Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 ივნისი, 2012


დღეს გამოსული გაზეთების უმრავლესობის პირველ გვერდებზე ნახავთ წარწერას, რომლის ავტორია კამპანია ”ეს შენ გეხება”: ”მინდა ვუყურო ყველა ქართულ ტელეარხს! დააკანონე Must-carry!”.

”რეზონანსი - მთელი კვირა” წერს, რომ პროგრამა ”Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველებისთვის ხელახალი რეგისტრაცია დღეს იწყება და, ერთ-ერთ რესპონდენტზე დაყრდნობით, იმასაც ამცნობს მკითხველს, რომ დასაქმებულ სტუდენტებს ”ნაცმოძრაობის” აქციებზე სიარულს ავალდებულებენ.

”ბიძინა ივანიშვილის ფულის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია, ბუნებრივია, ჩვენთვის საკმაოდ კონკურენტუნარიანი ოპონენტია, თუმცა მიტინგებზე საარჩევნო ხმებს არ ითვლიან. შესაბამისად, რამდენ ადამიანს გამოიყვანს ოპოზიცია ქუჩაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ”, - ეუბნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური ”ვერსიას”.

”ხალხს ფულზე დიდი ძალა აქვს. ძალაუფლება ხალხისაა და ხალხი, რომელმაც აჩვენა 27 მაისი, ოქტომბერში გაცილებით დიდ ერთიანობას დაანახვებს ხელისუფლებას”, - აცხადებს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გაზეთის 6 გვერდს იკავებს და რომლის ავტორიც მკითხველს სათაურშივე ჰპირდება კითხვებს, რომლებიც ”ჯერ არავის დაუსვამს” და პასუხებს, რომლებიც ჯერ არსად მოუსმენიათ. ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის გაცნობის დეტალებზეც ეკითხება. ივანიშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილს კრწანისში შეხვდა: ”მე ვუთხარი, ათი წელი რომ გაგივა და ხუთი წელი რომ პაუზას გააკეთებ, აი, ისეთი საყვარელი უნდა წახვიდე, რომ ამაზე მეტი ენთუზიაზმით გელოდნენ-მეთქი ქართველები... ერთი ეს ათი წელი გადამაგორებინა და მეტს არ დავეძებო, მითხრა...” - ჰყვება ივანიშვილი.

”კვირის პალიტრა” გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებასა და ცენტრის თანამშრომლების მიერ სამსახურის დატოვების ფაქტს უბრუნდება. დღევანდელ ნომერში მაია მიმინოშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც რესპონდენტი ამბობს, რომ მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია ბაზებთან წვდომის საკითხზეც ჰქონდა: ”იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ განათლების სამინისტროდან მოწვეულ ექსპერტებს სააპელაციო ნაშრომების გადახედვის და ქულების გადასწორების უფლება მისცემოდათ. რაც მთავარია, იმ ნაშრომებზე აუცილებად სახელი და გვარი უნდა ყოფილიყო მითითებული, რაზეც კატეგორიული წინააღმდეგობა გამოვხატე.”

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ქართული ოცნების” წევრი, იურისტი ეკა ბესელია ამბობს: ”როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებისთანავე ხელისუფლება კიდევ უფრო აგრესიულ და უხეშ ფორმებზე გადავა. სააკაშვილს დიდი ხანია ნერვებმა უმტყუნა.”

”ახალ თაობაშივე” ნანა დევდარიანთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”კარუსელები და ბიულეტენების ჩაყრა - ეს უკვე ძველი ეტაპია. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ მოახერხებს თავისი ამომრჩევლის მობილიზებას და მიყვანას.”

”ასავალ-დასავალი” კახი კალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. კალაძე ამბობს, იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ”სკანდალთან არაფერ შუაში ვარ და არათუ ეჭვმიტანლის, მოწმის სახით დასაკითხადაც არ გამომიძახესო”.

”24 საათიდან” შეიტყობთ, რომ თბილისში არსებულ შიდსის ცენტრში დღეს რვა აფხაზი მკურნალობს და რომ აფხაზეთიდან პაციენტების რიცხვი 2006 წლის შემდეგ გაიზარდა.

”24 საათში” წაიკითხავთ პარლამენტში შესული კანონპროექტის შესახებაც, რომელიც სახალხო დამცველთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებებსა და დამატებებს ითვალისწინებს და რომლის დამტკიცების შემთხვევაში პროკურორს დაევალება სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე წინასწარი გამოძიების დაწყება.

ჟურნალი ”ტაბულა” დღეს ყდას ინგლისელი მსახიობის მალკოლმ მაკდაუელის პორტრეტს უთმობს. დღევანდელ ნომერში მის თბილისში ვიზიტსა და შემოქმედებაზე სტატიას გაეცნობით. სათაურია: ”მალკოლმ მაკდაუელი - ყველაზე იღბლიანი ხულიგანი”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG