რაც თავისთავად ტვირთავს ქალაქს, და ამიტომ ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი ავიყვანოთ იმ დონეზე, რაც დააბალანსებს კერძო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას. და მივიღებთ, რომ ადამიანი ყოველდღიურად სამუშაო ადგილზე წასვლა-დაბრუნებისთვის არ გამოიყენებს თავის კერძო სატრანსპორტო საშუალებას და გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.“

ამ ვითარების შესაცვლელად აკაკი ჯოხაძის უწყება თბილისში ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. ტრამვაის პროექტის რეალიზებამდე თბილისში რამდენიმე თანამედროვე ხარისხის საბაგირო გზა ამუშავდება. ასევე დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების რეგულირებისა და მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლაც.

სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება ერთ-ერთი შემადგენელია იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც თბილისი დგას საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობისას. უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში ჩატარდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი პრაქტიკა ქართველ კოლეგებს სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გაუზიარეს. მათი გამოცდილების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს დედაქალაქის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი:

კოკი იონათამიშვილი (მარჯვნიდან მეორე) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი
კოკი იონათამიშვილი (მარჯვნიდან მეორე) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი
"განვიხილავთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის დიდი ღონისძიებების მოწყობას. აქ იგულისხმება როგორც ფესტივალები, ასევე სხვა ტიპის ღონისძიებები. გვყავს საინტერესო სპიკერები. იქნება საუბარი ფესტივალზე, როგორიც არის ”ოქტობერფესტი”, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ფესტივალი, რომელიც მხოლოდ ერთჯერადად იღებს 7 მილიონამდე ტურისტს... თბილისი უკვე ატარებს ძალიან ბევრ ფესტივალს და მნიშვნელოვან ღონისძიებას, მაგრამ მთავარი გამოწვევა ქალაქისთვის არის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება და, ზოგადად, ვთვლი, რომ ამ თუ სხვა ღონისძიებების უფრო განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ქალაქი გავხადოთ კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი.“

კოკი იონათამიშვილის მიერ ნახსენებ მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო ღონისძიებათა ორგანიზების უცხოური პრაქტიკის გაცნობის გარდა, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება თბილისისგან გაიზიარონ „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის“ მონაწილეებმა - მათ შორის, თუნდაც, სამხრეთ სუდანის ქალაქ ჯუბას მერმა და ეგვიპტის დედქალაქის ქაიროს მერმა, რომლებიც თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. თბილისსა და ქაიროს შორის დაძმობილების ხელშეკრულებაც კი გაფორმდა.
XS
SM
MD
LG