Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო პროექტი ივანიშვილის გამო შეიცვლება


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის უფლებებს ანიჭებს, ამ დრომდე იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ის არ შეეხება კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. პარლამენტის სხდომაზე 8 მაისს პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“. პირველი მოსმენით მიღებული ფორმულირება, განსხვავებულია იმ ვარიანტისაგან, რომელიც წინასწარი განხილვების პროცესში იყო ცნობილი. პირველადი ვარიანტის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ცხოვრების მოთხოვნა 3 წლით იყო განსაზღვრული. როგორც ბიძინა ივანიშვილმა 9 მაისს უთხრა ჟურნალისტებს, მხოლოდ დაახლოვებით 8 წელიწადია, რაც ის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. შესაბამისად, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მასზე ვერ გავრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის საკონსტიტუციო პროექტი იმგვარად შეცვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს. თუმცა, კუბლაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რომ საკონსტიტუციო პროექტი მეორე მოსმენამდე შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG