Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 მაისი, 2012


გაზეთებში დღეს ”ქართული ოცნების” მიერ მაისის ბოლოს დაგეგმილ ღონისძიებაზე წაიკითხავთ: ”სტადიონი ივანიშვილისთვის”, ””ქართულმა ოცნებამ” 26 მაისი სახალხო კრებას წაართვა”, ”26 მაისს ვიწყებთ დამოუკიდებლობისთვის ახალ ბრძოლას”.

”რეზონანსი” წერს: ””ქართული ოცნება” თავისი საარჩევნო კამპანიის დაწყებას 26 ან 27 მაისს თბილისში მასშტაბური ღონისძიებით გეგმავს, რისთვისაც შესაფერის ადგილს ეძებს - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს, თუმცა ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ”ოცნებას” აქციისთვის არც ერთს არ დაუთმობენ”.

”ახალი თაობა” ამავე თემაზე: ””სახალხო კრება” დელიკატურად გვერდზე გადგა და ელოდება ”ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციას სტადიონზე, თუმცა ურიგო არ იქნებოდა, კოლეგა ოპოზიციონერებს ”ქართული ოცნებიდან” მიეწვიათ მაინც ”სახალხო კრების” წევრები აღნიშნულ ღონისძიებაზე, თუ ბოდიშს მაინც არ იხდიდნენ ამ გაუგებარი გამოხტომის გამო. სხვა თუ არაფერი, სწორედ „სახალხო კრების“ აქტივისტები და დემმოძრაობის მხარდამჭერები დაზარალდნენ შარშანდელი აქციების დროს”.

”ახალ თაობაშივე” სხვა თემაზე - ”ვინ და რატომ მფარველობს ვლადიმერ სანაკოევს?”: ”თუ ვიღაცისთვის ჩრდილოეთისკენ გახედვა ღალატი და უპატიებელი ცოდვაა, ვოვა სანაკოევისთვის რატომ არის რუსეთის აგენტობა საქართველოსთვის სასარგებლო და საპატიებელი? ექსპერტების შეფასებით, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მიერ ვლადიმერ სანაკოევისთვის გაკეთებული ჟენევის მოლაპარაკებაში ჩართვის შეთავაზება ფარსი, ბლეფი და ახალი წარმატების კამპანიაა, რომელიც მერაბიშვილმა საპარლამენტო საათის დროს წამოიწყო”.

”რატომ გაიყვანა პრესკონფერენციიდან საკუთარ კაბინეტში და რა შესთავაზა ”ალიას” ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილმა?” - ”ალიაში” ქვეყნდება პირისპირ საუბრის ტექსტი. ავტორი წერს, რომ საუბრის დაწყებამდე მას დიქტოფონი ჩამოართვეს, თუმცა საუბრის დასაწყისშივე უთქვამს ივანიშვილისთვის, რომ შეხვედრის შესახებ დაწერდა. ტექსტი ინტერვიუს სახით იბეჭდება - ”გამოგიტყდებით, მე ერთი დიქტოფონი თავში მაქვს ჩამონტაჟებული”, -უთქვამს ივანიშვილისთვის ”ალიას” ჟურნალისტ გელა ზედელაშვილს. ”ბატონო ბიძინა, თქვენ ჯვარი გეწეროთ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილს ყველა შემოეცალა ბოლო მომენტში, ერთადერთი ”ალია” აღმოჩნდა, რომელმაც ის დაიცვა. მეშინია, იგივე არ განმეორდეს”, - ეუბნება ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილს. მისი პასუხი: ”თქვენ გგონიათ, მე არ ვფრთხილობ? მე რისკიანი კაცი ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ფრთხილი. ვიცი, ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები... თუმცა არც იმდენი შნო აქვთ, როგორც გარეგნულად გვაჩვენებენ. როგორც კი მოვედი პოლიტიკაში, ეგრევე მთხოვეს ხელშეუხებლობის გარანტია, ნუ დაგვიჭერო. მე ვუთხარი: არა, მე არავის დასჯას არ ვაპირებ, ყველაფერი გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა სასამართლომ-მეთქი. ასეც უნდა იყოს, ვინც რამე დააშავა, ყველა აგებს პასუხს”.

”შიში ადამიანთა თვალებში” - ამ სათაურით ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს ”ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ მოცრაძესთან, რომელიც მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში აპრილის დასაწყისში რამდენიმე დღით იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფლებში და, როგორც ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს, ”საკუთარი თვალით ნახა 15 შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ერთ სახლში ცხოვრობს”. თამარ მოცრაძე ჰყვება: ””სამეგრელოში არსებული ბანდფორმირებები ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია” - ამ წინადადებას ან უნდა დასთანხმებოდა რესპონდენტი, ან - არა. სანამ რესპონდენტი ამ კითხვაზე პასუხს გამცემდა, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვიდა ჯერ ერთი სამხედროფორმიანი მამაკაცი, ”კალაშნიკოვით” ხელში, შემდეგ მეორე, მესამე და ა.შ... სულ, რაც დავთვალე, მეორე სართულიდან 15 იარაღიანი მამაკაცი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა ფხიზელი იყო, მხოლოდ სამი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ არ ვიცი, ნასვამები იყვნენ თუ დაბოლილები”, - ჰყვება მოცრაძე. ერთ-ერთ იარაღიანს უთქვამს, ”როგორც ჩანს, არ ვართ ფანტაზიის ნაყოფი და შეგიძლია გააგრძელოო”.

”24 საათში” წაიკითხავთ სტატიას მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ სადაზღვევო პაკეტზე, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და ყველა პენსიონერი და 5 წლამდე ასაკის ბავშვი იქნება დაზღვეული. ”24 საათიდანვე” შეიტყობთ, რომ საქართველოში მართვის მოწმობის კატეგორიები და დიზაინი იცვლება. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების მიხედვით, მართვის მოწმობები 5-ის ნაცვლად 15 კატეგორიის მიხედვით გაიცემა. ძველი მოწმობების გაუქმება, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, 1 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. იურიდიული ძალა ძველ მოწმობებს მოქმედების ვადის ამოწურვამდე ექნება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG