Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 ივნისი, 2012


მიმოხილვას ”ტაბულით” დავიწყებთ, რომლის გარეკანზეც დღეს თინა ხიდაშელის ფოტოს ნახავთ. თავად ეს პუბლიკაცია კარგა ვრცელი ინტერვიუ გახლავთ, სათაურით ”საქართველო ტოტალიტარული სახელმწიფოა”. გაგაცნობთ ერთ ამონარიდს, სადაც ჟურნალისტისა და რესპონდენტის გასაუბრებაა - ლაპარაკობენ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. ჟურნალისტი კითხულობს: „- ამ ბიუჯეტს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაგეგმავთ? პასუხი: არა. ჩვენი ბიუჯეტი გამოქვეყნდება წინასაარჩევნოდ. - ამ ეტაპზე პასუხი არ გაქვთ? - გვაქვს და წინასაარჩევნოდ გამოვაქვეყნებთ. -კარგი, ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემაზე, რადგან ამწუთას კონკრეტული მონაცემები არა გაქვთ. - როგორ არ მაქვს. მაგიდაზე დევს და ახლავე შემიძლია გაჩვენოთ. -მინდა, რომ მაჩვენოთ. ამომრჩეველს აინტერესებს ეს ინფორმაცია. -ამომრჩეველი სახლში მიიღებს ამ ინფორმაციას.“

კიდევ ერთი კითხვა-პასუხი მინდა შემოგთავაზოთ - ამჯერად ”ასავალ-დასავლიდან”, რომელიც დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან. კითხვა: „ბატონო ბიძინა, „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ თქვენს წინა ინტერვიუს სააკაშვილის ლაქიების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ივანიშვილმა "ფაშისტური და ქსენოფობიური გაზეთი "ასავალ-დასავალი“ როგორ შეაქოო...სააკაშვილმაც დაგვაფასა და "მოფაშისტო გაზეთი“ გვიწოდა." ... ბიძინა ივანიშვილის პასუხი: „საააკაშვილს ურჩევნია საკუთარ გამონათქვამებს მიხედოს. მე ზოგადად ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულ პოზიციას, რაც თქვენს გაზეთს გააჩნია და ამიტომ იმსახურებთ პატივისცემას. ჩემთვის ყველაზე საშინელი და საშიში ნიღბიანი ხალხია, თქვენთვის კი ნიღაბი არასოდეს შემიმჩნევია და ამიტომ ახლაც გულწრფელად შემიძლია გავიმეორო, რომ პატივს გცემთ!"

დღევანდელ „კვირის პალიტრაში” დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არა რომელიმე ინტერვიუ ან სტატიაა, არამედ გაზეთის ტირაჟი. ”კვირის პალიტრა” დღეს გვაუწყებს, გაზეთი სარეკორდო 104 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდაო. გაზეთს 17 წლიან ისტორიაში რამდენჯერმე ჰქონდა 100 ათასიანი და მეტიანი ტირაჟი, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი 104 ათასი სარეკორდო მაჩვენებელიაო, - წერს გაზეთი. ”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე კი ნახავთ სათაურს ”შეტევა ყველა მიმართულებით.” ეს გახლავთ კრებითი სათაური რამდენიმე პუბლიკაციისა, სადაც ხელისუფლებისა და ”ქართული ოცნების” დაპირისპირებაა აღწერილი.
ამავეზე წერს დღევანდელი ”რეზონანსიც”. სათაური პუბლიკაციისა არის ”ბრძოლა ერთი პარტიის წინააღმდეგ”. ეს ინტერვიუა კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელ ირაკლი მელაშვილთან. კოალიცია კონტროლის პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებსო, წერს გაზეთი, ირაკლი მელაშვილი კი ამბობს, კონტროლის პალატამ უკანონო ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოსო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG