Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დემოკრატიზაციის გზამკვლევი“ გორში


სტუმრები შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ჩამოვიდნენ და ცარიელი დარბაზი რომ ნახეს, ცოტა დაიბნენ. ვიღაცამ გაამხნევა, ეს გორია და 5 წუთს მაინც დაიგვიანებენო, მაგრამ ზუსტად 16 საათზე დარბაზი შეივსო და შეხვედრაც დათქმულ დროს დაიწყო. ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის ხარისხი იზრდება. სტუმრები დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები, მასპინძლები კი ადგილობრივი საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ანალიტიკოსები გორში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ახალი კრებულის პრეზენტაციისთვის და საჯარო დისკუსიის გასამართად ჩამოვიდნენ.

„საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი“ - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა გამოსცა. გამოცემაში შესულია სტატიები ქართული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პრობლემების, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სტიქიური უსაფთხოების შესახებ, ასევე მედიასა და კანონმდებლობაში არსებული პრობლემების თაობაზე. კრებული იმითაცაა საინტერესო, რომ სტატიების გვერდით მოყვანილია მსოფლიოს ცნობილი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკოსების გამონათქვამები დემოკრატიის, თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის შესახებ. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა საქართველოში დემოკრატიის პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქვეყანას შიდა და საგარეო საფრთხეების წინაშე აყენებს. ცისკარიშვილის აზრით, ზედმეტია საუბარი რაიმე დემოკრატიულ მიღწევაზე, როცა სატელევიზიო სივრცე სახელისუფლებო გუნდის მიერ მონოპოლიზებულია.

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ საზოგადოებას გააცნო კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიური წინსვლა მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. ჩრდილოვანი ეკონომიკა და ელიტური კორუფცია – ეს ფრაზები ხშირად ისმოდა ანალიტიკოსების გამონათქვამებში. მამუკა არეშიძემ საგარეო საფრთხეებზეც ისაუბრა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ასეთი დისკუსიები იმის შანსს იძლევა, რომ ექსპერტებმა საზოგადოებისგან ინფორმაცია მიიღონ, ანალიტიკოსებმა კი საზოგადოება მოვლენების არსში უფრო ღრმად ჩაახედონ.

გორში საინტერესო ინფორმაციით ჩამოვიდა „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია. მისი განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ დაიწყო ომის დროს დაზარალებული ადამიანების იმ სარჩელების განხილვა, რომელიც მისმა ორგანიზაციამ გაგზავნა. მისი თქმით, რუსულმა მხარემ მას და დაზარალებულებს დასაკითხად მიწვევის წერილები ფორმალურად გაუგზავნა, თუმცა ამ მიწვევას არავინ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებას უჩივის დაზარალებულთა უფლებების აღსადგენად. მუხაშავრიას იმედი აქვს, რომ სტრასბურგში რუსეთს სასამართლო პროცესს მოუგებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სოსო ვახტანგაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკოსები საზოგადოებასთან საჯარო დისკუსიებს მართავენ და პოლიტიკური მოვლენების შესახებ საკუთარ ხედვას აცნობენ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი 2008 წელს დაფუძნდა. კლუბი აერთიანებს პოლიტიკის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობათა, კონფლიქტოლოგიის, დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნისთვის სხვა აქტუალური საკითხების ანალიზში სისტემატიურად ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტების ძალისხმევას.

კლუბის ძირითადი მიზანია აქტიურად ჩაერთოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებათა პროცესში, გახადოს იგი საჯარო და დაინტერესებულ საზოგადოებას მასში თანამონაწილეობის საშუალება შესთავაზოს, შეეცადოს არსებული ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრაციას ქვეყნის წინაშე წარმოქმნილ გამოწვევათა დასაძლევად, თემატური დიალოგების ინიცირებას სახელისუფლებო და საერთაშორისო სტრუქტურებთან, საზღვარგარეთელ კოლეგებთან.

დამოუკიდებელი ექსპერტები საჯარო დისკუსიებით მთელ საქართველოს მოივლიან.
XS
SM
MD
LG