Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 24 ივლისი


“მღვდელი და პოლიტიკა - წინასაარჩევნო ქადაგებები” – “რეზონანსის” ავტორი დაინტერესდა რა შეიძლება გამოიწვიოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვამ და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ქადაგებებმა. “რეზონანსი” ამის რამდენიმე მაგალითს შეახსენებს მკითხველს. პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს გაზეთისთვის უთქვამს: “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასულიერო პირს შეიძლება ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მისი განცხადებების გამო არ უნდა მოხდეს მრევლის დაყოფა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მღვდლის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს არის ეკლესიის პოზიცია”.

ეკლესიის თემაზე სათაურებს “ალიის” პირველ გვერდზეც ნახავთ. - “რაზე ესაუბრა სააკაშვილი პატრიარქს დახურულ კარს მიღმა?!” - ინტერესდება ავტორი და კითხვაზე პასუხს სამების საკათედრო ტაძრის დიაკონ მამა ელიზბარისგან ელის. ის კი პასუხობს: “ეგ არავინ იცის! ჩვენ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ!.. რახან განმარტოვდნენ, ე.ი. სხვას არავის უნდა გაეგო მათი საუბრის შინაარსი”. “ალიაშივე” – “მღვდლებს ქუჩაში ანაფორით სიარული აუკრძალეს!!!” - ეს კი არის აჭარის “სახალხო კრების” თავმჯდომარე ცისკარ გოგიტიძისა და “თავისუფალი საქართველოს” ლიდერ გია ყრუაშვილის კომენტარების საერთო სათაური. ისინი ჰყვებიან, რომ აჭარასა და იმერეთში მღვდლებს ავიწროებენ.

“საქართველოს რესპუბლიკა” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ინტერვიუს ბეჭდავს: “დღევანდელი საპროტესტო მუხტი და პოლიტიკური განწყობილებები არჩევნებზეა კონცენტრირებული. ეს კი ნიშნავს, რომ უბრალო ადამიანები ბოლომდე იბრძოლებენ თავისი ხმების დასაცავად. ხელისუფლება გრძნობს ამას და იმასაც ხედავს, თუ რამდენად საშიშია მისთვის მოვლენების ამგვარი განვითარება. ამიტომაც ცდილობს და კვლავაც შეეცდება, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებს გარეთ გაიტყუოს”, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: “სხვათა შორის, მერაბიშვილმა ძალიან თავშეკავებული განცხადება გააკეთა ივანიშვილთან მიმართებაში. თქვა, რომ ის პოლიტიკოს ივანიშვილს არ იცნობს. მას შეეძლო ეთქვა ივანიშვილზე რუსული პროექტიაო და ა.შ., როგორც მისი თანაგუნდელები აცხადებენ, მაგრამ ამაზე ვერ წავიდა. მერაბიშვილი ნიკა რურუაზე ვაჟკაცურად მოიქცა, რომელმაც უმადურობა გამოავლინა და განაცხადა: რაც ივანიშვილმა გააკეთა, უხარისხოაო”.

ტელეკომპანია “მაესტროსთვის” ვანო მერაბიშვილის მიერ ინტერვიუს მიცემას იხსენებს “ახალი თაობის” კიდევ ერთი ავტორი, რომელიც მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებისთვის ახალი რეჟიმის დაწესებას შეეხება. “გილაურისგან განსხვავებით, მან ჟურნალისტებს უარი უთხრა, რომ მათ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა განახორციელონ და მინისტრებს კითხვები დაუსვან. მეტიც, ახალმა პრემიერმა მე-12 სართულზე მუშაობაზეც უარი გვითხრა”, - წერს “ახალი თაობის” ავტორი.

ჟურნალისტების მიერ მთავრობის სხდომების გაშუქების ახალ წესზე წერს “24 საათიც”. გაზეთისთვის მთავრობის პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს უთქვამს, რომ “მთავრობის სხდომაზე მხოლოდ შტატივიანი კამერები შევა, რომლებიც კადრებს “აკრეფენ”, ანუ მთავრობის სხდომის “შესავალ ნაწილს” გადაიღებენ. სხვა მედიასაშუალებებს, რომლებიც შტატივიანი კამერებით არ მუშაობენ, ასევე ფოტოგრაფებს სხდომაზე არ უშვებენ. სხდომის ფოტოებს თავად პრესსამსახური გაავრცელებს”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG