Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალა ბესტაუთის ინტერპოლი ეძებს, რუსი სამართალდამცავები კი მას ათავისუფლებენ


ბალა ბესტაუთი
ბალა ბესტაუთი
რუსეთის საზღვარზე ბალა ბესტაუთის დაკავება განხილვის საგანი გახდა ცხინვალის პარლამენტში. ბალა ბესტაუთი ამჟამად თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატია. 18 მაისს იგი ქვემო ზარამაგის გამშვებ პუნქტზე რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისთვის არანაირი პრეტენზია არ წაუყენებიათ და მხოლოდ ის უთხრეს, რომ საინფორმაციო ბაზაში მისი პიროვნება უნდა გადამოწმებულიყო. ამ დროს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ხმაური ატეხა და რუსეთის ხელისუფლებას ბალა ბესტაუთის გათავისუფლება მოსთხოვა. ბესტაუთი ერთი ღამის განმავლობაში გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთ ოთახში ჰყავდათ და მოგვიანებით გაათავისუფლეს. თვითონ დეპუტატი დაკავებას ინტერპოლის მიერ მასზე გამოცხადებულ ძებნას უკავშირებს, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება კი რუს სამართალდამცავებს სთხოვს გადასცეს საქართველოს მიერ ინტერპოლის ბაზაში შეტანილ პირთა სია. ვინ არის ბალა ბესტაუთი და რატომ ატეხა მის გამო დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისიფლებამ ამხელა ხმაური? ბალა ბესტაუთი აქტიურად მონაწილეობდა როგორც 90-იანი წლების კონფლიქტის, ისე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებში. მას ერთ-ერთი სასტიკი მეთაურის სახელი აქვს. ომამდე მისი აფეთქებაც სცადეს, სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუმონტაჟეს, მაგრამ მაშინ ბესტაუთი გადარჩა. მას სხვადასხვა დროს დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობები ეკავა. იყო მოხალისეთა რაზმების მეთაური. არის ოსეთის გმირი.

ოსი დეპუტატების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი სამართალდამცავება დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს განმარტების გარეშე აკავებენ. მათი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ვინ არის შეტანილი ინტერპოლის სიაში, რათა მსგავსი პრობლემები სხვა ადამიანებმა თავიდან აიცილონ. თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის იური ძიცოითის თქმით, რუს და ოს სამართალდამცავებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვითარება.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი უკვე დაუკავშირდა რუს კოლეგას. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან განაცხადა, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო არაერთ ოს მაღალჩინოსანზე ძებნაა გამოცხადებული, მათ შორისაა ბალა ბესტაუთიც.

საქართველო 1993 წლიდან არის ინტერპოლის წევრი. იმ ძებნილების სია კი, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმალებიან, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბაზაშიც ხვდება. რამდენიმე წლის წინ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაშიც იყო გამოკრული ფოტოები კოკოითის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა - მინძაევის, მოროზოვის, ბარანკევიჩის და სხვათა, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული. ძებნილების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან ოკუპირებულ რეგიონში თავს მშვიდად გრძნობს.
XS
SM
MD
LG