Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში 60-მდე ოჯახს წლებია სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობას დღემდე საკუთარ ეზოებში გათხრილი ჭის წყლით უწევდა სარგებლობა, თუმცა მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში ახალი სახეობის მატლის -„ოქროკუდას“ - გავრცელების შემდეგ ჭის წყალი ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიქნა. მოსახლეობამ ახალი სახეობის მავნებელი არა მარტო მცენარეებზე, ჭაშიც მრავლად შენიშნა. ამიტომ ისინი სასმელ წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან. შუა ქვალონის მოსახლეობისთვის გაუგებარია რატომ ვერ მოხდა წლების განმავლობაში სოფლისთვის წყლის მიწოდების აღდგენა, მით უმეტეს, რომ შუა ქვალონში ცენტრალური წყლის მაგისტრალი გადის, რითაც ფოთის მოსახლეობა მარაგდება. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხობის გამგეობას, მაგრამ, მათი თქმით, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება.

„მე არ მახსოვს აქ – შუა ქვალონში - წყალი რომ იყო. ბავშვებს რომ დავალევინო ნორმალური სასმელი წყალი, ასეთი აქ არ არსებობს. მატლებით არის სავსე ჭა. მყავს მცირეწლოვანი ბავშვები და წყალს ვერ ვასმევ.“

„ჩვენ სოფლის გამგებელს ვუთხარით, როგორმე მილები გააკეთოს, წყალი რომ გამოუშვან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის“, – ამბობს შუა ქვალონის მოსახლეობა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა ღურწკაიას განცხადებით, შუა ქვალონის მოსახლეობასთან რამდენიმე დღეში კონკრეტული წინადადებებით მივლენ გამგეობის წარმომადგენლები, რადგან წყლის პრობლემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. რაც შეეხება მავნებელს, გამგებლის თქმით, მასთან ბრძოლა უკვე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება.

„სერიოზული პრობლემაა დღესდღეობით, იმიტომ რომ გარკვეული არ არის, თუ საიდან მიიღებენ წყალს, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და ცოტა ხანში დავადგენთ, თუ როგორ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა გოგა ღურწკაიამ. მისივე განმარტებით, გამგეობა მოსახლეობას ყველა სოფელში მცენარეების შესაწამლად ზურგსაკიდ აპარატებსა და შხამ-ქიმიკატებს ურიგებს, რათა მოსახლეობამ თავად შეწამლოს თავისი საკარმიდამო ნაკვეთები.

თავის მხრივ, მოსახლეობა მავნებლის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო ღონისძიებებს უშედეგოს უწოდებს. მათი თქმით, მიუხედავად შეწამვლითი სამუშაოების ჩატარებისა, სოფელში მავნებლის რაოდენობა არ შემცირებულა.
XS
SM
MD
LG