Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბოტაბადში ოსამა ბინ ლადენი კვლავ ახსოვთ


ოსამა ბინ ლადენი
ოსამა ბინ ლადენი
ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა მიაკვლია და მოკლა ოსამა ბინ ლადენი, ნომერ პირველ ძებნილად მიჩნეული პირი. ეს ოპერაცია მოეწყო პაკისტანში, ქალაქ აბოტაბადში, სადაც ბინ ლადენი თავის შვილებსა და ცოლებთან ერთად ცხოვრობდა თუ იმალებოდა. მას მერე ერთი წელი გავიდა. ამ წყნარ ქალაქში ბინ ლადენის ფიზიკური კვალი წაშლილია, მაგრამ ბევრს ახსოვს ის და ზოგიერთი წყლის დასალევადაც კი მიდის იქ, სადაც ის ცხოვრობდა, რადგან იქაური წყალი წმინდა წყლად მიაჩნიათ.

ოპერაცია აშშ-ის სპეცრაზმმა შარშან 2 მაისს ჩაატარა. ოსამა ბინ ლადენი მოსპეს. ის პაკისტანის სამხედრო აკადემიასთან ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. პაკისტანის არმიის ჯარისკაცებმა მისი საცხოვრებელი დაანგრიეს და ბინ ლადენის კვალი წააშალეს. მიუხედავად ამისა, დღესაც ბევრი ჩადის იქ და მოიხილავს არეალს, სადაც მსოფლიოს უდიდესი ტერორისტი ბინადრობდა, ვინ იცის, რამდენ ხანს. ღულამ ნაბი დიდი ხანი არაა, რაც აბოტაბადში დასახლდა. ეს ახალგაზრდა წვერიანი კაცი წყალს პეშვით სვამს დაზიანებული მილიდან და ჩვენს კორესპონდენტს, ხალიდ ხანს უამბობს, ადრე აქაურობა დიდი კედლებით იყო გარშემორტყმული, კამერები ეყენა, დაცული არეალი იყოო. ნაბი იქვე, ოსამა ბინ ლადენის სახლის მახლობლად, ველზე მუშაობს. მისი ნაამბობიდან შეიტყო რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტმა, რომ ყოველდღიურად ბევრი იქ იმის გამო მიდის, რომ იქაური წყალი წმინდა წყლად მიაჩნიათ. შორიდან, ლაჰორიდან და კარაჩიდანაც ჩამოდიან, ჰყვება ნაბი, რომელსაც არა სწამს ძველი დაზიანებული მილიდან მომდინარე წყლის სიწმინდისა. იქვე პატარა ბიჭუნები კრიკეტს თამაშობენ. ერთი მათგანი, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს, ამბობს, ოსამა ბინ ლადენის ყოფილი სახლის ეზოში ვთამაშობთო და ხუმრობით ამატებს, აქ სტადიონი უნდა გაკეთდეს და ბინ ლადენის სახელი ეწოდოსო. პატარა კრიკეტისტი ჩივის, ამდენი ადგილია გარშემო, თავისუფალი მინდორი ბევრია, მაგრამ თამაში მარტო აქ შეიძლებაო. ქალაქის მცხოვრებთ იმედი ჰქონდათ, რომ ოპერაციის შემდეგ, როცა შენობა დაანგრიეს, ძველი სიმშვიდე დაბრუნდებოდა, მაგრამ ისინი შეწუხებული არიან უშიშროების გაძლიერებული ზომებით, რომელთაც ქალაქის მმართველობა მიმართავს ხოლმე. ხალხი ოსამა ბინ ლადენზე ბევრს არ ლაპარაკობს. ზოგს ეჭვიც კი ეპარება, რომ მართლაც იქ ცხოვრობდა ბინ ლადენი. ის, რაც მოხდა, პაკისტანის არმიისათვის უსიამოვნო მოსაგონარია, რადგან აშშ-ის სპეცრაზმმა მის უკითხავად განახორციელა ეს აქტი.

ოსამა ბინ ლადენის სახლი, როგორც ვთქვით, პაკისტანის სამხედრო აკადემიის წინ იდგა. ჩვენი კორესპონდენტი სადალაქოში შევიდა და იქაური ჭორებიც მოისმინა. ერთი მოხუცი ამბობდა, ბინ ლადენი გმირიაო, ის არასოდეს ყოფილა აბოტაბადში, ადრევე მოკლესო. აქაურებს არც კი გვჯერა, რომ აქ ცხოვრობდაო, ამბობს მოხუცი და წყნარად წრუპავს ჩაის. მეორე, იქვე მყოფი, ასევე მოხუცებული კაცი, ამატებს, თუ მართლა აქ მოკლეს, რატომ ამის დამადასტურებელი არაფერი ჩანს - მისი გვამი კი არა, ფოტოც კი არავის უნახავსო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG