Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 10 ივლისი


10 ივლისის ქართული პრესის მიმოხილვა გაზეთ „24 საათით“ დავიწყოთ. გამოცემა თავდაცვის ახალ და განათლების ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში დიმიტრი შაშკინი ადასტურებს ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ის 1996 წელს ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ახალციხის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, და ამატებს: ” მე შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვმუშაობდი და სამხედრო წოდებაც (ლეიტენანტი) მაქვს. ეს სფერო ჩემთვის განსაკუთრებით ახალი არ არის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც ახალ თავდაცვის სისტემაში მსახურობენ. ჩვენ, ამ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ.”

დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი სლოგანიც კი ექნება: ”არც მშვიდობიან დროში და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ”. მინისტრი „24 საათთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ”დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებს - რა უნდა შევთავაზოთ ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს”.

დიმიტრი შაშკინი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას მის მოადგილეებთან დაკავშირებიათ:

”ჩემს პირველ მოადგილედ კოკა სეფერთელაძე დაინიშნა. ის არის ადამიანი, რომელთან ერთადაც 2009 წლიდან ვმუშაობ. კოკა პროფესიონალია, რომელსაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, რაც მნიშვნელოვანია. მას სრულიად ესმის, რამდენად რთული და მნიშვნელოვანი ამოცანები დგას ჩვენ წინაშე. პრემიერ-მინისტრის მადლობელი ვარ, მან ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და ჩემს მოადგილედ ასევე დაინიშნა ჩემი მეგობარი დათა ახალაია. ჩვენ ერთად ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების სისტემიდან 2009 წელს დავიწყეთ მუშაობა - ორივე ძალოვან უწყებაში ვიყავით და, ბუნებრივია, კონტაქტი გვქონდა”.

გაზეთი „რეზონანსი“ წერს, რომ 600 ათასი ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ”ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წინასწარი მონაცემებით,- ვკითხულობთ გამოცემაში, - ქვეყანაში შიდა მიგრაცია 18-20 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის რეგისტრატორების მიერ გადამოწმებული 3 437 314 ადამიანიდან დაახლოებით 600 ათასი საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე არ ცხოვრობს. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნების დღეს უბნებზე ვერ გამოცხადდება”.

”ახალი თაობა“ წერს, რომ „სამოქალაქო ფრონტის“ ხელმძღვანელი ჯაბა ჯიშკარიანი ახალ ”კმარას” ქმნის. ორგანიზაციის მიზანი იქნება არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის ხელის შეშლა. „ახალ თაობაში“ ნათქვამია, რომ ჯაბა ჯიშკარიანმა საქართველოს ახალგაზრდებს მოუწოდა ”ჩაერთონ ამ პროცესში, რათა დაიცვან თავიანთი არჩევანი და თავიანთი თავისუფალი მომავალი”.

ბოლოს ისევ „რეზონანსს, უფრო სწორად, გამოცემის დამატებას -”ბიზნეს რეზონანსს” - შევეხოთ, სადაც ვკითხულობთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ ნახევარი მილიარდი დოლარის ვალი აიღო. მაისში მთავრობა სოლიდური ვალების მქონე ”საქართველოს რკინიგზის” აქციების 25%-ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებას გეგმავდა, თუმცა გეგმა ჩავარდა”,- წერს ”ბიზნეს რეზონანსი”. – „ამიტომ რკინიგზამ ძველ ხერხს მიმართა და 4 ივლისს 500 მილიონი დოლარის ობლიგაცია გამოუშვა. ”საქართველოს რკინიგზის” ვალი 1 მილიარდ დოლარს გადასცდა. სპეციალისტების ვარაუდით, ჩნდება საშიშროება, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი იძულებით ვალებში გაიყიდოს”. - სტატიას საქართველოს რკინიგზის ვალების შესახებ გაზეთ „რეზონანსის“ 10 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG