Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტებისთვის მსჯავრდებულებს საპროცესო გარიგებას სთავაზობენ


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წელს განხორციელებული ტერაქტებისთვის მსჯავრდებულთა სააპელაციო პროცესი 8 მაისისთვის გადაიდო. მსჯავრდებულთა ადვოკატებს არ გაუპროტესტებიათ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ მათ საპროცესო გარიგება შესთავაზონ, რაც სასჯელის ვადის შემცირებას ითვალისწინებს. პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა გარიგების მისაღწევად გონივრული ვადა ითხოვა. როგორც ირკვევა, საპროცესო გარიგების მიღწევას პროკურატურა ამჯერად საქმეში მთავარ ბრალდებულ მერაბ ყოლბაიასთან არ ცდილობს.

ტერაქტების საქმეში მთავარი ფიგურის - მერაბ ყოლბაიას - ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ამჯერად მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ბრალდების მხარეს საპროცესო გარიგების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა აპრილში გამართული სააპელაციო სასამართლო პროცესის წინ ყოლბაიას 30 წლიანი სასჯელის 8 წლამდე შემცირებას ჰპირდებოდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების შენარჩუნების სანაცვლოდ. გავიხსენოთ, რომ მერაბ ყოლბაიამ 24 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე ტერაქტებში მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა.

”დღეს ყოლბაიას მიმართ არანაირი შეთავაზება არ გმოკვეთილა. უბრალოდ, ყოლბაიას შესთავაზეს საპროცესო გარიგება მანამდე, სანამ სხვა მსჯავრდებულებს შესთავაზებდნენ.”

მათე ხარჭამაძის განცხადებით, მერაბ ყოლბაია უკვე აღარ ენდობა პროკურატურას და მის შეთავაზებებს. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, 3 მაისს ის პროკურატურას მიმართავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ განხრციელებული წამების ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.
თანახმა ვარ 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ამ ბრალდებით გავაფორმო საპროცესო გარიგება და ვაღიარო ეს დანაშაული, თორემ ტერაქტთან დაკავშირებით... მე არავითარ შემთხვევაში ამას არ დავიბრალებ ...
დავით კეკუტია

რაც შეეხება ტერაქტების განხორციელების ბრალდებით მსჯავრდებულ სხვა 6 პირს და მათთვის შეთავაზებულ საპროცესო გარიგების პირობებს, ადვოკატების განცხადებით, მათ 20-30-წლიანი სასჯელების 5, 10 და 20 წლამდე შემცირებას ჰპირდებიან.

როგორც გელა ნიკოლაიშვილი, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მსჯარდებულის, დავით კეკუტიას ადვოკატი აცხადებს, ამ ეტაპზე წინასწარი შეთანხმება არსებობს რამდენიმე მსჯავრდებულთან, მათ შორის გოდერძი არქანიასთან - მას სასჯელის 1 წლითა და 7 თვით მოხდას სთავაზობენ, თუ მისი ძმა - საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, გოგიტა არქანია - 30-წლიანი სასჯელის 20 წლამდე დაყვანის პირობას დასთანხმდება. თუმცა ჯერჯერობით გარიგებაზე არც ერთ მსჯავრდებულს ხელი არ მოუწერია.

აქვე ვიტყვი, რომ გოგიტა არქანიამ წინა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მხოლოდ თბილისში ტერაქტების ჩადენა აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. რაც შეეხება დავით კეკუტიას, მერაბ ყოლბაიამ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მას ტერაქტების ორგანიზებაში დამხმარედ მოიხსენიებდა, 24 აპრილის სასამართლოზე მიცემული ჩვენებისას განაცხადა, რომ კეკუტიას საერთოდ არ იცნობდა და სასამართლომდე არც კი უნახავს.

მსჯავრდებულების მიმართ საკმაოდ შეირყა მტკიცებულებები და, როგორც ჩანს, პროკურატურა დაფიქრდა ...
გელა ნიკოლიაშვილი
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დავით კეკუტია საპროცესო გარიგებას შესაძლო ნაწილობრივ დასთანხმდეს, ოღონდ ეს ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდების აღიარებას არ შეეხება.

”მეორე ბრალდება არის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ მაინცდამაინც მე დავიბრალებ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ამისთვის მაქსიმალური სასჯელი არის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლით, კი ბატონო, თანახმა ვარ 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ამ ბრალდებით გავაფორმო საპროცესო გარიგება და ვაღიარო ეს დანაშაული, თორემ ტერაქტთან დაკავშირებით... მე არავითარ შემთხვევაში ამას არ დავიბრალებ”, უთქვამს დავით კეკუტიას, როგორც გვაუწყებს გელა ნიკოლაიშვილი.

რატომ დაიწყო ბრალდების მხარემ საპროცესო გარიგების შეთავაზება მსჯავრდებულებისთვის? - ამ კითხვაზე გელა ნიკოლიაშვილის პასუხია:

” მსჯავრდებულების მიმართ საკმაოდ შეირყა მტკიცებულებები და, როგორც ჩანს, პროკურატურა დაფიქრდა იმაზე, რომ თუ, საბოლოო ჯამში, ეს საქმე წავა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იქ თითქმის ასპროცენტიანი შანსი აქვს ამ საქმეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მომჩივნებმა, საჩივრის ავტორებმა, გაიმარჯვონ და, როგორც ჩანს, ამას მოერიდნენ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა და 2010 წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის, ევგენი (იგივე ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა. საბოლოო ანგარიშით კი, გასული წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სულ 15 ადამიანი ცნო დამნაშავედ. აქედან 4-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ერთი კი გარდაიცვალა.

მორიგი სასამართლო პროცესი 8 მაისს დაინიშნა. სავარაუდოდ, მაშინ გაირკვევა შეძლებს თუ არა პროკურატურა მსჯავრდებულთა საპროცესო გარიგებაზე დაყოლიებას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG